უკრაინა შვედეთისგან Gripen-ის ტიპის 150 ერთეული გამანადგურებლის შეძენას განიხილავს

უკრაინა შვედეთისგან Gripen-ის ტიპის 150 ერთეული გამანადგურებლის შეძენას განიხილავს

შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტენსონის განცხადებით, შვედეთმა ხელი მოაწერა განზრახვის წერილს, რომლის მიხედვითაც უკრაინას Gripen-ის ტიპის 150-მდე ერთეული ადგილობრივად წარმოებული გამანადგურებელი მიეწოდება.

აღნიშნული სიახლე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთის სამხრეთში Saab-ის ქარხანას ესტუმრა და შვედ კოლეგასთან შეხვედრა გამართა. სწორედ აღნიშნულ ქარხანაში იწარმოება მაღალფუნქციური გამანადგურებელი JAS 39 Gripen-ი, GlobalEye სამეთვალყურეო საფრენი აპარატი, სხვადასხვა ტიპის სარაკეტო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ქვეითთა შეიარაღება და სხვა

შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განსავითარებლად გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდა. უკრაინის მიერ Gripen-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის შემთხვევაში, ეს შვედეთის მიერ განხორციელებული საბრძოლო თვითმფრინავების ყველაზე მსხვილი ექსპორტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ შვედეთისგან აღნიშნული გამანადგურებლების შესყიდვის საკითხს უკრაინის თავდაცვის უწყება ორი წელია, განიხილავს. თუმცა ამერიკული F-16-ების მიღების გამო, საკითხი გარკვეული დროით შეჩერდა. უკრაინელი მფრინავები შვედეთში იმყოფებოდნენ და Gripen-ზე სატესტო ფრენები განახორციელეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინას ავიაფლოტში რუსული გამანადგურებლების გარდა, ამერიკული F-16 და ფრანგული Mirage-2000 ჰყავს. შვედური საბრძოლო თვითმფრინავი კი უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. აღნიშნული ტიპის გამანადგურებელი ამერიკული F-35-ების საკმაოდ ბიუჯეტური ალტერნატივაა. სხვადასხვა მონაცემით, ერთი ერთეული JAS 39 Gripen-ის ღირებულება $138-$145 მილიონის ფარგლებში მერყეობს.

აღნიშნული შესყიდვისთვის ფინანსები უკრაინამ შესაძლოა სწორედ გაყინული რუსული აქტივების ევროპისგან გადაცემით მიიღოს. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპაში კონსენსუსი ჯერჯერობით არ მიღწეულა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.