რუსული ნავთობის იმპორტით თურქეთმა $2 მილიარდი დაზოგა

რუსული ნავთობის იმპორტით თურქეთმა $2 მილიარდი დაზოგა

LSEG-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Reuters-ის გაანგარიშებით, თურქეთმა და თურქულმა კომპანიებმა 2023 წელს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტით $2 მილიარდამდე დაზოგეს. ცნობილია, რომ დასავლური სანქციების მიუხედავად, ანკარა უფრო მეტი რუსული ნავთობის შესყიდვითაა დაინტერესებული.

ცნობისათვის, დასავლეთ ნახევარსფეროში თურქეთი სანქცირებული რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა. მართალია, ჩინეთმა და ინდოეთმა რუსეთისაგან უფრო დიდი მოცულობის სანქცირებული ნავთობი შეისყიდეს, მაგრამ რუსულ პორტებთან სიახლოვის გამო ეს ნაბიჯი თურქეთისთვის უფრო მოგებიანი აღმოჩნდა. ანკარისთვის გადაზიდვის ხარჯების შემცირება სანქცირებული ნავთობის იმპორტზე უფრო დიდ დანაზოგს ნიშნავს.

LSEG-ის მონაცემებითა და Reuters-ის ანალიზით ირკვევა, რომ 2023 წლის ნოემბერში თურქეთში რუსული „ურალის“ ნედლი ნავთობის იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და დღეში 400,000 ბარელი შეადგინა. ეს მაჩვენებელი კი ნოემბერში რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის მთლიანი წილის 13%-ს შეადგენს.

აღნიშნულზე კომენტარის გაკეთებისაგან რუსული და თურქული მხარეები თავს იკავებენ.

ინდუსტრიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მომდევნო თვეებში თურქეთში რუსული სანქცირებული ნავთობის იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. საქმე ისაა, რომ რუსულმა ნავთობმწარმოებელმა Lukoil-მა აზერბაიჯანულ Socar-თან შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, თურქეთში აზერბაიჯანული Socar-ის გადამმუშავებელ საწარმო STAR-ში ყოველდღიურად 200,000 ბარელი ნავთობი გადამუშავდება.

გარდა აღნიშნულისა, 2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში თურქეთში რუსული დიზელის, საავიაციო და საზღვაოსნო საწვავის იმპორტი 200%-ით გაიზარდა და დღეში 0.29 მილიონი ბარელი შეადგინა.