აი, მრავალი მაგალითიდან ერთ-ერთი, თუ როგორ შეუნარჩუნა სიცოცხლე კაპიტალიზმმა ასეულობით მილიონ ადამიანს, რომლებიც სხვაგვარად განწირული იქნებოდნენ.
ამას წინათ კლინიკა Mayo-ს ჟურნალში (Discovery’s Edge – “აღმოჩენების კიდეზე”) წავიკითხე სტატია ამ დაწესებულების როლზე თითქმის საუკუნის წინანდელ ბრძოლაში დიაბეტის წინააღმდეგ. მაშინდელ მსოფლიოში დიაბეტის შეტევა სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა. ექიმები, Mayo-სა და სხვა დაწესებულებებში, ქმნიდნენ სპეციალურ დიეტებს. მკაცრად დაცვის შემთხვევაში, ასეთ დიეტას შეეძლო მთელი სამი- ხუთი წლით გაეხანგრძლივებინა ადამიანის სიცოცხლე.
ბესი ბ.-ს კეტოგენური დიეტა დაუნიშნეს, რომელიც ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების თანაბარი პროპორციისგან შედგებოდა. თანაც პროპორცია პაციენტის წონითა და სისხლში გლუკოზის შემცველობით განისაზღვრებოდა, და მთელი რიგი სხვა პარამეტრითაც უნდა მორგებოდა მის იმწუთიერ მეტაბოლიზმს… ეს იყო ინდივიდუალიზებული მკურნალობის ერთ- ერთი პირველი მცდელობა. პერსონალი აღრიცხავდა და აანალიზებდა ყველაფერს, რაც შედიოდა და განიდევნებოდა მისი სხეულიდან. ლაბორატორიული ტესტებით განსაზღვრავდნენ, რამდენად სწრაფი იყო ბესის ორგანიზმში საკვების მეტაბოლიზმი, რომ ექიმებს მისი კვების სწორად დაბალანსება და დროში გაწერა შეძლებოდათ. ბესი საკვების მცირე რაოდენობას იღებდა: დღეში 850-დან 900-მდე კალორიას. იმდროინდელ დიაბეტიან პაციენტებს გადასარჩენად შიმშილის ზღვარზე ყოფნა უწევდათ.
და აი, 1921 წლის შემოდგომაზე, კანადიდან ტორონტოს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მომხდარი გარღვევის ამბავმა ჩამოაღწია. “დოქტორი ფრედერიკ ბენტინგი და მედიცინის სტუდენტი ჩარლზ ბესტი ატარებდნენ ცდებს ძაღლებზე, დოქტორ ჯ.ჯ.რ. მაკლეოდის ლაბორატორიაში. მრავალი მძიმე ექსპერიმენტის წყალობით, მეცნიერებმა მოახერხეს გამოეყოთ და გაესუფთავებინათ ინსულინი და მისი ეფექტიანობა დაემტკიცებინათ. აღმოჩენის ფორმალური პრეზენტაცია იმავე წლის შობას კონექტიკუტის ქალაქ ნიუ- ჰევენში, სამეცნიერო კონფერენციაზე გაიმართა”.
რა გასაკვირიც უნდა იყოს, აკადემიურ სამყაროში აღმოჩენების დაპატენტებას უარყოფითად უყურებდნენ. “ილაი ლილი და მისი მენეჯერები ურჩევდნენ დოქტორ ბენტინგსა და მაკლეოდს, დაეპატენტებინათ თავიანთი ფორმულა, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ფორმულის სტანდარტიზება და წარმოებაში უსაფრთხოდ გამოყენება”. ბოლოს მათ კანადელების დაყოლიება შეძლეს.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ამბიდან?
• წინსვლის წყარო ახალი ცოდნაა. მაგრამ ამის მისაღწევად მუდმივი ექსპერიმენტირება და სხვათა მიღწევებზე დაშენებაა საჭირო. ინსულინამდელი დიეტები სრულად ვერ უძალიანდებოდა დიაბეტს. მაგრამ შესაბამისმა კვლევებმა გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ისეთი დიეტების შექმნაში, რომლებმაც, ინსულინის ინიექციების თანხლებით, შეუდარებლად გაზარდა დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ბენტინგმა, რომელსაც იმ დროისთვის მხოლოდ ბაკალავრის ხარისხი ჰქონდა მოპოვებული, თავისი რევოლუციური თეორია პანკრეასისა და დიაბეტის თემაზე მრავალი სტატიისა და მოხსენების წაკითხვის შემდეგ შეიმუშავა.
• ჩვენ უნდა დავარღვიოთ ირუმის კანონი – მურის ერთობ დადებითი კანონის ამოტრიალებული ვერსია. მურის კანონი კომპიუტერულ ტექნიკას ეხება და ამტკიცებს, რომ ინტეგრალური სქემების გამოთვლითი სიმძლავრე ყოველ 18-24 თვეში ორმაგდება. მედიცინაში მოქმედი ირუმის კანონი ბევრად უსიამოვნოა. მის მიხედვით, ყოველ ცხრა წელიწადში ორმაგდება ბაზარზე ახალი წამლის მოხვედრის ღირებულება – კვლევა- შემუშავებიდან FDA-ს (კვებისა და წამლების ადმინისტრაცია) მიერ დამტკიცებამდე. დღესდღეობით, ახალი წამლის წარმატებულად შემუშავების ღირებულება $2.6 მილიარდს აღწევს, ყველა სარეგულაციო დაბრკოლების გადალახვას კი შეიძლება ათ წელიწადზე მეტი დასჭირდეს.
• წამლების ცხოველებზე გამოცდა არ უნდა აიკრძალოს. წარმოიდგინეთ, რამხელა აურზაური – და ძალადობის მცდელობებიც კი – იქნებოდა დღეს მიმართული ბენტინგის, მაკლეოდის, ბესტისა და მათი ლაბორატორიის წინააღმდეგ.
• კაპიტალიზმის პირობებში შესაძლებელია შეიქმნას და მილიონობით დაავადებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ინსულინისნაირი, სიცოცხლის გადამრჩენი წამლები. ბენტინგს, კლინიკა Mayo-სა და სხვებს კვლევების ჩასატარებლად რესურსები სჭირდებოდათ. კაპიტალი აუცილებელი იყო ილაი ლილისა და მისი კომპანიისთვისაც, რომ წამალი ეწარმოებინათ და მასობრივად გაეყიდათ. გავრცელებული მითის საწინააღმდეგოდ, კაპიტალიზმი მკვეთრად ზრდის ადამიანთა შესაძლებლობებს, დააკმაყოფილონ სხვათა საჭიროებები და მოთხოვნილებები (ან, სტივ ჯობსის ცნობილი დაკვირვების მიხედვით: ადამიანებმა არ იციან, რა უნდათ, სანამ ამას არ აჩვენებ). კაპიტალიზმი ზრდის ადამიანთა თანამშრომლობისა (მაგალითისთვის გავიხსენოთ მიწოდების ჯაჭვები) და გამომგონებლობის შესაძლებლობებსაც, და ეხმარება ახალი პროდუქტებისა და სერვისების ფართო ბაზარზე გასვლას, ნაცვლად ჩანასახში ჩაკვლისა, რაც ხშირად ხდება ანტიკაპიტალისტურ საზოგადოებებში.