ტურისტული ატრაქციონები, რომლებსაც 2022 წელს ვერ მოინახულებთ

ტურისტული ატრაქციონები, რომლებსაც 2022 წელს ვერ მოინახულებთ

მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს მრავალი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მოგზაურთათვის 2022 წელს გაიხსნება. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არის ადგილები, რომელთა მონახულებას მომავალ წელს ვერ მოახერხებთ. ზოგიერთი ამ ტურისტული ადგილის განახლება ან მშენებლობა მიმდინარეობს, შესაბამისად, 2022 წელს ისინი ვიზიტორებს ვერ უმასპინძლებენ. თუმცა სანერვიულო არაფერია, რადგანაც CNN-მა ამ მიმართულებების ალტერნატიული ვარიანტები შემოგვთავაზა.

2022 წელს შეერთებულ შტატებში სმითსონის საჰაერო და კოსმოსური მუზეუმის (ვაშინგტონი, DC) მონახულებას ვერ მოახერხებთ.  აშშ-ის დედაქალაქის ეს პოპულარული მუზეუმი შვიდწლიანი რემონტის შუა ფაზაშია, 23-ვე საგამოფენო სივრცე სრულად განახლდება და  ახალ საპრეზენტაციო სივრცეებსა და ატრაქციონებს წარმოგიდგენთ.

თუმცა, შეგიძლიათ ეს პერიოდი სხვა მსგავსი ადგილების მოსანახულებლად გამოიყენოთ. სმითსონიანი მართავს მრავალ მუზეუმს მთელ ვაშინგტონში, მათ შორის ჰირშჰორნის მუზეუმს, სკულპტურების ბაღსა და აფრიკულ-ამერიკული ისტორიისა და კულტურის ეროვნულ მუზეუმს. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა ფეხით სავალ მანძილზეა საჰაერო და კოსმოსური მუზეუმიდან.

ჰაიკუს კიბეები – ეს ულამაზესი საფეხმავლო ბილიკი ოაჰუზე, რომელსაც ხანდახან  „სამოთხის კიბესაც“ უწოდებენ, 1980-იანი წლებიდან საზოგადოებისათვის დაკეტილია, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ბევრ ტურისტს იქ უკანონოდ შეპარულიყვნენ. შემოდგომაზე ჰონოლულუს საქალაქო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი კიბის სამუდამოდ მოხსნას. მისი დემონტაჟი 2022 წელს იგეგმება. თუ უკვე ოაჰუზე იმყოფებით, ჰაიკუს სახიფათო კიბეების ნაცვლად Ehukai Pillbox Hike-ის მონახულებას გირჩევთ.

რუზველტის სასტუმრო (ნიუ იორკი) – მანჰეტენის   ერთ-ერთმა ცნობილმა სასტუმრომ თავის ბოლო სტუმრებს 2020 წელს უმასპინძლა მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი საუკუნის ნიშნულს მიაღწია. როდესაც ნიუ-იორკი ხელახლა გაიხსნება, დაათვალიერეთ ან დარჩით Midtown-ის სხვა კლასიკურ სასტუმროში, როგორიცაა Plaza  ან Knickerbocker-ი. თუმცა, რუზველტის შენობა ჯერ კიდევ იქ არის, ასე რომ, შეგიძლიათ გახვიდეთ და მისი არქიტექტურა დაათვალიეროთ.

ევროპაშიც აღმოჩნდა ადგილები, რომლებსაც 2022 წელს ვერ მოინახულებთ. ერთ-ერთი მათგანი სტალჰეიმსკლეივის ბილიკია ნორვეგიაში. სკანდინავიის ერთ-ერთი ყველაზე ციცაბო გზა, Stalheimskleiva Trail-ი ორ თვალწარმტაც  ჩანჩქერს აკავშირებს, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ Nærøydalen-ის ხეობაში მდებარეობენ. ამჟამად ბილიკზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, მისი ხელახალი გახსნის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

საბედნიეროდ, ნორვეგია ლამაზი ადგილების ნაკლებობას არ განიცდის. შეგიძლიათ მოინახულოთ ლოფოტენის „სკანდინავიური სანაპირო კუნძულები“ ან ჩრდილოეთის შორეული კუნძული ფლეინვერი და დარჩეთ ხის კაბინებში, რომლებიც ხელუხლებელი ბუნებითაა გარშემორტყმული.

ლონდონში ბევრი თვალწარმტაცი სანახაობაა, მაგრამ ადგილობრივები სიამოვნებით შეხვდნენ 2021 წლის ივლისში გახსნილ ახალ ატრაქციონს. Marble Arch Mound-ი დაგეგმილი იყო, როგორც ადგილი ხელოვნებისათვის ჰაიდ-პარკის ხედებით, თუმცა საბოლოო შედეგი ძალიან განსხვავდებოდა მოლოდინისაგან.  Marble Arch Mound-ი ხელახლა აგვისტოში გაიხსნა, თუმცა 2022 წლის იანვარში სამუდამოდ დაიხურება.

ლონდონის ხედებით ტკბობის სიამოვნება კვლავ გექნებათ. გრინვიჩი სამხრეთ ლონდონში სამეფო ობსერვატორიის სახლია. პრაიმ (ნულოვანი) მერიდიანისა და კატი სარკის გემის დათვალიერების გარდა, გრინვიჩის პარკის გავლით ობსერვატორიამდე გასეირნება ქალაქის ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალებას მოგცემთ.

თუ აზია-წყნარ ოკეანეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ჰონგ-კონგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა – პიკის ტრამვაი, რომელსაც მნახველები კუნძულის უმაღლეს წერტილამდე მიჰყავს, დახურული დაგხვდებათ. წითელი ლითონის მანქანების დებიუტი 1989 წელს შედგა,  ფუნიკულიორის 100 წლის იუბილეზე. ტრამვაი 2021 წლის ივნისში განახლებისთვის დაიხურა და მისი გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

იაპონელი მხატვარი იაიოი კუსამა ცნობილია თავისი უზარმაზარი გოგრის ქანდაკებებით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი კაშკაშა-ყვითელი გოგრაა, „ხელოვნების კუნძულის“ დოკზე, სეტოს შიდა ზღვაში. აგვისტოში ძლიერმა ტაიფუნმა გოგრა ზღვაში გადაიტანა. Benesse Art Site-მა, რომელიც კუნძულის მუზეუმებს მართავს, მოახერხა ხელოვნების ნიმუშის აღდგენა, მაგრამ უცნობია, იქნება თუ არა გოგრა ხელახლა გამოფენილი და როდის.

კუსამას ბევრი საყვარელი „უსასრულო ოთახის“ ინსტალაცია მუზეუმებსა და გალერეებში მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული, მათ შორის ლონდონის Tate Modern-სა და Broad Museum-ში, ლოს-ანჯელესში. ასევე არის პატარა მუზეუმი ტოკიოში, რომელიც არტისტის შემოქმედებას ეძღვნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *