„Twitter-ი გაკოტრების გზაზეა“ - მასკი დირექტორობიდან გადადგომას განიხილავს

„Twitter-ი გაკოტრების გზაზეა“ - მასკი დირექტორობიდან გადადგომას განიხილავს

მსოფლიოს უმდიდრესი ამერიკელი მეწარმე, ილონ მასკი საჯაროდ აცხადებს, რომ კომპანია Twitter-ი გაკოტრებისაკენ მიმავალ გზაზეა და ის ამჟამად გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას განიხილავს.

განცხადების გავრცელების შემდეგ, მასკმა საჯარო გამოკითხვაც დაიწყო და აღნიშნა, რომ CEO-ს თანამდებობიდან გადადგომის საკითხს Twitter-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ. გამოკითხვის დასრულებამდე 4 საათია დარჩენილი და ჯერჯერობით 13 მილიონი მომხმარებლიდან 56.4% მასკის გადადგომას უჭერს მხარს.

Twitter-ის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ამჟამად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი და პოპულარული პოდკასტის ავტორი, ლექს ფრიდმანი განიხილება.

აღსანიშნავია, რომ ფრიდმანმა Twitter-ის მართვის იდეა მასკს თავად შესთავაზა, თანაც სრულად უსასყიდლოდ.

„შემოთავაზება მექნება: ნება მომეცი ცოტა ხნით Twitter-ს გავუძღვე. ანაზღაურება არ არის საჭირო. სრული ფოკუსი იქნება დიდებულ ინჟინერიაზე და მსოფლიოში სიყვარულის გავრცელებაზე. უბრალოდ ჩემს დახმარებას გთავაზობთ“, – განაცხადა ფრიდმანმა.

„როგორც ჩანს, ტკივილში ყოფნა ზედმეტად გიყვარს. ერთი ნიუანსია: Twitter-ში შენი ცხოვრების დანაზოგების ინვესტირება მოგიწევს და უნდა გაითვალისწინო, რომ მაისის შემდეგ კომპანია გაკოტრებისაკენ მიმავალ სწრაფ გზაზეა. ისევ გინდა ეს სამსახური?“, – უპასუხა მასკმა.

ცნობისთვის, Twitter-ის შესაძენად ილონ მასკს 44 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწია, აღნიშნული თანხის ნახევარი სხვადასხვა ბანკისა და ფონდებისგან აღებული ვალი იყო, ნაწილი კი კომპანია Tesla-ს აქციების გაყიდვით მიღებული თანხა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *