ომის დანაშაული უკრაინაში? - ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ

ომის დანაშაული უკრაინაში? - ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის ფედერაციის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდგომ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) თავდამსხმელი ქვეყნის მიერ შესაძლო სამხედრო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის პარალელურად კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ არსებობს „სანდო“ მტკიცებულებები, რომლებიც უკრაინაში ომის დანაშაულებზე მიუთითებს.

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი, რომელიც რუსეთს უკრაინელი მშვიდობიანი სამოქალაქო პირების სამიზნედ ამოღებაში ადანაშაულებს, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენია. შეერთებული შტატების ბრალდება ომის დანაშაულების სხვა ფაქტებსაც  მოიცავს, როგორიცაა ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმები და ჟენევის კონვენციით აკრძალული იარაღის გამოყენება.

თავის მხრივ, ICC-მა გასულ კვირას სამხედრო დანაშაულის ბრალდებებზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, რა სასჯელი ელის რუსეთსა და მის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ჯერ კიდევ გაურკვეველია. ზემოთ ჩამოთვლილ სამ ძირითად ბრალდებას შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ეხება „ჟენევის კონვენციების დარღვევის სერიოზულ ფაქტებსაც“, რომლებიც ომის დანაშაულის ფარგლებში მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმასაც აერთიანებს, თუმცა არ ახსენებს რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურებზე განხორციელებულ სამხედრო შეტევებს.

თუ გამოძიებამ უკრაინაში შეჭრის შემდგომ ომის დანაშაულის ჩადენის მტკიცებულება აღმოაჩინა, პუტინის პასუხისგებაში მიცემის საკითხი დაისმება. ICC თავად მხოლოდ ცალკეულ პირებს ასამართლებს და არა სახელმწიფოებს, და ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში პუტინს ან მასთან დაახლოებულ რომელიმე პირს დააპატიმრებენ. არსებობის ორი ათწლეულის განმავლობაში, ICC-მა მხოლოდ 35 დაკავების ორდენი გამოსცა და ჯამში ათი პირი დასაჯა, თუმცა მის მიერ წარმოებული გამოძიებები შესაძლოა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა, სწორედ მან, ვინც საქმე აღძრა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თავადვე აღნიშნა, რომ გამოძიება ძალიან ბევრ სირთულესა და გამოწვევასთანაა დაკავშირებული, რაც რუსეთის წარმომადგენლების უახლოეს მომავალში გასამართლებას ეჭვქვეშ აყენებს. სირთულეებზე, რომლებზეც ICC რუსეთის გამოძიების დროს აწყდება საერთაშორისო მართლმსაჯულებისა და ანგარიშვალდებულების კომისიის დირექტორმა ბილ უილმაც ისაუბრა. უილის განცხადებით, ომში საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რაზე შეტევას ცდილობს თავდამსხმელი ძალა. ამისთვის კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იმაზე მეტ თემას მოიცავს, ვიდრე საზოგადოება აცნობიერებს.

გაეროში აშშ-ის ელჩის ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებებისას გამოიყენა ვაკუუმური ბომბები და კასეტური საბრძოლო მასალები. ორივე იარაღი აკრძალულია ჟენევის კონვენციით, რომელიც ომის საერთაშორისო პროტოკოლს ადგენს. ხოლო კიევში აშშ-ის საელჩოს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ის, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, კერძოდ თავს დაესხა ატომურ ელექტროსადგურებს, პირდაპირ ომის დანაშაულებზე მიუთითებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 1998 წელს შეიქმნა, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, 1990-იან წლებში რუანდასა და ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. ICC საკუთარ თავს აღწერს, როგორც „მსოფლიოში ერთადერთ მუდმივ საერთაშორისო სასამართლოს, რომელსაც აქვს მანდატი, გამოიძიოს და განიხილოს გენოციდი, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულები“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *