გაეროს ინფორმაციით, სუდანში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია. ორგანიზაციის გაფრთხილებით, ქალაქ დარფურში თავდასხმების ესკალაცია შესაძლოა „კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად“ იქნას განხილული.
სუდანში დაძაბულობა აპრილის შუა რიცხვებში, ქვეყნის სამხედროებსა და მათთან დაპირისპირებულ, გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ (RSF) შორის დაიწყო. სუდანის „ექიმთა სინდიკატის“ ცნობით, სუდანის დედაქალაქის ნაწილებსა და დარფურის დასავლეთით, ბრძოლების შედეგად, 12 ივნისის მდგომარეობით, სულ მცირე 959 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 4,750-ზე მეტი კი დაიჭრა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, სასტიკმა შეტაკებებმა 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი აიძულა, სახლები მიეტოვებინათ და უსაფრთხო ტერიტორიებზე გადასულიყვნენ, დაახლოებით 530,000-მა პირი კი მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის ეგვიპტეში, სამხრეთ სუდანში, ჩადში, ეთიოპიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ლიბიაში გაიქცა.
IOM-ის გადაადგილების მონიტორინგის მონაცემებით, მოსახლეობის გადაადგილება სუდანის თვრამეტივე პროვინციაში აღირიცხება. დევნილთა საერთო რაოდენობის 65%-ით სიის სათავეში ხარტუმია, მეორე ადგილზე კი, 17%-ით, დასავლეთი დარფურია.
ადგილობრივი აქტივისტებისა და გაეროს ოფიციალური პირების ინფორმაციით, RSF-მა, არაბულ მილიციასთან ერთად, გასულ კვირას დასავლეთ დარფურის დედაქალაქი გენენა დაარბია – დაიღუპა და დაიჭრა ასობით ადამიანი, დაფიქსირდა მოსახლეობაზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც. სუდანში გაეროს წარმომადგენელ ფოლკერ პერტესის შეფასებით, გენენაში ბრძოლებმა „ეთნიკური ხასიათი“ მიიღო და შესაძლოა „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად იქნას კვალიფიცირებული“.