შვიდი სექტემბრის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური საჰაერო შეტევის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი – მათ შორის დედა და სამი თვის ბავშვი – დაიღუპა, 44-ზე მეტი კი დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული 823 რაკეტიდან და უპილოტო საფრენი აპარატიდან, 751 გაანეიტრალა. თუმცა სამიზნემდე ცხრა რაკეტამ და 54 დრონმა მიაღწია.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევზე გასულ შაბათ-კვირას რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად, მინისტრთა კაბინეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობაში განთავსებულ მინისტრთა ოფისებზე, პოლიციამ, სახანძრო მანქანებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების მისვლის შემდეგ, წვდომა შეზღუდა. დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დრონის ჩამოგდება და მისი ნამსხვრევები დაასახელა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცენტრალურ, სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო საჰაერო ბაზების, სამრეწველო ობიექტისა და კიევის გარეუბანში მდებარე ლოგისტიკული ობიექტის დასაბომბად „მაღალი სიზუსტის იარაღი“ იქნა გამოყენებული. კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაშივე ნათქვამია, რომ „ყველა სამიზნე ობიექტი დაზიანდა“, ხოლო კიევის საზღვრებში არსებულ სხვა ობიექტებზე დარტყმები არ განხორციელებულა“.
შვიდი სექტემბრის თავდასხმას, მათ შორის, მთავრობის შენობის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო: „მტრის თავდასხმების შედეგად პირველად, დაზიანდა მთავრობის შენობა, მათ შორის სახურავი და ზედა სართულები. შენობებს აღვადგენთ, თუმცა დაკარგული სიცოცხლეების დაბრუნება შეუძლებელია“. სვირიდენკომ საერთაშორისო საზოგადოებას ქმედებებისკენ, პირველ რიგში კი ნავთობსა და ბუნებრივ აირზე სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
კვირას რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსეთმა მიზანში ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ქალაქები, მათ შორის დნეპრი და კრივოი-როგიც ამოიღო. შედეგად, დაშავდა სულ მცირე ოთხი ადამიანი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ადმინისტრაციული შენობა, კერძო სახლები, მაღალსართულიანი შენობები, ავტოფარეხები და ავტომობილები. ხოლო ზაპოროჟიეში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული დრონით განხორციელებული დარტყმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაზე თავდასხმას X-ზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და კრემლი „საერთაშორისო სამართლის დარღვევისა და ადამიანების განურჩევლად მკვლელობისთვის“ გააკრიტიკა.
„გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. სამიზნე გახდა მთავრობის შენობა და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებლები. კრემლი კვლავ მასხრად იგდებს დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს. ევროპა დგას და მუდმივად იდგება უკრაინის მხარეს“, – ვკითხულობთ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმები დაგმო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და უკრაინის სუვერენიტეტისკენ მტკიცე მხარდაჭერის მოწოდებით გამოვიდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი კრემლი ადამიანების განურჩევლად მკვლელობაში დაადანაშაულა.
რუსეთის თავდასხმებამდე საფრანგეთში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკრონმა მიღწეული შეთანხმება დააანონსა, რომლის მიხედვითაც 26 სახელმწიფო მზადაა უკრაინაში, ომის დასრულების შემდგომ, სამშვიდობო ძალები გაგზავნოს ან მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უზრუნველყოს დახმარება კიევისთვის – ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში.
უკრაინის პრეზიდენტმა მზადყოფნაც გამოთქვა, შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს როგორც პირისპირ, ასევე სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად. ზელენსკი მზადაა როგორც ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ასევე უკრაინაში შეხვედრისთვის, თუმცა თავად „ტერორისტების დედაქალაქში“ ვიზიტს არ განიხილავს. პარალელურად, ზელენსკიმ პრეზიდენტ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
თავის მხრივ, ტრამპმა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის დასუსტების მიზნით, „მკაცრი სანქციებით“ იმუქრება, შემქნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის თავდასხმებს „კაცობრიობის საშინელი ფლანგვა“ უწოდა და განაცხადა, რომ ის „მთელი ამ სიტუაციით უკმაყოფილოა“. თეთრ სახლში პრესკონფერენციისას ჟურნალისტების დასმულ შეკითხვაზე, მზად იყო თუ არა სანქციების „მეორე ფაზაზე“ გადასასვლელად, ტრამპმა უპასუხა, რომ ის „მზადაა“, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე NBC News-თან ისაუბრა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა. ბესენტის შეფასებით, უფრო მკაცრი სანქციები, მათ შორის რუსული ნავთობის შემსყიდველ სუბიექტებზე, სავარაუდოდ, რუსეთის ეკონომიკას დააზიანებს, ხოლო პრეზიდენტ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს. აშშ-ის ხაზინადრის თქმით, შტატები მზადაა რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, თუმცა ამაში ევროპელი პარტნიორობის ჩართულობაც მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ახლა რბოლაში ვართ, თუ რამდენ ხანს გაძლებს რუსეთის სამხედრო ძალები და რუსეთის ეკონომიკა. და იმ შემთხვევაში, თუ აშშ და ევროკავშირი მეტ სანქციებს, მათ შორის ხელახალ ტარიფებს დაუწესებენ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რუსეთის ეკონომიკა სრულ კოლაფსში აღმოჩნდება“, – დასძინა ბესენტმა.