ტურიზმის სექტორი, პანდემიისაგან აღდგენის მიუხედავად, სამუშაო ძალის დეფიციტს განიცდის

ტურიზმის სექტორი, პანდემიისაგან აღდგენის მიუხედავად, სამუშაო ძალის დეფიციტს განიცდის

2020 წელს, პანდემიის გამო, ტურიზმის ინდუსტრიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 62 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა. კონკრეტულად საქართველოში, 2020 წელს ინდუსტრიაში დასაქმებულთა რიცხვი 2019 წელთან შედარებით 27.7%-ით შემცირდა. საინტერესოა, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში სტუმარმასპინძლობის  სექტორში დასაქმებულთა მაჩვენებელი პანდემიამდელ დონესთან შედარებით  მხოლოდ 74%-ით აღდგა. რას ნიშნავს ეს? მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრია თანდათან აღდგენის პროცესებს განიცდის, უწინ ამ სფეროში დასაქმებულების ძველ პოზიციებზე დაბრუნება სულ უფრო რთული ხდება.

ამ მოცემულობაში კი ინდუსტრიას ძალიან გაუჭირდება აღდგენის პარალელურად მოთხოვნის დაკმაყოფილება. სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობას ბევრი მიზეზი აქვს.

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი – ნდობის ნაკლებობა გახლავთ. ვირუსის ახალი ვარიანტებისა და ტალღების გამო, ის გარემო, რომელშიც დასაქმებულები და დამსაქმებლები ოპერირებენ,  არაპროგნოზირებადია. სიტუაცია შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს, ამიტომ ინდუსტრია ამ ეტაპზე სამუშაო ძალას სტაბილურობის მოლოდინს ვერ შეუქმნის.

უმნიშვნელოვანესი მიზეზია სხვა ინდუსტრიებთან კონკურენციაც. პანდემიის გამო ბევრი ინდუსტრია დაზარალდა, თუმცა ბევრმაც განვითარების სხვა გზები გამოძებნა. მაგალითად, ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ტემპები თითქმის არ შენელებულა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ სამსახურის გარეშე დარჩენილი სამუშაო ძალა გადაკვალიფიცირდა და სწორედ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გადაინაცვლა.  ახლა კი ასეთ მუშახელს ტურიზმის ინდუსტრიაში დაბრუნება არ სურს.

გარდა ზემოთ აღნიშნული მიზეზებისა, მუშახელის დეფიციტზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისკომუნიკაცია და ზოგადად კომუნიკაციის ნაკლებობა, განათლების სფეროში არსებული ჩავარდნა თუ სხვა ინდივიდუალური ფაქტორები. ფაქტი ერთია, თუკი ტურიზმი სწრაფი ტემპებით აღდგენას განაგრძობს, ისინი კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან სათანადო მუშახელის დეფიციტის სახით. თუმცა, მეორე მხრივ, ამან შესაძლოა, ინდუსტრიაში საშუალო ხელფასებზე მოახდინოს გავლენა და კადრების მოზიდვის მიზნით ის გაიზარდოს კიდეც. ამას მომავალი გვიჩვენებს.