ფოტო: Reuters
შვეიცარიაში, ჟენევაში რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, განსაკუთრებული წინსვლა სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ მოუტანია და მეტწილად ის ამ „რთული“ მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა. ამის პარალელურად ვაშინგტონმა „მნიშვნელოვანი პროგრესის“ შესახებ განაცხადა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ორივე მხარემ აღიარა, რომ პროცესი რთული იყო და რომ ისინი კვლავ შეხვდებიან. ვაშინგტონმა და კიევმა მომდევნო შეხვედრის მალევე ორგანიზების მზაობა გამოთქვეს.
შეგახსენებთ, უკრაინული მხარის მისამართით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათმობების გაკეთებისა და შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებებს მუდმივად ავრცელებს.
ზელენსკის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მოლაპარაკების შედეგი საკმარისია შეთანხმების გასაფორმებლად. „სამხედრო მიმართულებით გარკვეული საკითხები სერიოზულად და არსებითად განიხილეს. სენსიტიური პოლიტიკური საკითხები, შესაძლო კომპრომისები და ლიდერების პირისპირ შეხვედრის საკითხი საკმარისად არ განხილულა“, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერებიც დასწრებოდნენ.
პირს მორგანთან ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დელეგაციებმა პოზიციები დააახლოვეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განხორციელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგი, თუმცა ტერიტორიების „რთულ და მტკივნეულ“ საკითხზე მხოლოდ ორი ქვეყნის ლიდერებს შეუძლიათ მოლაპარაკება.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დელეგაციის წევრები პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შესახებ კონსულტაციას გამართავენ. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი მოლაპარაკებების ფორმალურად დასრულების შემდეგ უკრაინულ მხარეს ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

















