დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კიევი ომის დასრულების საკითხზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს შვეიცარიაში გამართავს.
„…ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს უკრაინისა და აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებს შორის სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით“, – დაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა Telegram-ზე.
მოლაპარაკებების შესახებ განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მა უკრაინას ომის დასრულების 28-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დიდ დათმობაზე წასვლას მოითხოვს. შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული გეგმა კიევისგან ქვეყნის აღმოსავლეთით ტერიტორიების დათმობას, სამხედროების რაოდენობის შემცირებასა და NATO-ში გაწევრიანებაზე სამუდამო უარის თქმას ითვალისწინებს.
„უკრაინა შესაძლოა, ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს: ან ღირსების დაკარგვა, ან საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, ყველაზე მძიმე, და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე – და იმის ნდობა, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გეგმასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზელენსკიმ უკვე დაამტკიცა შვეიცარიაში დაგეგმილი მოლაპარაკებების ინსტრუქციები და დელეგაციის შემადგენლობა, რომელსაც მისი ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი ჩაუდგება სათავეში. დელეგაციაში, უსაფრთხოების სფეროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ასევე იქნება რუსტემ უმეროვი.
„უკრაინა არასდროს იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება და უკრაინის სახელმწიფოს წარმომადგენლები დაიცავენ ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს და ევროპული უსაფრთხოების საფუძვლებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.










