ევროპის უდიდესი ეკონომიკის ძლიერ დამოკიდებულებას რუსული ენერგიის იმპორტზე, მისი მოკავშირეთა დიდი ნაწილი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, სტრატეგიულ რისკად აფასებს. გერმანია, ბოლო წამამდე იცავდა რუსეთის, როგორც სანდო მიმწოდებლის ღირსებას, თუმცა, უკრაინაში შეჭრამ ქვეყანას Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებისკენ უბიძგა.
გერმანიის ვიცე-კანცლერმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას „სრულიად ალოგიკური“ ქმედება უწოდა. ეკონომიკურ საქმეთა მინისტრის რობერტ ჰაბეკის აზრით კი, რუსულ ქვანახშირზე დამოკიდებულების შემცირება, ევროპაში განახლებადი ენერგიის საკითხს გააძლიერებს. რუსული წიაღისეული საწვავის მომხმარებლები ახლა უფრო მეტად მოტივირებულნი იქნებიან ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად და ენერგეტიკული სისტემაც ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდება.
ჰაბეკის განცხადებით, ბოლო თვეებში, გერმანიის გაზის რეზერვების გასაძლიერებლად გატარებულმა ზომებმა, რომელსაც თან ქარის „სიუხვე“ დაერთო, ხელი შეუწყო მომხმარებლის დეფიციტის თავიდან აცილებას, მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეაჩერა დამატებითი მიწოდება და ენერგიის ფასები გაიზარდა. პირდაპირი ეფექტი ასე გამოიყურება: „რაც უფრო მეტი განახლებადი ენერგიაა ბაზარზე, ბუნებრივ აირზე მოწოდებაც მცირდება“. მიმდინარე სიტუაციამ კი შესაძლოა გერმანიასა და სრულიად ევროპაში განახლებად ენერგიაზე დაჩქარებულ გადასვლას შეუწყოს ხელი.
გერმანიისთვის დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურისთვის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება გამოსავალი არაა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირით სავსე ტანკერების მშენებლობას წლები სჭირდება. გერმანია კატარიდან მეტი თხევადი გაზის შემოტანას და უახლოეს მომავალში დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ევროპის სხვა ქვეყნებიდან გაზის შეძენას ცდილობს. თავის მხრივ, თხევადი გაზი ყველაზე სუფთა წიაღისეულ საწვავად მიიჩნევა.
გერმანიის მიზანი ამჟამად მზის ენერგიის ზრდის დაჩქარებაა როგორც ხმელეთის, ასევე საზღვაო პროექტებით. ხოლო ქვეყნების ნაწილი, გერმანიისგან განსხვავებით, გამოსავალს ბირთვულ ენერგიაშიც ხედავს. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ბირთვული გენერაცია 6%-ით გაიზარდა და ევროპის ელექტროენერგიის გამომუშავებაში, 2014 წლის შემდგომ, ყველაზე დიდი წილი დაიკავა. თუმცა პრობლემაა, რომ ელექტროსადგურებმა სასიცოცხლო ციკლის დასასრულს მიაღწიეს, მათი აღდგენა ზედმეტად დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, მოქმედების ვადა კი მხოლოდ 40 წლით განისაზღვრება.
წმინდა წყალბადის საწვავის იმპორტი კიდევ ერთ გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, ნაწილი ქვეყნების მიიჩნევს, რომ ევროპა შესაძლოა დაზარალდეს რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულების გამო კიდევ ათწლეულების განმავლობაში, თუ წყალბადის გარკვეულ მარშრუტს მიჰყვება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს რუსეთიც აძლიერებს წყალბადთან დაკავშირებულ გეგმებს და 2030 წლისთვის წყალბადის გლობალური ბაზრის 20%-ის დაკავება და წამყვანი ექსპორტიორობა სურს.
საბედნიეროდ, წყალბადის კიდევ ერთი პოტენციური მომწოდებელი ავსტრალიაა. უახლეს კვლევებზე დაყრდნობით, სამხრეთ ავსტრალიის მსოფლიო დონის განახლებადი ენერგიის რესურსები, როტერდამის პორტის გავლით, კონკურენტუნარიანი იქნება მაშინ, როდესაც საქმე ევროპისთვის სუფთა წყალბადის მიწოდებას შეეხება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს პუტინის გრძელვადიანი გამდიდრების შეჩერება, მაშინ ინვესტიციები, რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით, განახლებად ენერგიაში უნდა განვახორციელოთ.