უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ახლა უკვე ახალი თავდაცვის მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, ქვეყანას თავდაცვისთვის მომავალ წელს, სულ მცირე, $120 მილიარდის მოცულობის ბიუჯეტი დასჭირდება. არსებული ინფორმაციით, ნატოსა და ევროკავშირთან $60 მილიარდის მოცულობის დაფინანსების მისაღებად მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს უკრაინამ თავდაცვისთვის დაახლოებით $60-მილიარდიანი ბიუჯეტი გამოყო, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს შეადგენს. ომში მყოფი ქვეყნისათვის თავდაცვისთვის გამოყოფილი ხარჯები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მისი დიდი ნაწილი ხელფასებს, შეიარაღებას, ტყვია-წამალსა და ჰუმანიტარულ მიზნებს ხმარდება. მიუხედავად მშპ-ის 30%-ისა, უკრაინისათვის აღნიშნული ბიუჯეტი საკმარისი არ არის.
სწორედ ამიტომ ქვეყნის ახალი თავდაცვის მინისტრი მომავალ წელს ბიუჯეტის თითქმის გაორმაგებას გეგმავს. ბიუჯეტის ნახევრის შევსება კი, როგორც ჩანს, პარტიორებისაგან დაფინანსების ან სესხის სახით იგეგმება.
ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრა, განსაკუთრებით საომარ სიტუაციაში, დიდ სირთულეს წარმოადგენს, რის გამოც უკრაინას სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვა და თავდაცვისთვის დამატებითი სახსრების გამოძებნა წელს რამდენჯერმე მოუწია.
სამხედრო ხარჯების შესამცირებლად და მიწოდების პრობლემების აღმოსაფხვრელად უკრაინა გარკვეული ტიპის შეიარაღების ადგილობრივად წარმოებას განიხილავს. ამ მიზნით ქვეყანა ევროპულ და ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან აქტიურად თანამშრომლობს.
შედარებისათვის, რუსეთის 2025 წლის სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით $140-150 მილიარდია.