WOLT-ი COVID-19-ის პანდემიას თვალს 22 ქვეყნის ბაზარზე უსწორებს – მათ შორის, საქართველოშიც.
11 მაისი საქართველოში Wolt-ის დაბადების დღეა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიტანის სერვისი ჩვენს ქვეყანაში ზუსტად 2 წლის წინ შემოვიდა და მას შემდეგ ვითარდება. ბევრი სხვა კომპანიისგან განსხვავებით, კორონავირუსი Wolt-ს ვერ მოერია, პირიქით, მსოფლიო პანდემიამ კომპანიის განვითარების პროცესი მხოლოდ დააჩქარა – როგორც გლობალურად, ისე ადგილობრივ ბაზარზეც.
Wolt-ის მთავარი რიცხვები ასეთია: 22 ქვეყანა; 60 ქალაქი; 10 ათასზე მეტი პარტნიორი რესტორანი; 20 ათასზე მეტი პარტნიორი კურიერი და 5 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი; ინვესტორებისგან – მათ შორის, ICONIQ Capital-ისაგან და Nokia-ს თავმჯდომარისგან – მოზიდული 150 მილიონი ევრო და Financial Times-ის 2020 წლის ევროპის ყველაზე მზარდი 1000 კომპანიის რეიტინგში დამსახურებული მეორე ადგილი.
2014 წელს ფინეთში დაარსებულ კომპანიაში დღეს ჯამში 900 ადამიანი მუშაობს, თუმცა ეს რიცხვი სულ მზარდია. 2018 წელს, როცა Wolt-ი საქართველოში შემოვიდა – კომპანია მხოლოდ 6 ქვეყანაში იყო წარმოდგენილი და ჯამში 150 ადამიანს ასაქმებდა.
უკვე 2 წელია, Wolt-ის გენერალური მენეჯერი საქართველოში ნატალია ხიზანიშვილია – ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის სფეროში 13-წლიანი გამოცდილებით. COVID-19-ის გავლენით, ჩვენი ინტერვიუ ვირტუალურ სივრცეში – ZOOM-ში შედგა.
ნატალია ხიზანიშვილთან ინტერვიუს შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ყოველთვის, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, გამოწვევებთან ერთად, შესაძლებლობებიც არსებობს. მთავარია მათი დანახვა და გამოყენება.
რა შეცვალა “ვოლტისთვის“ COVID-19-ის დღის წესრიგმა?
COVID-19-მა ყველა კომპანიის მუშაობის პრინციპები შეცვალა – მათ შორის, ჩვენიც და რამდენიმე მიმართულებით: პირველი – ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია, ვასრულებთ დისტანციურად – დისტანციურად მუშაობს ჩვენი მხარდაჭერის გუნდი. ასევე პარტნიორი კურიერების ტრენინგებსაც დისტანციურად ვატარებთ. ბევრ ახალ პარტნიორთან ვმუშაობთ, რომლებიც თვალით არ გვინახავს. ეს ძალიან საინტერესოა და, ალბათ, რაც ვისწავლეთ ამ პერიოდში ნამდვილად გაზრდის ჩვენს ეფექტიანობას უკვე პოსტპანდემიურ პერიოდშიც.
ცოტა უფრო დავაზუსტოთ: დღეს რას მიიჩნევთ თქვენ, კომპანიის გენერალური მენეჯერი, მთავარ გამოწვევად?
მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ხვალ. არ ვიცით, რა იქნება მომავალი კვირების განმავლობაში. ერთადერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ მომავალი ბუნდოვანია და ამიტომ სწრაფი რეაგირებისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. არ ვიცით, რამდენ ხანში დასრულდება ეს გამოწვევა მსოფლიოში და არც ის მგონია, რომ დღეს ვინმეს შეეძლოს იმის ზუსტად თქმა, თუ რა გრძელვადიანი შედეგები შეიძლება გამოიღოს ამ კრიზისმა.
რასაც ამ ეტაპზე ანალიტიკოსებს ვუსმენთ, პრინციპში ნათლად იკვეთება, რომ გავლენა მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი იქნება ბიზნესის წარმოებაზე და მის ყველა ასპექტზე: კომპანიებზე, თანამშრომლებზე, მომხმარებელზე, სისტემებზე – თქვენ თუ ელოდებით ამ ან სხვა ტიპის ფუნდამენტურ ცვლილებებს უკვე პოსტპანდემიურ ბაზარზე და უკვე დღეს თუ ემზადებით ამ ცვლილებებისთვის?
მნიშვნელოვანი ცვლილებების დიდ ნაწილს უკვე დღეს ვაკვირდებით. იცვლება მომხმარებლის ქცევა. იცვლება ბიზნესის პასუხიც. პოსტპანდემიური პერიოდისთვის, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ კიდევ უფრო მეტი მომსახურება გადავა ციფრულ სფეროში – ან უფრო მეტი მომხმარებელი დღეს, იმის გამო რომ სხვა გზა არა აქვს, გამოიყენებს ვირტუალურად რომელიმე სერვისს, როგორიც არის, მაგალითად, საკვების მიტანა – ამ ადამიანების სამომხმარებლო ჩვევები აუცილებლად შეიცვლება და მათი დიდი ნაწილი მომავალშიც გააგრძელებს ამ მომსახურების ამავე ფორმით მიღებას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება და ამ ცვლილებებისთვის ყველა კომპანია უნდა მოემზადოს – მათ შორის,
ჩვენც ვემზადებით: აგვყავს ახალი თანამშრომლები; ვავითარებთ ტექნოლოგიას, რადგან მთავარი პასუხი ამ ცვლილებებზე დღეს სწორედ ტექნოლოგიაა – ჩვენმა ტექნოლოგიამ მოგვცა იმის საშუალება, რომ გავაგრძელეთ ოპერირება 22 ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც; შეუფერხებლად ვაგრძელებთ საკვების მიტანას და დღეს უკვე ვფიქრობთ, რომ პანდემიამ და ჩვენმა ტექნოლოგიურმა პასუხებმა მასზე ბევრი ისეთი მიმართულებაც გამოავლინა, რომლებიც საქართველოში ამ დრომდე აუთვისებელი იყო. ვფიქრობთ, რომ მომავალში ამ მიმართულებებით მეტი კომპანია დაინტერესდება და მათ ათვისებას დაიწყებს. პოსტპანდემიურ პერიოდში, ვვარაუდობ, რომ ბაზრის ზომა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ტექნოლოგიურ განვითარებაზე როცა საუბრობთ, ფუნდამენტური სისტემური გადაწყობა დაგჭირდათ იმისთვის, რომ ცვლილებებს მორგებოდით და კომპანიის მოქნილობა გაგეზარდათ?
რა თქმა უნდა. პირველი იყო ის, რომ ჩვენ დავიწყეთ უკონტაქტო მომსახურება – ანუ მიტანის დისტანციური სერვისი – მომხმარებელს ვუკაკუნებთ და მივდივართ. ეს იყო ახალ რეალობას მორგებული პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიის მიმართულებით. მეორე – თუ ადრე მხოლოდ რესტორნებთან ვთანამშრომლობდით, ახლა დავიწყეთ სუპერმარკეტებთან და, პრაქტიკულად, ყველა ტიპის კომპანიასთან თანამშრომლობა – მიგვაქვს ყველაფერი, რის მიტანის საშუალებაც გვაქვს, და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით მომავალშიც მხოლოდ ზრდაზე ვიქნებით ორიენტირებულები.
რაც, თავის მხრივ, მართვის თვალსაზრისითაც მეტი ძალისხმევის გაწევას გულისხმობს. თქვენ ამ კომპანიის გენერალური მენეჯერი ხართ – რა შეიცვალა ამ მიმართულებით თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში – გართულდა თუ არა რეალურად დღეს თქვენი სამუშაო?
სიმართლე გითხრათ, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს პერიოდი. მაგალითად: როგორ შეიძლება თანამშრომლები დაასაქმო დისტანციურად და შემდეგ ამ თანამშრომლების მოტივაციაზე იზრუნო ასევე დისტანციურად. სულ ვსწავლობთ – მაგალითად, როგორ შეიძლება ZOOM-ით მოვახდინოთ გუნდის შეკრება და თუნდაც მიღწევის აღნიშვნა ასევე დისტანციურად. ეს, როგორც გამოწვევა, ასევე დიდი და ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის. Wolt-ის გლობალური გუნდის წევრები ასე კიდევ უფრო მეტად დავახლოვდით. აქაც – ადრე თუ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვიკრიბებოდით გუნდი სასაუბროდ, რადგან ისედაც ყოველდღე გვქონდა ერთმანეთთან პირისპირ კონტაქტი და მიმდინარე საკითხებზე ჩვენს მოსაზრებებს ასე პირდაპირ რეჟიმში ვუზიარებდით ერთმანეთს, ახლა ფაქტობრივად ყოველი დღე იწყება იმით, რომ ერთმანეთს ვხვდებით დისტანციურად, მოვიკითხავთ და შემდეგ ვიწყებთ უკვე საქმეზე საუბარს. ამიტომ რაღაც კუთხით კიდევ უფრო მეტად დავახლოვდით, კიდევ უფრო სისტემურები გავხდით…
გამოდის, არსებობს რაღაც გაკვეთილებიც, რაც შეგიძლიათ ისწავლოთ ამ საკმაოდ მძიმე პერიოდში…
კი, ნამდვილად ასეა.
გლობალურობა რამდენჯერმე ახსენეთ. 22 ბაზარზე ხართ წარმოდგენილი. რა მსგავსება-განსხვავებები შეიძლება დავინახოთ ამ ქვეყნების მაგალითზე – თუნდაც, სად უფრო ადვილია ცვლილებებთან ადაპტაცია?
ბევრი ქვეყანა ერთმანეთს ჰგავს. თუმცა მათ შორის საკმაოდ დიდი განსხვავებებიც არის. ერთი, რაც უდავოდ საინტერესოა – პატარა კომპანია ვართ, სულ 900 ადამიანი ვმუშაობთ, მათი დიდი ნაწილი სათავო ოფისშია – ფინეთში და რასაც ვაკვირდებით, მაგალითად, თუ საქართველოში მოთხოვნა არ იყო შაბათ- კვირას, COVID-19-მა ის შეცვალა, რომ დატვირთვა გაიზარდა და ყოველი დღე მოიცვა . ევროპაში, პირიქით, თუ შაბათ- კვირას იყო ყველაზე დიდი დატვირთვა, დანარჩენ დღეებზეც გადანაწილდა. ამ 22 ქვეყნის წარმომადგენლები ბევრი მიმართულებით ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებასა და ცოდნას.
ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ: გლობალურობა დღეს ხელის შემშლელი ფაქტორი უფროა თქვენთვის, თუ, პირიქით, ხელის შემწყობი?
ჩვენი ერთ- ერთი ძლიერი მხარე ის არის, რომ ყველა ქვეყანა დამოუკიდებელია, ანუ ყველა ქვეყანას ჰყავს გენერალური მენეჯერი, რომელიც თავისი ქვეყნის ოპერაციებს სრულად მართავს და ჩვენს შემთხვევაში გლობალურობა ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ეს, რა თქმა უნდა, ხელის შემწყობი ფაქტორია, რადგანაც, თუ რამეს ვისწავლით საქართველოში, ეს სხვა ქვეყნებშიც გამოადგებათ და თუ რამე მათ ისწავლეს, ჩვენც გავითვალისწინებთ – ამიტომ ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება წინა ხაზზე გადმოდის, რაც ცალსახად დადებითი ფაქტორია. კიდევ ერთი მომენტი აქ ის არის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთანაც ვთანამშრომლობთ როგორც ერთი გუნდი, თუმცა ყველა ქვეყანა მაინც დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებაში.
რა გადაწყვეტილებებს მიიღებს კომპანია და როგორი იქნება მომხმარებლის ნდობა – ამას ალბათ პოსტპანდემიურ პერიოდში ოქროს ფასი დაედება. მათ შორის, მომხმარებელი კიდევ კარგა ხანს მთავარ ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება მისთვის კომპანიის სერვისებით თუ პროდუქტებით სარგებლობა. საინტერესოა, როგორ ართმევთ თავს ამ ამოცანას დღეს და რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს ნდობა პანდემიის გადავლის შემდეგაც შეინარჩუნოთ?
ჩვენი აზრით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ისეთი მომსახურება გაუწიო, რომელსაც ის არ ელოდება. მთავარია, ეცადო ყოველთვის გადააჭარბო მის მოლოდინებს. აქედან გამომდინარე, ყველა ის შეხების წერტილი, რაც მომხმარებელს ჩვენს კომპანიასთან აქვს, უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ის ელოდება და წინაზე უკეთესი. აი, ასე ვცდილობთ, მომხმარებლების ნდობა მოვიპოვოთ. მათ შორის, ვთქვათ, მობილური აპლიკაცია უნდა იყოს მარტივი და კომფორტული მოსახმარი; მიტანის დრო უნდა იყოს საკმარისად მოკლე, ასევე ხარისხი და ის კომუნიკაცია, რაც გვაქვს მომხმარებელთან, უნდა იყოს თანამიმდევრული და მაღალი დონის. ამდენად, ჩვენი კომპანიის ფილოსოფიაა, რომ ჩვენი საქმიანობის სრულ ციკლში ყველა იყოს ბედნიერი – მათ შორის, ჩვენი პარტნიორი კურიერები, რესტორნები, მარკეტები – ზოგადად, ობიექტები და მომხმარებლები. ყველა ეს მიმართულება ძლიერად უნდა იდგას ფეხზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მომსახურების ხარისხზე მუდმივად ვფიქრობთ და ვმუშაობთ: ვაუმჯობესებთ, ვაიდენტიფიცირებთ და ვასწორებთ ყველა ხარვეზს და ამაზე მთელი კომპანია მუშაობს.
და ამ ყველაფერს მერე ალბათ ზომავთ კიდეც. ამიტომ საინტერესო იქნება, თუ გვეტყვით, როგორია მომხმარებლის თვალით დანახული Wolt-ი და აქვე, რაზეა დღეს მომხმარებლის მოთხოვნა ყველაზე მაღალი – ამ მხრივ თუ შეცვალა რამე პანდემიამ? ჩვენი საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ გამოჩნდა ისეთი ახალი მიმართულებები, რაც მომავალშიც ბაზრის ზრდას გამოიწვევს…
ტექნოლოგიური კომპანია ვართ, ყოველდღიურად ვართ დამოკიდებული მონაცემებზე და მუდმივად ვამუშავებთ მათ. პირველი – ეს არის მიტანის საშუალო დრო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ჩვენი კომპანიის სტანდარტს, რაც დაახლოებით 30-35 წუთის ფარგლებშია – აქ იგულისხმება სრული ციკლი შეკვეთიდან – მიტანამდე. მეორე – ეს არის მხარდაჭერის გუნდი, ანუ ჩვენ ვთვლით, რომ რეალურ დროში ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერა, მით უმეტეს, როდესაც სწრაფ მომსახურებაზე არის საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია – თქვენ რამდენიმე წუთსაც კი არ მოგიწევთ ლოდინი, წამები გვაქვს საშუალო პასუხის დრო – და აი, ამ წამებში ვცდილობთ, რომ პირველ რიგში, მომხმარებელს ვუპასუხოთ ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში და დაახლოებით ორი წუთის ფარგლებში დავხუროთ ეს პრობლემური საკითხები და ამით ჩვენი მომსახურება გავაუმჯობესოთ. და მესამე – დავამატოთ ის მიმართულებები, რაც მომხმარებლებს სჭირდებათ. საქართველო იყო ერთ- ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც Wolt-ში სუპერმარკეტებიდან პროდუქტების მიტანა დაიწყო და სუპერმარკეტებიდან პროდუქტის მიტანა ბიზნესის სწრაფად მზარდი წილია. ეს შედარებით ახალი მომსახურებაა, თუმცა ერთი თვეც არ არის გასული, რაც დავიწყეთ და ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.
და ეს მართლაც COVID-19-ის მონაპოვარია – ასე რომ ვთქვათ, რომ არა პანდემია, შესაძლოა, კიდევ დიდხანს არ გამოსულიყავით კომფორტის ზონიდან და ამ მიმართულებისთვის ყურადღება არც მიგექციათ…
დიახ. COVID-19-ის გამოწვევა იყო. ამ მომსახურების სწრაფი დამატებაც, მათ შორის, გამოწვევა იყო, იმიტომ რომ არ ვიყავით საწყის ეტაპზე ტექნოლოგიურად მზად – თუმცა ახალ რეალობას სწრაფად მოვერგეთ და ამ მიმართულებაში ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ. მთავარი აქ ის არის, რომ სუპერმარკეტებიდანაც ისევე სწრაფად მიგვაქვს მომხმარებელთან შეკვეთა, როგორც რესტორნებიდან.
გამოდის, ამ გადაწყობამ, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან მოკლე პერიოდში მოგიწიათ, ხარისხი არ დააზარალა?
იყო მომენტები, როდესაც გვქონდა პრობლემები, რადგან რეგულაციებთან ადაპტაციას გარკვეული პერიოდი დასჭირდა, მაგალითად, სამუშაო საათების ცვლილების შემდეგ შეკვეთები მოკლე დროზე გადანაწილდა. დღეს ეს პრობლემები აღმოფხვრილია, თუმცა ამით არ ვკმაყოფილდებით – ვმუშაობთ პარტნიორი კურიერების დამატებაზე. თუ გავჩერდებით, უკან წავალთ და ჩვენი ხარისხი დაიკლებს, ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ ყოველდღიურად დავიმატოთ პარტნიორების საჭირო რაოდენობა და შეუფერხებლად განვაგრძოთ მუშაობა.
რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა გაიხსნას?
ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ არის COVID-19. საკმაოდ რთულ პერიოდში მოგვიწია ჩვენც და ყველა დანარჩენ კომპანიასაც მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რესტორნები სრული რაოდენობით დაბრუნდნენ ბაზარზე. ეკონომიკის ჩაკეტვა აქაც და მთელ მსოფლიოშიც გრძელვადიან პრობლემებს ქმნის. ჩვენც ამ ეკონომიკის ნაწილი ვართ და, ცხადია, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა სრული დატვირთვით რაც შეიძლება მალე ამუშავდეს. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ბიზნესის ზრდაზე ორიენტაციით არ იყო გამოწვეული, ჩვენ ვიგრძენით ძალიან დიდი პასუხისმგებლობა – ამ სიტუაციაში მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო შექმნილ ვითარებაზე ასეთი სწრაფი რეაგირება და ჩვენი მომხმარებლისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზება, კვლავ ჩვენი ტექნოლოგიების და გამართული ინფრასტრუქტურის ხარჯზე.
რას ელოდებით მომავლისგან?
ჩემთვის დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ, ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ბაზარზე დავრჩით და მუშაობა განვაგრძეთ. მომავალი ცოტა ბუნდოვანია, რადგან ჯერ კიდევ არავინ იცის, ხვალ რა იქნება, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს თანამშრომლებს მივცეთ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა – ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. გვაქვს გრძელვადიანი გეგმები, როგორ განვავითაროთ ბიზნესი და დავეხმაროთ იმ კომპანიებს, რომლებიც COVID-19-ის შედეგად დაზარალდნენ და, ჩვენთან ერთად, მათაც მივცეთ განვითარების საშუალება.
მსჯელობის ეს ხაზი მინდა, ცოტა უფრო მეტად გავშალოთ, რადგან COVID-19-ის პირობებში აშკარად გამოჩნდა, რომ ბიზნესი პროაქტიურად ცდილობს, შეამსუბუქოს მის წინაშე არსებული რეალობა – იქნება ეს წარმოების გადაწყობით, StopCov ფონდთან თანამშრომლობით თუ ინდივიდუალური პლატფორმების შექმნით, მაგალითად, როგორიც არის 1anoba. ge და ა.შ. – თქვენ რა წვლილი შეგაქვთ ამ საქმეში და როგორ?
ჩვენი როლი, პირველ რიგში, არის ის, რომ საშუალება მივცეთ იმ კომპანიებს, ვისაც დღეს არა აქვს მიტანის მომსახურება, თავიანთი პროდუქტი მიაწოდონ მომხმარებლებს. მზად ვართ, გავზარდოთ პარტნიორების რაოდენობა და ამით შევუწყოთ ხელი ბიზნესის განვითარებას. გარდა ამისა, გვინდა, ჩვენს პარტნიორ კურიერებს მივცეთ შეკვეთების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ მათ ამ რთულ ვითარებაში მუშაობის გაგრძელება შეძლონ – არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ გავზარდოთ სამუშაო ადგილები.
სახელმწიფოსგან თუ გჭირდებათ რაიმე ტიპის დახმარება ახლაც და შემდეგაც – პოსტკრიზისულ პერიოდში?
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმ პერიოდში, როცა ბევრ სხვა კომპანიას ეს არ შეუძლია, ჩვენ არ მოგვითხოვია და არც მოვითხოვთ სახელმწიფოს დახმარებას. ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ნაწილში ეკონომიკური აქტივობის მაქსიმალური აღდგენა მოხდეს. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის გზებს ერთად იპოვიან და რესტორნების სფერო ამოქმედდება ისე, რომ ამ მიმართულებით დანაკარგები მინიმალური იქნება.
ანტიკრიზისულ გეგმაში მოცემული ეკონომიკის ნაწილობრივ გახსნის გზამკვლევი ამ მხრივ ზრდის პროგნოზირებადობას და მეტი დაგეგმვის საშუალებას გიქმნით?
ძალიან კარგია, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ესეც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ არსებული გეგმის მიხედვით, ჩვენც უკვე მოვამზადეთ ჩვენი გამოსვლის გეგმა – ეტაპები, რომ ოფისში დავბრუნდეთ – ამისთვის აქტიურად ვემზადებით, რა თქმა უნდა, მთელი კომპანია და ამაში სწორედ ეს გზამკვლევი გვეხმარება. ახლა მთავარია, რომ ეს ეტაპები არ დაირღვეს და ამისთვის საჭიროა, გავაგრძელოთ ფიზიკური დისტანცირება და დავრჩეთ სახლში მანამ, სანამ ეს აუცილებელია.