ფოტო: Monitor / Telegram
უკრაინამ რუსეთის სიდიდით მეორე ონლაინ-რიტეილერ Ozon-ის ოთხ ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანა. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში თავდასხმის სამიზნე მისი ექვსი ობიექტი გახდა.
კომპანიის განცხადებით, დაღესტანში, მახაჩკალაში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრში დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და ობიექტმა მუშაობა შეაჩერა. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ხანძარი გაჩნდა ასევე კრასნოდარის მახლობლად, ქალაქ ენემში მდებარე Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრში. ამასთან, თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა ადიღეის რესპუბლიკაში, ადიღეისკის საწყობიდან, ასევე სტავროპოლის მხარეში, ნევინომისკის ობიექტიდან. კომპანიის ცნობით, აღნიშნული ორი ცენტრი არ დაზიანებულა.
თავდასხმები Ozon-ის სხვა ობიექტებსაც შეეხო. შაბათს დრონმა დაარტყა კომპანიის ლოგისტიკურ ცენტრს სამარის ოლქში, რის შემდეგაც იქ მუშაობა შეჩერდა. მუშაობა შეჩერებულია ორენბურგის ოლქში მდებარე ცენტრშიც, საიდანაც 300-ზე მეტი თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა.
თავდასხმების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ Ozon-ის აქციები მოსკოვის ბირჟაზე თითქმის 30%-ით დაეცა. კომპანიის მსხვილი აქციონერის, საინვესტიციო კომპანიის AFK Sistema-ს აქციების ფასი კი 13%-ზე მეტით შემცირდა.
ომის დაწყების შემდეგ Ozon-ის აქციები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რუსული აქტივი იყო და 2022 წლის ბაზრის მკვეთრი ვარდნის შემდეგ მათი ღირებულება თითქმის 300%-ით გაიზარდა.
უკრაინის მიერ რუსეთის ელექტრონული კომერციის სექტორის ობიექტებზე თავდასხმები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. გასულ კვირამდე იერიშების ძირითადი სამიზნე Ozon-ის კონკურენტი Wildberries-ი იყო. კიევი ამ კომპანიების საწყობებსა და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას რუსეთის ომის ეკონომიკის მხარდამჭერ ნაწილად განიხილავს.
თავდასხმები უკრაინის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზნადაც რუსეთის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე ზეწოლა და ომის დაფინანსების შესაძლებლობების შემცირება სახელდება. კამპანიის ფარგლებში უკრაინა რუსეთში ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებსაც ესხმის თავს, რამაც ქვეყნის ცალკეულ ოლქებში საწვავის დეფიციტი და ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები გამოიწვია.









