უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა | რა ხდება ფრონტის ხაზზე?

უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა | რა ხდება ფრონტის ხაზზე?

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წელი გავიდა. სამხედრო ანალიტიკოსებსა და პოლიტიკის მკვლევრებს ომის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით თავიდანვე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ. დასავლური სადაზვერვო სამსახურები კიევის 3 დღეში დაცემას პროგნოზირებდნენ. მოგვიანებით, გარემოებების შეცვლის გამო ომი გაიწელა. მისი დასრულების პერსპექტივა კი ჯერ კიდევ შორსაა.

ომის დასრულება ან მდგომარეობა, რაც შეიძლება ომის დასრულებად ჩაითვალოს, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო სულისკვეთება, დასავლეთის მიერ მიწოდებული შეიარაღება, მისი მოცულობა და სახეობები, შიდა-პოლიტიკური მდგომარეობა, აშშ-სა და უკრაინაში დაგეგმილი არჩევნები, რუსეთის სამხედრო რეზერვები, ვლადიმირ პუტინის პირადი ინტერესები, ბირთვული იარაღის გამოყენება, სანქციები, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარება – ეს იმ გარემოებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ომის მიმდინარეობას ცვლის ან მისი შეცვლის პოტენციალი გააჩნია.

ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგები

ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 18%-ს აკონტროლებს. ომის დაწყებიდან მალევე ეს რიცხვი 27%-ს შეადგენდა. თუმცა, უკრაინული კონტრშეტევებისა და რუსული „სამხედრო მანქანის“ დასუსტების ფონზე, რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამისა, ამან ომის გაჭიანურება გამოიწვია, ვინაიდან მხარეებმა თავდაცვითი ზღუდეები გაამაგრეს, რის გამოც ნებისმიერი ქალაქის აღება ან დაბრუნება დიდ დროსა და რესურსებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ომში მთავარ დანაკარგს ადამიანების სიცოცხლე წარმოადგენს.

გაეროს მონაცემებით, 2 წლის შემდეგ რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულია 10,378 უკრაინელი სამოქალაქო პირი, დაჭრილთა რაოდენობა კი 19,632-ს შეადგენს. მსხვერპლის უმეტესობა, 75% იმ ადგილებში დაიღუპა, რომელთაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მათ სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსეთი და მის მიერ განხორციელებული სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებია. სამხედრო დანაკარგების შესახებ საუბარი, ინფორმაციის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე უფრო რთულია. ზაფხულში აშშ-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ომს 70,000-მდე უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 100,000-120,000 კი დაიჭრა ან დაშავდა. რაც შეეხება რუსულ მხარეს, დასავლური ქვეყნების ინფორმაციით, ჯამში მოკლულ და დაჭრილ რუს სამხედროთა საერთო რიცხვი 320,000-ის ფარგლებში მერყეობს.

ომის გამო იძულებით გადაადგილება რამდენიმე მილიონ უკრაინელს მოუწია. გაეროს მონაცემებით, 2021 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 43.5 მილიონ ადამიანს შეადგენდა. 2023 წლისთვის კი მოსახლეობის რაოდენობა 36.7 მილიონამდე შემცირდა. მიგრაციამ ფრონტის ხაზის დასტაბილურებასთან ერთად იკლო და 2024 წლის დასაწყისისთვის მოსახლეობის ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, რისი დამსახურებითაც მათი რიცხვი 37.9 მილიონამდე გაიზარდა. გაეროს მონაცემებით, უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი 6.5 მილიონს, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი კი 3.7 მილიონს შეადგენს.

ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიზეზი, რის გამოც უკრაინა რუსულ აგრესიას უკვე 2 წელია უმკლავდება, დასავლეთის სამხედრო და ფინანსური დახმარებაა. ომის დაწყებიდან მალევე, დასავლური ქვეყნების თანამეგობრობამ რუსეთს, რუსულ კომპანიებს, სუბიექტებსა და რუსეთთან აფილირებულ კომპანიებსა თუ პირებს ათასობით სანქცია დაუწესა. რუსეთი დატოვა თითქმის ყველა საერთაშორისო კომპანიამ. ამ ყველაფრის მიზანს რუსული ეკონომიკის გამოფიტვა წარმოადგენდა, რათა ომის დაფინანსების წყაროები შემცირებულიყო. თუმცა, რუსული რესურსები თავის ადგილს გლობალურ ბაზრებზე მაინც ნახულობდა. მაგალითად ჩინეთი და თურქეთი სანქცირებულ რუსულ ნავთობს აქტიურად ყიდულობდნენ და მილიარდობით დოლარის ეკონომიკას აკეთებდნენ, რუსეთს შემოსავლის მიღებაში ეხმარებოდნენ.

მნიშვნელოვნადაა შეფერხებული დასავლეთის მიერ უკრაინისათვის შეიარაღების გადაცემის ტემპებიც. ომის დასაწყისში ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ლიდერობით, უკრაინისათვის დასავლური შეიარაღების მობილიზება მალევე განხორციელდა. მოგვიანებით, ბორის ჯონსონის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ინიციატივა აშშ-მა აიღო და უკრაინა მეტწილად ამერიკული შეიარაღების მოლოდინში იყო. თუმცა, დღეს შეიარაღების მიწოდება და ამისთვის ფინანსების გამოყოფა შიდაპოლიტიკური დაპირისპირების საგანი გახდა. აშშ-ის სენატში უკრაინისათვის $50-მილიარდიანი დახმარების გამოყოფის საკითხი რამდენჯერმე დაიბლოკა. მსგავსი მასშტაბის დახმარების მიწოდების ინიციატივა დაიბლოკა ევროკავშირშიც. სადაც მოწინააღმდეგე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რუსეთთან დაახლოებული ვიქტორ ორბანი გამოდგა. აშკარაა, რომ დასავლეთის ფინანსური და სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინას რუსეთის თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდება.

საინტერესოა, თუ რა მოცულობის ფინანსური და სამხედრო დახმარება გამოუყვეს უკრაინას პარტნიორებმა 2 წლის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობის ფინანსური დახმარება უკრაინას ევროკავშირის ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიაწოდა და მან 77 მილიარდი ევრო შეადგინა. სანაცვლოდ, უკრაინას ყველაზე დიდი რაოდენობით სამხედრო დახმარება აშშ-მა აღმოუჩინა. უკრაინელებისათვის გადაცემული ამერიკული შეიარაღების ჯამური ღირებულება $73.3 მილიარდს შეადგენს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ცალკეული სახელმწიფოების მიერ გაწეული დახმარებაც. ევროკავშირის ზონიდან ამ მხრივ გერმანია ლიდერობს, რომელმაც უკრაინას დაახლოებით $20 მილიარდის მოცულობის სამხედრო დახმარება მიაწოდა. ჰუმანიტარული დახმარებით კი გერმანია აბსოლუტური ლიდერია. აღნიშვნის ღირსია დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნორვეგიის, იაპონიის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და კანადის მიერ გამოყოფილი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებებიც. საინტერესოა ისიც, რომ ესტონეთის მიერ გამოყოფილი დახმარება მშპ-ის წილის მიხედვით ყველა სხვა დანარჩენს აღემატება. ესტონეთმა უკრაინას დახმარების სახით საკუთარი მშპ-ს 4.1% გამოუყო.

რა მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე?

რამდენიმე კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და დაკავებული თანამდებობიდან ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი კი ოლექსანდრ სირსკი გახდა. სირსკის სახელს ომის დასაწყისში კიევის წარმატებული თავდაცვა, ხარკოვის გათავისუფლება და ბახმუტის თავდაცვა უკავშირდება. სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ოლექსანდრ სირსკიმ შესაძლოა უკრაინის კონტრშეტევაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს.

უკრაინის კონტრშეტევაში ახალი სიცოცხლე განსაკუთრებით იმის ფონზეა მნიშვნელოვანი, რომ რუსული არმია დაკავებულ პოზიციების გამაგრებას და თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობას განაგრძობს. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ბოლო პერიოდში შეტევითი ინიციატივა რუსეთის მხარეს უფრო გადავიდა და ფრონტის ხაზზე მცირემასშტაბიან წარმატებებსაც მიაღწიეს. გასული წლის მაისში ბახმუტის დაკავების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი გამარჯვება იზეიმა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ავდიივკადან გავიდა. ქალაქი კი მალევე რუსეთმა დაიკავა. რუსეთის მხრიდან შეტევები განახლდა ზაპორიჟიას მიმართულებითაც, სადაც უკრაინას 2023 წლის კონტრშეტევის ფონზე მცირედი უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული. რუსების მცირე წინსვლა ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქ რობოტინოსა და ვერბოვეში შეინიშნება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე სოფელი კრინკის ტერიტორიების დაკავებაც შეძლეს.

საინტერესოა, თუ რა გარდატეხას შეიტანს ოლექსანდრ სირსკი უკრაინის კონტრშეტევაში და რამდენად მალე შეძლებს ინიციატივის დაბრუნებას.

მნიშვნელოვანი მოვლენები, რამაც ომის მიმდინარეობა შეცვალა

2022

თებერვალი, 24

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყება დააანონსა.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაზე იერიში ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებიდან მიიტანეს. პირველ ამოცანას კიევის სწრაფად დაკავება წარმოადგენდა.

მარტი, 4

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავა. აღნიშნული სადგური ევროპაში უდიდესია.

აპრილი, 2

უკრაინამ კიევის რეგიონზე კონტროლი სრულად დაიბრუნა.

ივლისი, 22

თურქეთმა, რუსეთმა, უკრაინამ და გაერომ სტამბულში ხორბლის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმება ცნობილია, როგორც „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“.

სექტემბერი, 21

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

სექტემბერი, 30

რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიას და ხერსონის ცალმხრივად გამოყოფა დააანონსა.

ოქტომბერი, 8

უკრაინამ რუსეთისა და ყირიმის დამაკავშირებელი ქერჩის ხიდი დააზიანა.

ნოემბერი, 11

რუსეთის არმია ხერსონის რეგიონიდან გავიდა.

დეკემბერი, 21

უკრაინის პრეზიდენტი ომის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვია.

2023

მაისი, 3

რუსეთმა პუტინის კრემლის რეზიდენციასთან ახლოს უკრაინული დრონები ჩამოაგდო.

მაისი, 21

რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ბახმუტი დაიკავა.

მაისი, 22

რუსული რეგიონის, ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე უკრაინული დაჯგუფებები შეიჭრნენ და საბოტაჟს აწყობენ.

მაისი, 25

რუსეთმა ბელორუსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.

ივნისი, 6

რუსეთმა კახოვკის კაშხალი ააფეთქა, რის შედეგადაც დიდი ტერიტორია დაიტბორა და შეფერხდა უკრაინის კონტრშეტევა.

ივნისი, 10

უკრაინამ კონტრშეტევების დაწყება დააანონსა. 2023 წლის ბოლოსთვის, სამხედრო ანალიტიკოსების მიერ კონტრშეტევა საბოლოო ჯამში წარუმატებლად შეფასდა.

ივნისი, 23-24

ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ აჯანყდა და სამხედრო გადატრიალების სურვილით მოსკოვის მიმართულებით დაიძრა. მომდევნო დღეს პრიგოჟინმა პოზიცია შეიცვალა.

ივლისი, 17

რუსეთი „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებიდან გავიდა.

აგვისტო, 23

„ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. თვითმფრინავი მოსკოვის ჩრდილოეთით ჩამოვარდა. მომხდარზე პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებენ.

სექტემბერი, 6

აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, $175-მილიონიანი პაკეტი დააანონსა.

ოქტომბერი, 7

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით „ჰამასმა“ თავდასხმა განახორციელა. დასავლეთის ყურადღება, ფინანსური და სამხედრო რესურსები ისრაელის მიმართულებით გადაერთო.

2024

თებერვალი, 7

ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა და მის ადგილას ოლექსანდ სირსკი დანიშნა.

თებერვალი, 17

სირსკიმ ქალაქ ავდიივკადან უკრაინული ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.