27 სექტემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზისა და ნავთობის კომპანია Naftogaz-ის სამეთვალყურეო საბჭოს დარჩენილი სამი წევრიც გაათავისუფლა. მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ახალი სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბებამდე და მისი ახალი წევრების არჩევამდე, კომპანიის ფუნქციონირებაზე გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მიიღებს.
აღნიშნული კომპანია საზოგადოების ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც აპრილში მთავრობამ მისი აღმასრულებელი დირექტორი, ანდრი კობოლიევი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ვიტრენკო დანიშნა.
მომხდარი ფაქტიდან მალევე, კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ვიტრენკოს Naftogaz-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნამ დაარღვია დებულება, რომელიც მოითხოვს, რომ წარსულში საწარმოზე გარკვეული უფლების მქონე პირს ამავე საწარმოში თანამდებობის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ შეეძლება, რაც მისი წასვლიდან მინიმუმ ერთი წელი გავა. თუმცა, ვიტრენკოს, რომელიც პარალელურად ენერგეტიკის მინისტრი იყო, საწარმოზე სამეთვალყურეო უფლებამოსილება არ ჰქონია.
საინტერესოა, რომ Naftogaz-ის სამეთვალყურეო საბჭო ექვსი წევრისგან შედგება, რომელთაგან 3 სახელმწიფოს წარმომადგენელია, ხოლო 3 დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ღია კონკურსის შედეგად აირჩევა.
როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი 3 დამოუკიდებელი ექსპერტი მხარს ყოფილ დირექტორს უჭერდა, ამიტომ, მისი გათავისუფლების შემდეგ თანამდებობები მათაც დატოვეს. სახელმწიფომ კი დაკავებული თანამდებობებიდან საკუთარივე წარმომადგენლებიც გაათავისუფლა და სამეთვალყურეო საბჭოზე დე-ფაქტო კონტროლიც დაამყარა. აღნიშნულს კი უკრაინის მთავრობა Naftogaz-ის სტრატეგიული მნიშვნელობით ხსნის და მას ნომერ პირველ პრიორიტეტად მოიხსენიებს.