უკრაინაში ომის პარალელურად NASA „როსკოსმოსთან“ თანამშრომლობას აგრძელებს

უკრაინაში ომის პარალელურად NASA „როსკოსმოსთან“ თანამშრომლობას აგრძელებს

ორშაბათს NASA-ს ოფიციალურმა პირმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მუშაობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით რუსეთის უკრაინაში შეჭრას ორბიტის კვლევით ლაბორატორიაზე გავლენა არ მოუხდენია. პრესკონფერენციის დროს აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ NASA-სა და Roscosmos-ის გუნდები ერთმანეთს კვლავ ესაუბრებიან, ატარებენ ერთობლივ ტრენინგებსა და ერთად მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური მე-20 საუკუნის პროექტს წარმოადგენს. ეს გახლავთ კოსმოსური სადგური, რომლის სხვადასხვა მოდულიც სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ არის კოსმოსში გაგზავნილი. შესაბამისად, მასზე კოსმონავტები მთელი მსოფლიოდან მუშაობენ.

ცნობისათვის, ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შვიდი ადამიანი იმყოფება. მათგან ოთხი ამერიკელი, ერთი გერმანელი ასტრონავტი და ორი რუსი კოსმონავტია. საერთაშორისო კოსმოსური სადგური ფიზიკურად ორ სექტორადაა დაყოფილი. ერთი სეგმენტი პირობითად შეერთებული შტატებისაა, მეორე კი რუსულია.

საინტერესოა, რომ სადგურზე მყოფი კოსმონავტებისა და ასტრონავტების ფუნქციები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ისინი არა მხოლოდ კვლევით ლაბორატორიებში აწარმოებენ ერთობლივ სამუშაოებს, არამედ სასიცოცხლო სისტემების მართვასა და სადგურის ორბიტაზე უსაფრთხოდ ყოფნასაც  უზრუნველყოფენ.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომავალი ორბიტაზე ამერიკელებისა და რუსების ერთობლივ მუშაობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, NASA-ს განცხადებით, მათი დამოუკიდებლად მუშაობა ამჟამად შეუძლებელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *