“თიბისი ჯგუფმა” Allproperty.ge-ს გუნდთან ერთად საქართველოში უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემა შექმნა. Livo.ge – ასე ჰქვია საიტს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ყველაზე ღირებულს – დროსა და ფულს დაზოგავს.
ამიერიდან უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული ნებისმიერი პირი სახლიდან გაუსვლელად შეძლებს ისეთი სერვისების მიღებას, როგორიცაა უძრავი ქონების მოძებნა, შეფასება, დაფინანსების მიღება, მისი გადაფორმება, რემონტის დაგეგმვა, ავეჯის შეძენა და დასუფთავებაც კი. თუმცა, ეს არ არის მომსახურების სრული ჩამონათვალი. უახლოეს მომავალში ციფრულ პლატფორმას ბევრი ახალი ფუნქციონალი დაემატება. პორტალი ღია იქნება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ყველა სხვა მოთამაშისთვის. რაც ყველაზე მთავარია, საიტზე, რომლის ბეტა-ვერსია 30 მაისიდან გაეშვა, ვიზუალურად მაღალი ხარისხის, მხოლოდ სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია განთავსდება. Forbes Georgia უძრავი ქონების გაციფრულების შესაძლებლობებზე Allproperty.ge-ს დამფუძნებელსა და CEO-ს, გიორგი ჩუმაშვილს ესაუბრა.
2018 წლის ბოლოს “თიბისი ჯგუფმა“ თქვენ მიერ შექმნილი უძრავი ქონების ონლაინ პლატფორმა allproperty. ge იყიდა და თქვენთან ერთად უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარება დაიწყო. ხუთი თვის თავზე, სულ რამდენიმე დღის წინ, ახალი ბრენდით შემოხვედით ბაზარზე. მოგვიყევით, რა არის Livo.ge და რას ნიშნავს უძრავი ქონების გაციფრულება?
“ლივო“ არის პირველი ეკოსისტემა საქართველოში, რომელიც უძრავი ქონების მომავალია 2020-2025 წლებისთვის. ეს არის სერვისი, რომელიც მომხმარებელს უზოგავს ორ მთავარ რამეს – დროსა და ფულს. თუ ადამიანი არის ეკოსისტემის ნაწილი და თუ იყენებს მის სერვისებს, მან უნდა იგრძნოს, რომ მოიგო დროშიც და ფულშიც. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც აქამდე ოფლაინ იყო, ონლაინ გადმოგვაქვს.
ექვსი წლის წინ, როცა Allproperty.ge ბაზარზე გამოჩნდა, მაშინ ის მხოლოდ განცხადებების საიტი იყო, თუმცა ჩვენ გვინდოდა, უძრავი ქონების ბაზარი უფრო გამჭვირვალე გაგვეხადა. გვინდოდა, ისეთი სერვისები შეგვეთავაზებინა ბიზნესისთვის, რომლებიც მათი საქმიანობის უფრო მეტად წახალისებას მოახერხებდა და ამ მხრივ ჩვენი და “თიბისის“ ხედვები დაემთხვა ერთმანეთს, გავხდით პარტნიორები და ამ ეტაპზე ის 90%-იანი წილის მფლობელია.
რა სერვისებს სთავაზობს “ლივო“ მომხმარებელს და ამ ბიზნესში ინტეგრირებულ სხვა მონაწილეებს?
ეკოსისტემა არის მონაცემების აგრეგატორი, რაც ნიშნავს, რომ უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული ყველა მხარე მასზეა მიერთებული. ჩვენ ბევრი სერვისი გვაქვს შეთავაზებული როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბანკებისთვის, დეველოპერებისა და ბროკერებისთვის. თუ თქვენ ეძებთ რაღაც უძრავ ქონებას და ჩვენ ვიცით ამის შესახებ, ჩვენი სისტემა თქვენთვის იწყებს მუშაობს. რას გულისხმობს ეს: პირველ ეტაპზე ხდება სასურველი უძრავი ქონების შერჩევა, შეფასება, საჭიროების შემთხვევაში ბანკის მეშვეობით სესხის გაცემა, შემდეგ კი იურიდიული მომსახურება და საჯარო რეესტრში მისი დარეგისტრირება.
მეორე არის გაქირავება, ან ყიდვა გაქირავებისთვის. ამ პროცესშიც აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას, თუმცა შეთავაზებები ამით არ სრულდება. ჩვენ ჩართულები ვართ ცხოვრების პროცესშიც. როცა ცხოვრობთ სახლში და გინდათ, მაგალითად, ციფრული ტელევიზიის დაყენება, შეგიძლიათ მონიშნოთ სასურველი დრო, როცა შესაბამისი ჯგუფი მოვა და დააყენებს. იგივე ხდება დასუფთავების, ავეჯის გადაზიდვისა და სხვა ნებისმიერი სერვისის შემთხვევაში.
ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება და ცხოვრება – ოთხი სტრატეგიული მიმართულებაა, რაზეც ჩვენი ეკოსისტემა პროდუქტების კუთხით იქნება დაყოფილი, თუმცა ეს პროდუქტები სხვადასხვა ინტერესსაც მოიცავს – დეველოპერს სხვა ინტერესი აქვს, ბროკერს სხვა და ა.შ.
ჩვენ ვაგროვებთ მომხმარებლებს, რომლებიც ქმნიან ქცევებს, ვახვედრებთ მათ სერვისებს და ეს გვაძლევს xy კომბინაციას, რისი გაანალიზების შემდეგაც ვამბობთ, რომ ამაზე შეგვიძლია, ახალი სერვისი გავაკეთოთ.
რა იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოუწევთ მომხმარებლებს ამ სერვისების მიღებისთვის?
განცხადების განთავსება უფასო იქნება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელს კონკრეტულ უძრავ ქონებაზე შეფასების დოკუმენტის მომზადება სურს, ამისთვის მან უნდა შეავსოს განაცხადი, გადაიხადოს 39 ლარი, რის შემდეგაც მივლენ შემფასებლები, გადაიღებენ, საჯარო რეესტრის ინფორმაციას გამოიყენებენ და დადებენ მნიშვნელოვან დოკუმენტს, უძრავი ქონების პასპორტს, რომელსაც ექნება ძალა როგორც ბანკში, ასევე იურიდიული მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში. ეს დაეხმარება ბაზარს, რომ იყოს გამჭვირვალე. უძრავი ქონების შეძენის დროს მომხმარებელს გათვითცნობიერებულად ეცოდინება, რას იხდის.
როგორ ფიქრობთ, რა სარგებელს მოუტანს ბაზარს ახალი ეკოსისტემა?
გვინდა, რომ ბაზარზე ადამიანებმა გამჭვირვალე ტრანზაქციები განახორციელონ და არ იყოს სპეკულაციური მიდგომები, რაც დღეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. ეს იქნება ფუნდამენტი, რაზეც უძრავი ქონების ეკოსისტემა განვითარდება.
რა ხდება შეფასების შემდეგ: ჩვენ არ ვართ ბროკერები და შუამავლები, თუმცა ჩვენ შემოგვაქვს პრემიუმ-აგენტების ინსტიტუტი. ჩვენ შეგვიძლია ის ინფორმაცია, რასაც გვეტყვით, გადავულოცოთ ან თავად დაუკავშირდეთ მათ საიტის მეშვეობით და ისინი დაიწყებენ თქვენთვის მუშაობას. გთავაზობთ ბევრ ისეთ სერვისს, რომელიც თქვენი ქონების რეალიზებას დააჩქარებს.
მაგალითად, გვაქვს “სილიკონ ველის“ სტარტაპი, აპარატი, რომელიც სახლის 3D-ში გადაღების საშუალებას გვაძლევს. გთავაზობთ ისეთ ტექნოლოგიურ სერვისებს, რომლებიც პროცესს გაგიმარტივებთ. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ განცხადება, რომელიც მოხვდება ჩვენს ვებზე, იქნება ხარისხისა და ყველა სტანდარტის დაცვით შესრულებული და კონკრეტული უძრავი ქონების შესახებ ყველანაირი ინფორმაციის შემცველი, მაგალითად, სად არის სავაჭრო ზონები, რამდენი მეტრის სიშორეზეა ბაღი და სკოლა, როგორია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი და ა.შ.
რა უპირატესობა ექნება “ლივოს“ ბაზარზე არსებულ სხვა მსგავს კომპანიებთან შედარებით?
საქართველოში მსგავსი ეკოსისტემა არ არსებობს, ყველა მსგავსი საიტი არის მხოლოდ განცხადებების ჩამონათვალი. ეკოსისტემებმა კი, რომლებიც შექმნილა მსოფლიო ბაზარზე, დაანგრიეს მოსაზრება, რომ უძრავი ქონების გაციფრულება რთულია. ჩვენ ყველა უძრავი ქონების კომპანიის, ყველა ბანკის მიმართ ღია ვართ, რადგანაც ჩვენი შეთანხმება “თიბისისთან“ მოიცავდა იმას, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო “თიბისი ბანკის“ იპოთეკური სესხებისთვის დამხმარე ორგანიზაცია, ეს უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი გენერატორი როგორც მათთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც ეს ენდომება.
გვაქვს ამბიცია, რომ ბროკერების სერვისები და მათი რეპუტაცია ავამაღლოთ, მივცეთ ის სანდოობა, რომელიც სჭირდებათ. ბროკერების ნაწილში გვაქვს ბევრი სიახლე იმისთვის, რომ ტრანზაქცია გახადონ უსაფრთხო. ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი გადაიხდის ფულს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრში ამონაწერი ამოვა ზუსტად ისეთი, როგორიც შეთანხმებული იყო. ჩვენს ქვეყანაში ამის ცუდი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ ამის გარანტები ჩვენ ვიქნებით. ასევე ვაძლევთ ახალგაზრდებს საშუალებას, რომ იქცნენ ამ ბიზნესის ნაწილებად. მაგალითად, პრემიუმ-აგენტის მიმართულებას ვავითარებთ, რომლებიც ბაზარს თანამედროვე მიდგომებს შესთავაზებენ.
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის შეფასებები. ყველა ჩვენი წარმომადგენელი იქნება შეფასებული მომხმარებლის მხრიდან, და ეს შეფასება გამოქვეყნდება. იქნება კრიტერიუმები, მაგალითად, აგენტის შემთხვევაში რამდენად კვალიფიციური იყო ის, რამდენად სწრაფად მოემსახურა და ა.შ. ეს ყველაფერი დაეხმარებათ სხვებს, მისთვის სასურველზე გააკეთონ არჩევანი.
როგორია “ლივოს“ სამომავლო გეგმები?
ჩვენ ამ წლის განმავლობაში 15-მდე მსხვილ სერვისს დავამატებთ, რომლებიც გამიზნული იქნება დეველოპერებისთვის, ბროკერებისა და ფიზიკური პირებისთვის. აქტიურ ფაზაში ვართ google-თან მოლაპარაკების პროცესში. ის იქნება ჩვენი პარტნიორი და მოგვცემს ყველა იმ სერვისს უძრავი ქონების გაციფრულების პროცესში, რომლებიც მსოფლიოშია გავრცელებული.
ასევე ვესაუბრებით ბანკებს, რომ მოგვცენ შეფასების მიმართულება იმისათვის, რომ ბანკებმა სწრაფ რეჟიმში გასცენ სესხები. დროის ამბავში გვინდა, რომ მაქსიმალურად მოქნილები ვიყოთ. ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირებულები ვიქნებით მომხმარებლისთვის და მათ ქცევებზე დაყრდნობით, მათზე მორგებულ ბევრ ახალ სერვისს შევქმნით.