„უინძორის ჩარჩო“ - რას გულისხმობს ჩრდილოეთ ირლანდიის ბრექსიტის შემდგომი ახალი სავაჭრო შეთანხმება?

„უინძორის ჩარჩო“ - რას გულისხმობს ჩრდილოეთ ირლანდიის ბრექსიტის შემდგომი ახალი სავაჭრო შეთანხმება?

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უინძორში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩრდილოეთ ირლანდიის ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო შეთანხმების შეცვლის შესახებ განაცხადეს. მხარეების გადაწყვეტილებამ შესაძლოა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირიდან გასვლის შედეგად წარმოქმნილი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და საკამათო ასპექტი გადაჭრას, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში იმპორტისა და სავაჭრო შემოწმების საკითხს შეეხება.

ცნობისთვის, ჩრდილოეთი ირლანდია გაერთიანებული სამეფოს ნაწილია, თუმცა სახმელეთო საზღვარს ევროკავშირის წევრ ირლანდიის რესპუბლიკასთან იზიარებს. პრემიერ სუნაკის განცხადებამ, ბრიტანეთსა და მის რეგიონს შორის „ნებისმიერი სახის საზღვრის“ მოხსნის შესახებ ბიზნესჯგუფის წარმომადგენლების მოწონება დაუყოვნებლივ დაიმსახურა. ბიზნესჯგუფის წარმომადგენლები მიესალმებიან სავაჭრო წესების გამარტივებას და ევროკავშირის დაპირებას, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ბრიტანეთის მეცნიერების კვლევით პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

რიში სუნაკის განცხადებით, ახალი შეთანხმება, რომელიც „უინძორის ჩარჩოს“ სახელითაა ცნობილი, დაიცავს როგორც ჩრდილოეთ ირლანდიის სუვერენიტეტს, ასევე მის ადგილს გაერთიანებულ სამეფოში. პრესკონფერენციისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრექსიტის შემდგომ, ბლოკსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზეც ისაუბრა და პარტნიორობის მაქსიმალურად გამოსაყენებლად, ახალი გადაწყვეტილებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ამასთან ერთად კი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო.

„უინძორის ჩარჩოს“ შეთანხმების მიზანია ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლით წარმოქმნილი საკითხების მოგვარება – დანართი, რომელიც 2019 წელს ბორის ჯონსონსა და ევროკავშირს შორის ბრექსიტამდე შედგა, თუმცა ახლა, გაერთიანებული სამეფოს მტკიცებით, გამოუსადეგარია. პროტოკოლი ჩრდ. ირლანდიას ევროკავშირის სასაქონლო ერთიანი ბაზრის ნაწილად ტოვებს, რის ფარგლებშიც საქონელს რესპუბლიკასა და რეგიონს შორის საქონლის შემოწმება არ ეხებოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტისა და ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ახალი შეთანხმება პროტოკოლს სამ ძირითად სფეროში გააუმჯობესებს. სუნაკის ინფორმაციით, შეთანხმება ჩრდილოეთ ირლანდიაში საქონლის გადატანის მიზნით შექმნილი მწვანე და წითელი ზოლების საშუალებით, ჩრდილოეთ ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას უზრუნველყოფს.

შედეგად, საქონელი, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა ირლანდიის რესპუბლიკაში აღმოჩნდეს, ჩრდილოეთ ირლანდიაში შესვლამდე შემოწმებისთვის წითელ ზონაში განთავსდება. ხოლო ის საქონელი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიისთვისაა განკუთვნილი, თავისუფლად შევა ტერიტორიაზე, რაც სუნაკის განცხადებით ნიშნავს, რომ „თუ საკვები ხელმისაწვდომი იქნება დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტის თაროებზე, ასევე იქნება ჩრდილოეთ ირლანდიაშიც“.

ახალი წესები, რომლებიც გავლენას იქონიებს სხვადასხვა საქონელზე  – მაგალითად ეტიკეტირება – ეტაპობრივად ამოქმედდება, რათა „უინძორის ჩარჩოს“ მიერ გათვალისწინებული წესების განხორციელება მაქსიმალურად შეუფერხებლად მოხდეს. გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, ახალი შეთანხმება „ევროკავშირში ირლანდიის ადგილსაც“ დაიცავს და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ნებას დართავს, განსაზღვროს ჩრდილოეთ ირლანდიაში გამოყენებული დღგ-ის განაკვეთები, არსებული სისტემისგან განსხვავებით, სადაც განაკვეთები ევროკავშირის მიერ განისაზღვრებოდა.

ბოლოს კი სუნაკმა „სტორმონტის მუხრუჭის“ შეთანხმებაც დააანონსა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას საშუალებას მისცემს ჩრდილოეთ ირლანდიაში, საქონლის შესახებ ევროკავშირის ახალი კანონების გამოყენება შეაჩეროს, თუ ამას ჩრდილოეთ ირლანდიის რეგიონული ასამბლეის კანონმდებელთა მესამედი მოითხოვს. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ „ყველაზე გამონაკლის შემთხვევებში“ იმოქმედებს. პრემიერი იმედოვნებს, რომ ე.წ. „სტორმონტის მუხრუჭი“ რეგიონში პრობრიტანელი პოლიტიკოსებისა და მისი კონსერვატიული პარტიის ზოგიერთი წევრის მხარდაჭერის მოპოვებაში დაეხმარება.

ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მაღალი რისკის შემცველი სტრატეგიაა სუნაკისთვის, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერად სულ რაღაც ოთხი თვის წინ აირჩიეს. სუნაკს ბრიუსელთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, თუმცა ამავდროულად ცდილობს, მისი პარტიის ფრთა, რომელსაც ყველაზე მეტად სწამს ბრექსიტის იდეის, არ გააღიზიანოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *