უკრაინა ზამთარში შორი რადიუსის რაკეტა „ფლამინგოს“ მასობრივ წარმოებას დაიწყებს

უკრაინა ზამთარში შორი რადიუსის რაკეტა „ფლამინგოს“ მასობრივ წარმოებას დაიწყებს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 აგვისტოს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინა ზამთარში შორი რადიუსის საკრუიზო რაკეტა „ფლამინგოს“ მასობრივ წარმოებას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია The Kyiv Independent-მა გაავრცელა.

ზელენსკის თქმით, რაკეტამ ტესტირება წარმატებით გაიარა. აღსანიშნავია, რომ „ფლამინგოს“ 3,000 კილომეტრამდე (1,864 მილი) მანძილის დაფარვა შეუძლია, რაც ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას სძენს.

„დეკემბრისთვის უფრო მეტი [რაკეტა] გვექნება. დეკემბრის ბოლოსთვის ან იანვარ-თებერვალში კი მასობრივი წარმოება უნდა დაიწყოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ფლამინგოს“ შექმნაზე უკრაინული კომპანია Fire Point-ი მუშაობს. კომპანიის წარმოების ხელმძღვანელმა, ირინა ტერეხმა, AP-ს განუცხადა, რომ ამჟამად ისინი დღეში ერთ რაკეტას აწარმოებენ, ოქტომბრისთვის კი ამ მაჩვენებლის დღეში შვიდამდე გაზრდას გეგმავენ.

შიდა წარმოების შორი მოქმედების იარაღი უკრაინის თავდაცვის სტრატეგიისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან რუსეთის შეტევების ზრდის ფონზე დასავლელი პარტნიორების მიერ ქვეყნის შეიარაღებით მომარაგება მაინც ნელა მიმდინარეობს, რაც საპასუხო ზომებს აგვიანებს. არსენალში „ფლამინგოების“ არსებობა კი უკრაინას რუსეთის შეტევებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა იარაღის შიდა წარმოების ზრდას აგრძელებს. ზელენსკიმ 16 აპრილს განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე გამოყენებული იარაღის 40%-ზე მეტი უკრაინაშია წარმოებული, მათ შორის დრონების 95%-ზე მეტი.