ტერაბანკმა 6.5 მილიონი აშშ დოლარის უვადო AT1 ბონდები გამოუშვა

ტერაბანკმა 6.5 მილიონი აშშ დოლარის უვადო AT1 ბონდები გამოუშვა

ტერაბანკმა ბაზარზე 6.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის უვადო AT1 ბონდები გამოუშვა. ფინანსური სიახლე ტერაბანკს საშუალებას მისცემს, საკრედიტო პორტფელი გაზარდოს და მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც ბანკის სტრატეგიული სეგმენტია, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მათ საჭიროებებზე მორგებული სასესხო პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ უვადო AT1 ბონდები ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მისმა აღმატებულებამ, შეიხმა ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანმა შეიძინა. ამ ნაბიჯით მან ბანკისა და მისი გრძელვადიანი განვითარების მიზნების მიმართ საკუთარი სტაბილური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

უვადო AT1 ბონდები დამატებით პირველად კაპიტალად კლასიფიცირდება. მისი გამოშვებით კიდევ უფრო გაძლიერდა ტერაბანკის კაპიტალიზაციის დონე, ოპტიმალური გახდა კაპიტალის სტრუქტურა და გაიზარდა ბანკის მდგრადობა.

„უვადო AT1 ბონდების გამოშვება ტერაბანკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ტრანზაქციაა. მათი დახმარებით, კიდევ უფრო გავაფართოებთ სესხის პორტფელს და პროდუქტების ხაზს, რაც დამატებითი შესაძლებლობები იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის — როგორც ბიზნესკლიენტების, ისე ფიზიკური პირებისთვის “, – აცხადებენ ტერაბანკში.

შეგახსენებთ, მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ტერაბანკის აქციების 65%-ს ფლობს. იგი 1992 წლიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური მთავრობის წევრია და ამჟამად ტოლერანტობის მინისტრის პოსტს იკავებს. ამავდროულად, შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ხელმძღვანელობს „დაბი ჯგუფს“, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების  წამყვანი ბიზნესჯგუფია და სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *