ტურიზმმა ტემპი აკრიფა

ტურიზმმა ტემპი აკრიფა

Forbes Georgia-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ესაუბრა. 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ბოლო World Tourism Barometer-ის თანახმად, 2017 წელს საერთაშორისო ტურისტთა რიცხვი შთამბეჭდავი 7%-ით გაიზარდა და, ჯამში, 1.322 მილიონი შეადგინა. ორგანიზაციის პროგნოზებით, ეს ტემპი 2018-შიც არ დაკარგავს ძალას. განვითარების პერსპექტივებზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს ვესაუბრე.

UNWTO-ს World Tourism Barometer-ის თანახმად, 2017 ტურისტულად ყველაზე მძლავრი წელი გამოდგა ბოლო შვიდ წელიწადში. 2017-ის შედეგები აჩვენებს, რომ 2017-ში საერთაშორისო ტურისტთა რიცხვმა ევროპაში 671 მილიონს მიაღწია, რაც შთამბეჭდავი 8%-იანი ზრდაა გასულ, შედარებით სუსტ, 2016 წელთან შედარებით. ზრდა მნიშვნელოვანწილად  სამხრეთ და ხმელთაშუაზღვისპირა ევროპის დამსახურებაა, (+13%), თუმცა არც დასავლეთ (+7%), ჩრდილოეთ (+5%) და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას (+5%) ჰქონია ზრდის ცუდი მაჩვენებლები.   

პროგნოზების მიხედვით, ზრდა 2018-შიც შენარჩუნდება. მიმდინარე ტენდენციების, ეკონომიკური პერსპექტივებისა და UNWTO-ს ექსპერტთა პანელის მოსაზრებათა საფუძველზე, UNWTO ვარაუდობს, რომ 2018 წელს საერთაშორისო ტურიზმის ზრდის ტემპი მსოფლიოში 4%-5% იქნება.     

Forbes Georgia-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ესაუბრა.  

ბატონო ზურაბ, გმადლობთ, დრო რომ დაგვითმეთ. მოდი, პრიორიტეტებით დავიწყოთ. რა არის UNWTO-ს პრიორიტეტები? რისი მიღწევა გსურთ?

ჩვენი მიზანია, გრძელვადიან პერსპექტივაში, მდგრადი, უფრო მოქნილი, უფრო კონკურენტიანი სექტორის ჩამოყალიბება, რათა განვითარება, ინკლუზიური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა შევძლოთ.   

იმის გათვალისწინებით, რომ 2012-ში საერთაშორისო ტურისტთა რიცხვი 1 მილიარდს გადასცდა, ტურიზმი ცალსახად პოლიტიკურ პრიორიტეტად უნდა იქნას პოზიციონირებული, ამისათვის კი უკეთესი სტრატეგიების შემუშავება და როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ და საერთაშორისო დღის წესრიგში სექტორის პრიორიტეტად გამოცხადებაა საჭირო. ეს მჭიდროდ უკავშირდება ცოდნის დონის ამაღლებასა და პოლიტიკის წინ წამოწევას – საერთაშორისო სტანდარტების, სტრატეგიული რეკომენდაციებისა და საერთო კურსის შემუშავებას, კვლევის გაძლიერებასა და ტურიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებული პოზიტიური პრაქტიკების მიმოცვლას, რისი მიზანიც სექტორის სოციოეკონომიკური ღირებულების მაქსიმიზება უნდა იყოს. UNWTO-მ უნდა განაგრძოს იმ ღირებულების გაუმჯობესებაზე მუშაობა, რასაც თავის წევრებს და, ზოგადად, ტურიზმის სექტორს სთავაზობს, პარალელურად კი წევრთა არეალი უნდა გააფართოოს. პარტნიორობების მეშვეობით, ჩვენ რესურსების გაზრდა და შესაძლებლობების გაფართოება გვმართებს.

ჩემი მანდატის განმავლობაში, UNWTO ხუთ ძირითად პრიორიტეტს წამოსწევს წინ, რათა ჩემ მიერ ნახსენები მიზნები იქნას მიღწეული: 1) ტურიზმის ინოვაცია და ციფრული ტრანსფორმაცია; 2) ინვესტიციებისა და ანტრეპრენიორობის წახალისება; 3) განათლებისა და დასაქმების გზით მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილის შექმნა; 4) მოქნილობის ზრდა და მოგზაურობის გამარტივება; 5) ჩვენი მემკვიდრეობის დაცვა სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური მდგრადობის მეშვეობით.  

UNWTO-ს პროექტის, “ტურიზმი 2030-ისკენ”, შეფასებით, 2030-ისთვის  საერთაშორისო ტურისტთა რიცხვი 1.8 მილიარდს მიაღწევს. მოკლე SWOT-ანალიზი თქვენგან ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენი მკითხველებისთვის.

ტურიზმის მდგრადი ზრდა ბოლო ათწლეულების მანძილზე უზარმაზარ შესაძლებლობებს იძლევა სოციოეკონომიკური კეთილდღეობისათვის, სიღარიბის შემსუბუქებისა და, ზოგადად, “2030-ის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის 17 მიზნისთვის” (17 Goals of the 2030 Sustainable Development Agenda). 2009 წლის გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის შემდეგ, 2017 ზედიზედ მერვე წელი იყო მდგრადი ზრდისა. შარშან საერთაშორისო ტურისტთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა და საერთაშორისო საზღვრების გადამკვეთ 1.3 მილიარდ სტუმარს გაუტოლდა. UNWTO-ს პროგნოზებით, 2020-ისთვის საერთაშორისო ტურისტთა რიცხვი 1.4 მილიარდს მიაღწევს, 2030-ისთვის კი 1.8 მილიარდს.   

გლობალური მოგზაურობისა და ტურიზმის მოკლე და ზოგადი SWOT-ანალიზი, ჩემი პერსპექტივით, შემდეგნაირად გამოიყურება. ინდუსტრიის ძლიერ მხარეებს რაც ეხება: გაზრდილი კონკურენცია ავიაციასა და სასტუმრო ბაზრებში, ახალი ბიზნესმოდელების სწრაფი განვითარება და ახალი კომპანიების გამოჩენა, რომლებიც მომხმარებლებს ინოვაციურ სერვისებს სთავაზობენ.  

რაც შეეხება სისუსტეებს: მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის სექტორის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში ამაღლებულია ცნობიერება, სექტორი მაინც არაა საკმარისად ცნობადი. ამას გარდა, შემზღუდავი და რთული სავიზო პროცედურების გამო, ტურისტებს არ ეძლევათ საშუალება, რიგი ახალი პუნქტები მოინახულონ. კერძო სექტორის მეწილეებისთვის ჯერაც საჭირო მეტი და უკეთესი წამახალისებელი პოლიტიკა საჯარო სექტორის მხრიდან.

რაც ეხება შესაძლებლობებს: უნიკალურ გამოცდილებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი და ავთენტური პროდუქტების შეთავაზების გზით, ტურისტულ პუნქტებს მთელ მსოფლიოში ექნებათ შანსი, მეტი სტუმარი მიიღონ. ადამიანები, ცხოვრების წესი და გასტრონომია ის მთავარი ფაქტორები იქნება, რაც ტურისტულ პუნქტებს უფრო მიმზიდველს და ღირებულს გახდის გლობალურ რუკაზე. მართალია, ევროპა წამყვან პოზიციებს შეინარჩუნებს, ახალ ტურისტთა უმეტესობა, 2030-ისთვის, აზიასა და  ოკეანეთში ჩავა.  

დაბოლოს, საფრთხეები: მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და ტურიზმის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური წვლილის გამზომავი ინტეგრირებული სტრატეგიების სიმწირე მსოფლიოს ზოგიერთ კუთხეში კვლავ აშკარაა, რამაც, შესაძლოა, სერიოზული გამოწვევების წინაშე დაგვაყენოს.  

საქართველოს ტურისტული პოტენციალი: დადებითი და უარყოფითი მხარეები

საქართველოს ტურიზმის განვითარების უშველებელი პოტენციალი აქვს. მდიდარი მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობა, თბილი მასპინძლები და ცხოვრების ადგილობრივი წესი საქართველოს საყვარელ დანიშნულების ადგილად აქცევს ახალი და პოტენციური ტურისტებისთვის. გასულ წლებში საქართველოში განხორციელებული წარმატებული ეკონომიკური რეფორმები შეგვიძლია, გარე თუ შიდა ტურიზმის მნიშვნელოვან მასტიმულირებელ ფაქტორად მივიჩნიოთ.  საჭიროა, ქვეყანამ გააუმჯობესოს მისაწვდომობა და მეტი ყურადღება დაუთმოს მომსახურების ხარისხს. 

როგორ ეწერება საქართველოს ტურისტული მისწრაფებები UNWTO-ს მიერ დანახულ გლობალურ სურათში?

საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად და დინამიკურად მზარდ ტურისტულ პუნქტად აღიქმება. ჩვენი ბოლო World Tourism Barometer-ის თანახმად, 2017 წელს საერთაშორისო ტურისტების რიცხვი საქართველოში 28%-ით გაიზარდა, რაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს UNWTO-ს მხარდაჭერით გამართულ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი General Programme of Work-ის დანერგვაში.  

რომ დავაზუსტოთ, რაში მდგომარეობს თქვენი, როგორც UNWTO-ს გენერალური მდივნის, როლი და როგორ უკავშირდება ის საქართველოს?

UNWTO ტურიზმს ეკონომიკური ზრდის, ინკლუზიური განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის მამოძრავებელი ძალის კონტექსტში წაახალისებს და სექტორს ლიდერობასა და მხარდაჭერას სთავაზობს, რათა მთელ მსოფლიოში ცოდნისა და ტურისტული პოლიტიკის წინ წამოწევა მოხდეს.

ჩემი, როგორც UNWTO-ს გენერალური მდივნის, საქმეა, ვიყო გარანტი, რომ ჩვენი 158 წევრი სახელმწიფო და 500-ზე მეტი აფილირებული ერთეული კერძო, აკადემიურ და საჯარო სექტორში და რეგიონალურ თუ ლოკალურ დონეზე შესაბამის სერვისებსა და რეკომენდაციებს იღებდნენ, რისი მიზანიც მდგრადი და კონკურენტუნარიანი ტურიზმის ზრდაა.  

საქართველოს, როგორც ორგანიზაციის წევრს 1993 წლიდან, შეუძლია, მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს UNWTO-ს სერვისებისა და აქტივობებისგან და ტურიზმის საჯარო და კერძო სექტორების წამყვან გადაწყვეტილებების მიმღებებთან ერთად მისი გლობალური პლატფორმა კავშირებისთვის გამოიყენოს.  

2009-იდან 2010 წლამდე საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრი იყავით. ქვეყნის ფისკალური ზრდის გრძელვადიან სტრატეგიებზე ზედამხედველობის გარდა, თქვენ საქართველოს ტურიზმის განვითარებაზეც იყავით უშუალოდ პასუხისმგებელი. როგორ უკავშირდება ეს ორი სფერო ერთმანეთს როგორც საქართველოს შემთხვევაში, ისე გლობალურად?  

საინტერესო შეკითხვაა. ტურიზმი, როგორც ეკონომიკის სექტორი, ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ვაჭრობისა და პოლიტიკის კონტექსტში უნდა იქნას განხილული. საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის რანგში, მე ქვეყნის ტურისტულ პოლიტიკაზე ვიყავი პასუხისმგებელი, რაც გულისხმობდა კოორდინაციის მექანიზმების აწყობას სამთავრობო და რეგიონალურ ხელისუფლებებს შორის, მასტიმულირებელი პოლიტიკის დანერგვას ინვესტორებისა და სამოგზაურო კომპანიების წახალისებისა და ძლიერი საჯარო და კერძო პარტნიორობების შექმნის მიზნით, და საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს მიმზიდველ ტურისტულ პუნქტად პოზიციონირებას.  

შეუძლია ტურიზმს, მდგრად განვითარებამდე მიგვიყვანოს?

ტურიზმი მდგრადი განვითარების ლიდერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებულ ინტეგრირებულ პოლიტიკურ სტრატეგიებს ეფექტიანად განკარგავენ და დააკორდინირებენ პასუხისმგებლიანი მეწილეები. “მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან” (SDG) სამში ტურიზმი მკაფიოდ არის წარმოდგენილი, განსაკუთრებით კი მიზან 8-ში: ,,მდგრადი, ინკლუზიური და მზარდი ეკონომიკური ზრდის, სრული და პროდუქტიული დასაქმებისა და ნორმალური სამუშაოს წახალისება ყველასათვის“; მიზანი 12: “მდგრადი მოხმარებისა და პროდუქციის დინამიკის უზრუნველყოფა“ და მიზანი 14: ,”ოკეანეების, ზღვებისა და საზღვაო რესურსების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება მდგრადი განვითარებისთვის”. ტურიზმი, პრაქტიკულად, არც ერთ ეკონომიკურ აქტივობას არ ჰგავს; ის ერთმანეთთან სხვადასხვა ტრადიციულად დაუკავშირებელ სექტორს აკავშირებს და, აქედან გამომდინარე, აქვს პოტენციალი, 17-ივე მიზანში შეიტანოს წვლილი. შესაბამისად, არაა შემთხვევითი, რომ 2015-ში  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2017 მდგრადი ტურიზმის საერთაშორისო წლად (International Year of Sustainable Tourism for Development) გამოაცხადა, რისი მიზანიც არის ცნობიერების ამაღლება მდგრადი ტურიზმის, როგორც განვითარებაში წვლილის შემტანის, შესახებ და ყველა მეწილის მობილიზება ერთობლივი მუშაობის მიზნით, რათა ტურიზმი პოზიტიური ცვლილებების კატალიზატორად იქცეს.  

არის გამოწვევებიც. როგორ უნდა გაუმკლავდეს სექტორი უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელთა შედეგი ბაზრის მუდმივი ცვლილებებია? მიგაჩნიათ, რომ უსაფრთხოება ამჟამად ნომერი პირველი გამოწვევაა, რომელიც გამკლავებას საჭიროებს?

უსაფრთხოება გლობალური დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია და, შესაბამისად – ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი. გარკვეული გამოწვევების მიუხედავად, 2017 წელი მდგრადი ზრდით გამოირჩეოდა არაერთ ტურისტულ პუნქტში, ეს კი იმ ბაზრების სწრაფი გაჯანსაღების დამსახურებაა, რომლებიც, დიდწილად, ტერორიზმის გამო უკუსვლის მოწმენი შეიქნენ, მაგალითად, თურქეთი, ეგვიპტე, ტუნისი, საფრანგეთი და ბელგია. გარდა ამისა, გაუმჯობესებულმა მისაწვდომობამ, გამარტივებულმა სავიზო პროცედურებმა და გაძლიერებულმა გლობალურმა ეკონომიკამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ტურიზმის სექტორის შარშანდელი არაჩვეულებრივი ნაყოფიერებისთვის.

მომდევნო წლებში, UNWTO-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებისა და უხარვეზო მგზავრობის უზრუნველყოფაა, რისთვისაც, კრიზისებისადმი მზაობისა და კომუნიკაციის გზით, წევრთა მოქნილობისა თუ მედეგობის გაუმჯობესებაა საჭირო. 

რა შეიძლება, გაკეთდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ტურიზმის ზრდა მეტ ინვესტიციად, მეტ სამუშაო ადგილად და უკეთეს ცხოვრებად გადაიქცევა საქართველოში თუ სხვაგან?

UNWTO-ს, ამ თვალსაზრისით, ძლიერი პოზიცია აქვს. მომდევნო წლებში UNWTO მომართული იქნება, განავითაროს პირობები ანტრეპრენიორობისა და ინვესტიციისთვის ტურიზმში, მათ შორის, ფინანსებსა და ინვესტიციასთან წვდომის შესახებ ცოდნის გენერირების მიმართულებით. ინვესტიციებს სწორი, მკაფიო სამიზნეები სჭირდება, მით უფრო, მთავრობების საბიუჯეტო შეზღუდვებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე. ჩვენ ხელს შევუწყობთ წევრ სახელმწიფოებს ინვესტიციების მოზიდვაში, რისთვისაც არსებულ დამფინანსებელ ინსტიტუციებთან ამა თუ იმ კონკრეტული ტურისტული ხაზის წინ წამოწევა მოხდება. 

ეთანხმებით მოსაზრებას, რომ “არ არსებობს არავითარი საჭიროზე მეტი ტურიზმი, არსებობს მხოლოდ საჭიროზე ცუდი მენეჯმენტი?”

სრულიად ვეთანხმები. საჯარო და კერძო სექტორებს შორის მდგრადი ტურიზმის ინტეგრირებული პოლიტიკის კოორდინირება უნდა ხდებოდეს. 

როგორ შეაფასებდით ფაქტს, რომ საქართველო უფრო ტრადიციულ ბაზრებზეა ორიენტირებული, ნაცვლად იმისა, ახლები გაიხადოს სამიზნედ? რომელი ახალი ბაზრები შეიძლება, იყოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი? ჟურნალის ეს გამოცემა ყაზახეთშიც გავრცელდება… შეიძლება, ამ ორმა ქვეყანამ ორმხრივად ისარგებლოს ერთიმეორის ტურისტული პოტენციალით?

ერთიმეორის მოქალაქეებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნით და მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებით, ორივე ქვეყანას შეუძლია ერთიმეორის ტურისტული პოტენციალით სარგებლობა. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა ბევრს აბანდებს, რათა ქვეყანას სხვადასხვა ტრადიციულ ბაზარში გაუწიოს რეკლამა. თვისებრივი მიდგომისა და საერთაშორისო ტურისტული ხარჯების გაზრდის მიზნით, ჩემი მტკიცე რეკომენდაციაა, საქართველომ აქტიური პრომო-კამპანიები ჩაატაროს ისეთ მაღალშემოსავლიან ბაზრებში, როგორიც ჩრდილო და დასავლეთ ევროპა, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზია და ჩრდილო ამერიკაა.    

რადგან ყაზახეთი ვახსენეთ… მარტში ყაზახეთში ვიზიტით იყავით, სადაც განიხილეთ აბრეშუმის გზის ქვეყნების ტურიზმის მინისტრთა შეხვედრის შესაძლებლობა UNWTO-ს მხარდაჭერით. ხომ არ არის ამ შეხვედრის დეტალები უკვე დაგეგმილი და საქართველო თუ იქნება წარმოდგენილი? რის მიღწევას ისახავთ მიზნად ამ შეხვედრით? რატომ აირჩიეთ ყაზახეთი შეხვედრის ადგილად?

UNWTO-ს გენერალური მდივნის რანგში, ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო ყაზახეთში. ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებთან, რა დროსაც ბილატერალურ თანამშრომლობასა და შემდგომი თანამშრომლობის გზებზე ვისაუბრეთ. სხვადასხვა საკითხთან ერთად, განვიხილეთ ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ყაზახეთის როლის დამატებითი გაძლიერება ჩვენს აბრეშუმის გზის აქტივობებში. ჩვენ მთავრობის ყველა ინიციატივას მივესალმებით როგორც აბრეშუმის გზის კონტექსტში, ისე სხვა მიმართულებებით. გასულ წლებში UNWTO-მ, ყაზახეთთან თანამშრომლობით, აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა.  

კიდევ ერთი საკითხი: ყაზახეთის დედაქალაქი, ასტანა, საგანგებოდ აშენებული, ე.წ. ახალი ქალაქია. როგორ უნდა მოხდეს ამგვარი ქალაქების შეფუთვა ტურიზმისთვის?

ასტანაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ამ ჯერზე, ასტანა სრულიად განსხვავებულ ქალაქად დავინახე, თავისი მასიური დეველოპერული პროექტებით, და მინდა, ყაზახეთის მთავრობა მისი ძალისხმევისათვის შევაქო. დღეს  ასტანა განვითარების უდავოდ კარგი მაგალითია. ხელშემწყობი პოლიტიკა, რიგიანი ინფრასტრუქტურა, კარგი კავშირების მქონე კერძო სექტორი, წვდომის სიმარტივე, სავიზო პროცედურებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესება და ადგილის აქტიური რეკლამირება ახალი ქალაქების ეფექტური პოზიციონირების გასაღებია.  

რა როლი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ტურიზმის მხარდაჭერის კუთხით? კერძო სექტორს? როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სახელმწიფო კერძო სექტორის პირდაპირი მეტოქე არ გახდეს?

მთავრობამ ადეკვატური და მხარდამჭერი პოლიტიკა და რეგულაციური ჩარჩო უნდა შექმნას ტურიზმის განვითარებისთვის, რასაც სასიცოხლო მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორის ტურიზმისა და სასტურმო ბიზნესის წარმატებისთვის.

მთავრობის პირდაპირი და არაპირდაპირი ინვესტიციის სხვადასხვა ფორმა არსებობს, ეს ფორმები კი გამუდმებით იცვლება. ჩვენ ბიზნესმოდელებისა და სამომხმარებლო ქცევების სწრაფი ცვლილებების მოწმენი ვართ, რაც, თავის მხრივ, ტურისტული სერვისების ახალ პლატფორმებს წარმოშობს. ამ ტექნოლოგიური რევოლუციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პერიოდში  როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორმა, ტურისტული პუნქტების რეკლამირების მიზნით, ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გასული წლის T&T-ის კონკურენტულობის ინდექსს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ 136 ქვეყანაში საქართველოს 70-ე ადგილი უჭირავს. თუ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ სექტორის კონკურენტულობის ამაღლების მცდელობისას პრობლემას არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ თანამიმდევრული მიდგომისა თუ სტრატეგიის დეფიციტიც წარმოადგენს. ა) ასეთი ინდექსები მნიშვნელოვანია? და ბ) როგორი ხედვა უნდა იქნას შემუშავებული მეტი კონკურენტულობის მისაღწევად?   

T&T-ის კონკურენტულობის ინდექსი კარგი საშუალებაა იმის სანახავად, თუ რამდენად აგრძელებს ქვეყანა პროგრესს. რათა ტურისტული ადგილი ხარისხის ნიშნით უფრო კონკურენტული გახადო, უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ, კერძო სექტორის სტიმულირება და წახალისება, მეორე მხრივ კი ტურიზმისა და სასტუმრო ინდუსტრიებისთვის ძლიერ განათლების სისტემებში ინვესტირება. ეს მიდგომა გააუმჯობესებს უნარ-ჩვევებს, განათლების დონესა და სპეციალიზებულ ტრენინგ-პროგრამებს და მაღალი ხარისხის შრომით ბაზარს უზრუნველყოფს.

საქართველოს მთავრობას მტკიცედ ვურჩევდი, განაგრძოს ტურისტული და სასტუმრო სფეროს წამყვანი სკოლებისა და ინსტიტუტების მოზიდვა საქართველოს ბაზარზე.

მინდა, ქართულ ტურისტულ სექტორს თბილისში Les Roches International School of Hotel Management-ის გახსნა მივულოცო.  

ამ მარტს, ბერლინში, თქვენს გამოსვლაში ხაზი გაუსვით, რომ ,,უფრო კონკურენტულ და პასუხისმგებლიან ტურისტულ სექტორს“ ეძებთ. კონკრეტულად რა იგულისხმეთ?

UNWTO-ს აღმასრულებელთა საბჭოს 180-ე სესიაზე UNWTO-ს მართვის ახალი ხედვა და პრიორიტეტები წარმოვადგინე, სათაურით ,,2030-ისკენ: უფრო მოქნილი, უფრო კონკურენტული და უფრო პასუხისმგებლიანი ტურიზმი“.  მდგრადი განვითარების 17 უნივერსალური მიზნისკენ სვლისას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საჯარო და კერძო სექტორებთან პარტნიორობების ჩამოყალიბებაზე, სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობასა და ტექნოლოგიის და ინოვაციის განვითარებაზე, ისევე როგორც მდგრადობის უზრუნველყოფასა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაზე.     

ინტერვიუ ინგლისურ ენაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *