უძრავი ქონების ინდუსტრიამ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. პანდემიამ უძრავი ქონების სააგენტოებსა და ინდუსტრიის ინვესტორებს დამატებითი თავსატეხი გაუჩინა, როგორ იმუშაონ ეფექტიანად და უსაფრთხოდ. ამასთან, ინდუსტრიის მოთამაშეები აქტიურად არიან ჩართული ციფრულ შეჯიბრში – უკვე მკვეთრად შეიცვალა ის გზები, რომლებითაც აგენტები ურთიერთობენ გამყიდველებთან, მყიდველებსა და უძრავი ქონების დამქირავებლებთან.
ახლა, როგორც არასდროს, უძრავი ქონების სფეროს მარკეტინგი და ტრანზაქციები სრულად ციფრულდება. კომპანიები, რომლებიც ახლა შეძლებენ სწრაფად ადაპტირებას ახალ მოცემულობასთან, იქნებიან წარმატებულები მომავალ წლებშიც. დღეს შესაძლებელია რამდენიმე წლის განმავლობაში მისაღწევი შედეგები ერთ წელიწადში ან ნაკლებ დროშიც დაიდოს. წარმატების გასაღები კი ჩვენი პლატფორმების სწრაფ და რადიკალურ ტრანსფორმაციას უკავშირდება – უნდა გადავერთოთ იმ სისტემებზე, რომლებიც ხელშესახებ შედეგებს დებს.
ზრდაზე ორიენტირებული უძრავი ქონების მარკეტინგი ინვესტორებისა და აგენტებისგან მოითხოვს ტექნოლოგიური შესაძლებლობების უნიკალური გზით გამოყენებას. ამ სფეროს ლიდერობა მოითხოვს, გამორჩეულები ვიყოთ ციფრულ ბაზარზე. წარმატებული კომპანიები მუდმივად ამარტივებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ამასთან, ამცირებენ პირისპირ ინტერაქციას დაინტერესებულ მხარეებთან. წარმოგიდგენთ ოთხ გზას, როგორ შეიძლება ამ შედეგების მიღწევა 2021 წლისთვის:
ვიდეომარკეტინგი
მაღალი ხარისხის ვიდეოკონტენტმა პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. უძრავი ქონების პლატფორმები, რომლებიც ქონებას მიმზიდველი ვიდეოებით წარმოაჩენენ, უფრო წარმატებულად საქმიანობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც სტატიკური ფოტოებით წარმოადგენენ მათ ხელთ არსებულ ქონებას (ცხადია, თუკი სხვა ყველა ფაქტორი ქონებებისთვის თანაბარია). მომხმარებლები უფრო დიდხანს რჩებიან თქვენს ვებგვერდებზე და უფრო აქტიურად არიან ჩართულნი, როცა თქვენს რეესტრში არსებული ქონების დათვალიერება ვიდეომასალებით არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩადოთ თქვენი ციფრული რესურსების განვითარებაში. ეს ასე იყო 2020 წლამდეც, მაგრამ ახლა ბევრად მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
გლობალურმა პანდემიამ შეცვალა მომხმარებელთა ქცევა, როგორ ყიდულობენ ან ქირაობენ ისინი ქონებას. გასული წლის ზოგიერთი კვლევა მიგვითითებს, რომ ადამიანების დამოკიდებულება უძრავი ქონების ფიზიკურად დათვალიერების გარეშე ყიდვისა და ქირაობის ნაწილში შეიცვალა. ადამიანები უფრო ღია არიან, ვირტუალურად „იშოპინგონ“ უძრავი ქონების პლატფორმებზე. ამასთან, ზოგიერთ მომხმარებელს ურჩევნია, ნაკლები კონტაქტი ჰქონდეს გაყიდვების გუნდი წარმომადგენლებთან და მხოლოდ მაშინ დაუკავშირდეს მათ, როცა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ეს ყველაფერი მიგვითითებს, რომ კომპანიებმა უნდა განავითარონ ამ მიმართულებით მოგებიანი სტრატეგია. მათ უნდა შექმნან ეფექტური ვირტუალური ტურები და ამასთან, მოარგონ კონტენტი ყველაზე ფართო შესაძლო აუდიტორიას. ამასთან, კომპანიებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ ვიდეოკონტენტის პლატფორმები: YouTube-ი, TikTok-ი, Twitter-ი, Reddit-ი, Facebook-ი და არა მხოლოდ. კომპანიები, რომლებიც შეძლებენ, ეფექტურად მიიტანონ თავიანთი პროდუქტი ვიდეომარკეტინგის დახმარებით მომხმარებლებამდე, მნიშვნელოვნად გაზრდიან ტრანზაქციების რაოდენობას.
სოციალური მედიამარკეტინგი
სოციალურმა მედიამ უძრავი ქონების კომპანიებისთვის პოტენციური მომხმარებლების მოძიების ახალი შესაძლებლობები გააჩინა. Facebook Marketplace-ის მსგავსი პლატფორმები საშუალებას გვაძლევენ, უკეთესი ვიზუალური გამოცდილება შევთავაზოთ მომხმარებლებს და ამასთან, საშუალება გვაქვს, მოვიპოვოთ მეტი ნდობა, სოციალური სანდოობის საშუალებით. დღეს მომხმარებლები აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას უძრავი ქონების გაქირავებისთვის, გაყიდვისა და შეძენისთვის.
Facebook-ზე ლოკალური ჯგუფების ან გვერდების შექმნით, შეგვიძლია, უფრო სპეციფიკურ აუდიტორიას მივაწოდოთ შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზებები. ამასთან, შეგვიძლია, უფრო მასშტაბურ ჯგუფებში განვათავსოთ საკუთარ პორტფელში შემავალი ქონება და ამგვარად მოვიზიდოთ პოტენციური მყიდველები. სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის შესაძლებელია Facebook Messenger-ის გამოყენებაც – ეს შეამცირებს თავდაპირველი კომუნიკაციის ბარიერებს. ის აგენტები და კომპანიები, რომლებიც შეძლებენ სოციალურ მედიაში ეფექტურად განათავსონ საკუთარი შეთავაზებები, 2021 წელს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაში.
Proptech – უძრავი ქონების ტექნოლოგიები
უძრავი ქონების ტექნოლოგიების სფეროში კაპიტალდაბანდების მოცულობამ უკანასკნელ წლებში გასაოცარ მასშტაბებს მიაღწია. 2012 წელს ინდუსტრიის მოთამაშეებმა შეძლეს $221 მილიონის მობილიზება, თითოეულმა ფირმამ კი საშუალოდ $3.1 მილიონის მობილიზება მოახერხა. 2020 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი $23.75 მილიარდამდე გაიზარდა და თითოეული კომპანიის საშუალო წილი $56 მილიონი იყო.
უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეებისთვის ეს აჩენს ახალ ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც ელვის სისწრაფით ვითარდება. ზოგიერთი აპლიკაცია საშუალებას იძლევა, მომხმარებლებისთვის შექმნათ 3D ტურები, ზოგიერთები ამცირებენ კონტაქტის აუცილებლობას და ამისთვის გთავაზობენ ელექტრონული ხელმოწერებისა და დოკუმენტების საცავებს და ა.შ. უკვე გვაქვს ციფრული პლატფორმებიც, სადაც შესაძლებელია, დამქირავებელი პირდაპირ ეკონტაქტოს უძრავი ქონების მფლობელს, გადაიხადოს ქირა, მოაწეროს ხელი ხელშეკრულებებს და ა.შ.
მონაცემების გამოყენება
ქვეყნების უდიდესი და ყველაზე მიმზიდველი უძრავი ქონების ბაზრები პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა. შედეგად, სახლებზე საშუალო ფასი მკვეთრად მერყეობდა და განსხვავებები მიკრობაზრებზე თვალსაჩინო იყო, ამასთან, პანდემიის პერიოდში მოსახლეობა გარეუბნებსა და რეგიონებში გაიფანტა.
ტრადიციულ და პროგნოზირებად მონაცემებში გაჩენილი „ხმაურის“ ფონზე, ახალი მოდელების პოვნა წარმატების გასაღებია. კომპანიები, რომლებიც ეფექტურად შეძლებენ მონაცემთა გენერირებას და მისი სასარგებლო სახით წარდგენას უძრავი ქონების მფლობელთათვის და პოტენციური მომხმარებლებისთვის, ასეთ ქაოსურ პერიოდში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ.
სააგენტოები, რომლებიც შეძლებენ კონსოლიდირებული და მარტივად გასაგები მონაცემების მობილიზებას, გამორჩეულ პოზიციას დაიკავებენ ადგილობრივ ბაზრებზე. რეალურ დროში მყიდველების, გამყიდველებისა და დამქირავებლების ინფორმირება ჩვენი კლიენტებისთვის ძვირფას რესურსად ჩამოგვაყალიბებს. უძრავი ქონების ინდუსტრია ნელა, თუმცა შესამჩნევად იცვლის საკუთარ როლს და უფრო მეტად ყალიბდება სტრატეგიულ მრჩევლად უძრავი ქონების ადმინისტრირების მიმართულებით. ბაზრის ლიდერები მომავალში მონაცემებზე დაფუძნებული პერსპექტივით იმუშავებენ და ნაკლებად მიენდობიან საკუთარ ინსტინქტებს ან გრძნობებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აუცილებელია მონაცემებსა და ლოკალურ ტრენდებზე დაყრდნობით შეიმუშაოთ მთლიანად ბაზარზე მორგებული კონტენტი, რომლის მსგავსსაც თქვენი კონკურენტები ვერ შექმნიან. იყავით გაბედულები ბლოგების წერისას, შექმენით დროული და ქმედითი კონტენტი, რაც შესაბამისი ბაზრის ავტორიტეტულ მოთამაშედ გაქცევთ. ეს დაგეხმარებათ, წარმოჩნდეთ უძრავი ქონების სფეროს ექსპერტად ლოკალურ ბაზარზე და, შესაბამისად, გაზარდოთ თქვენი სანდოობა ადგილობრივ აუდიტორიაში.
საბოლოო ჯამში კი, მანამ, სანამ ვინმე გადაწყვეტს ტრანზაქციის განხორციელებას ინტერნეტსამყაროში, თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ საკუთარი ციფრული კვალი, რომელიც მომხმარებლებს მისცემს საშუალებას, გაგიცნონ, მოგიწონონ და ამასთან, გენდონ.