UNESCO ვენეციის „საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა“ სიაში შეყვანის რეკომენდაციას გასცემს

UNESCO ვენეციის „საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა“ სიაში შეყვანის რეკომენდაციას გასცემს

UNESCO-ს ექსპერტები „საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში“ ვენეციისა და მისი ლაგუნის შეყვანის რეკომენდაციას უწევენ. მათი შეფასებით, იტალია კლიმატის ცვლილებებისა და მასობრივი ტურიზმის გავლენისგან ქალაქის სრულყოფილად დაცვას ვერ ახერხებს.

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ექსპერტები რეგულარულად შეისწავლიან გაეროს კულტურული სააგენტოს 1,157 მემკვიდრეობის ძეგლის მდგომარეობას. სექტემბერში, რიადში გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის 21 წევრი სახელმწიფო, საშიშროების სიაში დასამატებლად, 200-ზე მეტ ობიექტს განიხილავს.

იმ ათი ობიექტიდან, რომელთა საშიშროების სიაში შეყვანას ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ, უკვე არის ოდესის ისტორიული ცენტრი უკრაინაში, ქალაქი ტიმბუქტუ მალიში და რამდენიმე ლოკაცია სირიაში, ერაყსა და ლიბიაში. გარდა ამისა, მიმდინარე წელს სიაში ასევე შესაძლოა მოხვდეს უკრაინის სხვა ქალაქები, მათ შორის კიევი და ლვოვი.

UNESCO-ს განცხადებით, იტალიის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მაკორექტირებელი ზომები „არასაკმარისი და არადეტალურია“. ორგანიზაციის ინფორმაციითვე, 2021 წელს, კომიტეტის მიერ გამართული ბოლო სესიის შემდგომ, სადაც UNESCO-მ ვენეციის სიაში შეყვანის საკითხი დასვა, იტალია მდგრად და არსებით კომუნიკაციას აღარ აწარმოებს.

ვენეცია, რომელიც ცნობილია თავისი არხებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მასობრივი ტურიზმის გავლენას წლებია, ებრძვის. 2019 წლის კარნავალის მხოლოდ ერთ დღეს, ისტორიულ ცენტრში დაახლოებით 193,000 ადამიანი შეიკრიბა. ვიზიტორთა რაოდენობის გასაკონტროლებლად, ვენეცია ტურისტებისთვის დღიური გადასახადის დაწესებასაც განიხილავდა, თუმცა ჯერჯერობით საკითხის შესწავლა შეჩერებულია.