ევროკავშირმა, უკრაინასთან თანამშრომლობით, თავდაცვის ინდუსტრიაში სამხედრო ინოვაციების დასაჩქარებლად 100 მილიონი ევროს ფონდის შექმნა გამოაცხადა. BraveTech EU უკრაინასა და ევროკავშირს შორის პირველი მსხვილი ტექნოლოგიური ალიანსია, რომლის ფარგლებშიც სამხედრო ინოვაციები უკრაინაში, საბრძოლო ველიდან მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განხორციელდება. ფონდში ორივე მხარე თანაბად, 50 მილიონ ევროს დააბანდებს.
BraveTech EU-ინიციატივა, რომელიც რომში, უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართული რიგით მეოთხე კონფერენციაზე (URC) იქნა წარმოდგენილი, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა და ევროკავშირის თავდაცვის კომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა წარადგინეს. ფონდი მცირე/საშუალო ბიზნესებსა და სტარტაპებზე იქნება გათვლილი როგორც უკრაინაში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. ალიანსის საშუალებით, მხარეები გამოცდილების გაცვლას, ინოვაციების განვითარებასა და ახალი თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენას გეგმავენ.
BraveTech EU-ის ინიციატივა უკრაინის BRAVE1 თავდაცვის ტექნოლოგიების პლატფორმას ევროკავშირის ისეთ პლატფორმებთან დააკავშირებს, როგორებიცაა ევროპის თავდაცვის ფონდი (EDF) და ევროკავშირის თავდაცვის ინოვაციების სქემა (EUDIS). მიხაილო ფედოროვის განცხადებით, ინიციატივის ინვესტორებს შორის მომავალში შესაძლოა სხვა ევროპული სახელმწიფოებიც ვიხილოთ. ხოლო კუბილიუსის შეფასებით, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს სამრეწველო პოტენციალი აქვთ, რომელიც უკრაინას თავდაცვის ახალი სისტემების შემუშავებაში დაეხმარება.
Telegram-ზე ფედოროვის გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება და შემოდგომაზე, უკრაინული და ევროპული თავდაცვის კომპანიებისთვის ჰაკათონებით დაიწყება. 2026 წელს BraveTech-ის ახალი მსხვილი გრანტებითა და ყველაზე პერსპექტიულ პროექტებში ინვესტირებით გაფართოება იგეგმება.