Twitter-ის შეძენაში ილონ მასკს ინვესტიციებით Binance-ი, Sequoia და Fidelity ეხმარებიან

Twitter-ის შეძენაში ილონ მასკს ინვესტიციებით Binance-ი, Sequoia და Fidelity ეხმარებიან

Twitter-ის 44 მილიარდ აშშ დოლარად შესაძენად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს კერძო საინვესტიციო ფონდები და საერთაშორისო კომპანიები ეხმარებიან.

საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას მასკმა 7.14 მილიარდი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო, აღნიშნული თანხიდან $1 მილიარდი ლოურენს ელისონს ეკუთვნის; $800 მილიონი – Sequoia Capital-ს; VyCapital-ი ინვესტიციის სახით $700 მილიონს გამოყოფს; Twitter-ის შესაძენად ილონ მასკს $500 მილიონით კი მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი ეხმარება.

Twitter-ის ახალ ინვესტორთა შორის არიან: AH Capital -ი ($400 მლნ); Qatar Holding-ი ($375 მლნ); Aliya Capital-ი ($360 მლნ); Fidelity ($316 მლნ); Brookfield-ი ($250 მლნ); Strauss Capital-ი ($150 მლნ); Witkoff-ი ($100 მლნ); Bamco ($100 მლნ); DFJ Growth-ი ($100 მლნ) და სხვები.

მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია და Forbes-ის მიერ მისი ქონება, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 246 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული, Twitter-ის შესაძენად ის მაინც საჭიროებს ბანკებისა და საინვესტიციო ფონდების მხრიდან დახმარებას.

ილონ მასკის ქონების უდიდეს ნაწილს მისი კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი შეადგენს, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი აშშ დოლარი კი, ცხადია, მასკს ნაღდი ფულის სახით საბანკო ანგარიშზე არ აქვს შენახული.

გასულ თვეში Twitter-ის შესაძენად მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა Morgan Stanley-ს მიმართა, რომელიც წლებია მისი ფავორიტი საინვესტიციო ბანკია. უოლ-სტრიტის გიგანტი მასკს 25.5 მილიარდი აშშ დოლარის მოპოვებაში დაეხმარა, აქედან $12.5 მილიარდი საბანკო სესხია, რომელიც Tesla-ს აქციებითაა დაზღვეული.

აღსანიშნავია, რომ ახალი $7.14-მილიარდიანი ინვესტიციის წყალობით მასკი $12.5-მილიარდიანი საბანკო ვალის დაახლოებით ნახევრის დაფარვას შეძლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *