აზერბაჯანმა და უზბეკეთმა ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმებას მიაღწიეს | მიზანი სავაჭრო ბრუნვის $1 მილიარდამდე ზრდაა

აზერბაჯანმა და უზბეკეთმა ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმებას მიაღწიეს | მიზანი სავაჭრო ბრუნვის $1 მილიარდამდე ზრდაა

ფოტო: Press service of president of Uzbekistan

 

აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა ურთიერთობების გაღრმავების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. „მარადიული მეგობრობის ხელშეკრულებას“ ხელი ტაშკენტში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიიოევმა მოაწერეს. შეთანხმება 2030 წლისთვის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის $1 მილიარდამდე გაზრდას ისახავს მიზნად.

მხარეებს შორის შეთანხმება უზბეკეთში ალიევის ორდღიანი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახდა. ხელმოწერის ცერემონიალამდე პრეზიდენტებმა პირისპირ მოლაპარაკებები გამართეს და უზენაესი სახელმწიფოთაშორისი საბჭოს მესამე სხდომას უხელმძღვანელეს. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2025 წელს $795 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით სამჯერ მეტია. 2026 წლის იანვარ-მაისში კი ქვეყნებს შორის ვაჭრობამ $144 მილიონს მიაღწია, რაც წლიურად 33%-იანი მატებაა.

ცნობისთვის, 2023 წელს ქვეყნებმა აზერბაიჯანულ-უზბეკური საინვესტიციო კომპანიაც ჩამოაყალიბეს, რომლის კაპიტალიც $500 მილიონს შეადგენს. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტებმა აზერბაიჯანული კაპიტალით დაფინანსებული რამდენიმე პროექტიც დააანონსეს, რომლებიც საბანკო, სამშენებლო, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებს მოიცავს.

აზერბაიჯანული ინვესტიციით დაგეგმილ პროექტებს შორისაა: თაბაშირის ქარხნის მშენებლობა; ორი STEAM-სკოლის შექმნა; SOCAR-ის ხუთი ავტოგასამართი სადგურის გახსნა; ვერცხლის შემცველი მადნის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა და ა.შ.

პრეზიდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს შუა დერეფნისა და ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას. ეს უკანასკნელი ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიასა და ევროპასთან აკავშირებს. მირზიიოევმა კასპიის ზღვაზე ერთობლივი ფლოტის შექმნის მიმართულებით მუშაობის გააქტიურებაც დააანონსა.

დამატებით, მხარეებმა 2027 წლის FIFA U-20-ის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული გეგმებიც განიხილეს. ცნობისთვის, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უზბეკეთი და აზერბაიჯანი ერთობლივად უმასპინძლებენ. აღნიშნული ტურნირისთვის მირზიიოევმა ერთობლივი პროგრამა „ორი ქვეყანა — ერთი ჩემპიონატი“ დააანონსა.

ვიზიტის დასასრულს ქვეყნების ლიდერებმა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებიც გაცვალეს: ილჰამ ალიევს უზბეკეთის ოლიი დარაჯალი დუსთლიქის ორდენი გადაეცა, შავქათ მირზიიოევს კი ჰეიდარ ალიევის ორდენი მიენიჭა.