ამერიკული Uber-ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საჭმლის მიწოდების სერვისი Uber Eats-ი კანადაში კანაფის მომხმარებლებამდე მიწოდებას იწყებს. სულ მალე, Uber Eats-ის აპლიკაციაში გაჩნდება კანაფის კატეგორია, რომელშიც Uber-ის პარტნიორი კომპანიის, Tokyo Smoke-ის პროდუქცია გამოჩნდება. თუმცა ამ ეტაპზე Uber-ის აპლიკაციით შესაძლებელია მხოლოდ კანაფის პროდუქტების შეკვეთა – კანაფის მისაღებად მომხმარებელი Tokyo Store-ის უახლოეს ფილიალში უნდა მივიდეს.
უკვე სამი წელია, რაც კანაფის რეკრეაციული მოხმარება კანადაში ლეგალური გახდა, მაგრამ შავ ბაზართან გამკლავება სახელმწიფოს ჯერ კიდევ უჭირს – დღესაც კი ბაზრის უდიდესი წილი არასერტიფიცირებულ მწარმოებლებზე მოდის. Uber-თან ამგვარი თანამშრომლობით, კანადელებს სუფთა და ლეგალური კანაფის ყიდვის საშუალება ექნებათ.
ცნობისთვის, კანაფის ამერიკელ მომხმარებლებამდე მიწოდების სურვილი Uber-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, დარა ხოსროვშაჰიმ ჯერ კიდევ აპრილში გამოთქვა: „ამ სფეროში ძალიან დიდ შესაძლებლობას ვხედავთ და მას ხელიდან არ გავუშვებთ“, – აღნიშნა მან. აშშ-ის ფედერალურ დონეზე, კანაფის მოხმარება ჯერ კიდევ აკრძალულია, მაგრამ ბოლო დროს ცალკეულ შტატებს ამ მიმართულებით სულ უფრო და უფრო მეტი ავტონომია აქვთ.
მას მერე, რაც Uber-ის ეს გადაწყვეტილება გასაჯაროვდა, კანაფის მწარმოებელთა ინდექსმა, MJ ETF-მა 2%-ით იმატა, ხოლო Uber-ის ერთი აქციის ფასმა – 1.2%-ით და $44.78 შეადგინა.