New York Times: აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების დახოცვაში დაეხმარა

New York Times: აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების დახოცვაში დაეხმარა

New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა უკრაინის სამხედრო ძალებს რამდენიმე რუსი გენერლის მოკვლაში დაეხმარა. New York Times-ი გამოქვეყნებულ ანგარიშში, აშშ-ის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ გაზრდილ დახმარებას მიმოიხილავს.

New York Times-ი აშშ-ის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრძოლის ველზე რუსი სამხედრო ოფიცრების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ბაიდენის ადმინისტრაციის დაზვერვის გაზიარების გეგმის ნაწილია. გამოცემის ანგარიშით, აშშ-ის მხრიდან დაზვერვის გაზიარებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ბრძოლის ველზე, რაც ძირითადი სამიზნეების დადასტურებასა და ახალი სამიზნეების აღმოჩენაში გამოიხატებოდა. გარდა ამისა, უკრაინელებმა, აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, რუსული საბრძოლო გეგმის შესახებ ამერიკის შეფასებებზე დაყრდნობით, ინფორმაცია რუსეთის ჯარების შესაძლო გადაადგილებებზეც მიიღეს.

უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, ფრონტის ხაზზე სულ მცირე 12 რუსი გენერალია მოკლული, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები არ ასაჯაროებს უშუალოდ აშშ-ის დაზვერვის ჩართულობის შედეგად მოკლულთა ზუსტ რაოდენობას. აღსანიშნავია, რომ Times-ის ინფორმაციით, გერასიმოვის ლოკაციაზე თავდასხმა აშშ-ის დაზვერვის მონაცემების მიხედვით არ განხორციელებულა, რადგან ვაშინგტონი, რუსეთის უმაღლესი რანგის ლიდერების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას კრძალავს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის აშშ-მა უკრაინას $3 მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია. გარდა ამისა, ბაიდენმა კონგრესისგან უკრაინის დასახმარებლად $33-მილიარდიანი გეგმის დამტკიცებაც მოითხოვა, საიდანაც $20 მილიარდი სწორედ სამხედრო დახმარებისთვის გამოიყოფა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *