სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი თვის თავზე უნგრეთის მინისტრთა კაბინეთი საქართველოს სრული შემადგენლობით ეწვია. დღესდღეობით საქართველოს და კონკრეტულად „ქართულ ოცნებას” ევროკავშირში უნგრეთზე გულმხურვალე მხარდამჭერი არ ჰყავს. ამავდროულად, უნგრეთი კანონის უზენაესობის არასახარბიელო მდგომარეობის, უკრაინაში მიმდინარე ომზე დაკავებული პოზიციისა და რუსეთთან კარგი ურთიერთობის გამო ბრიუსელთან და ევროკავშირის დანარჩენ წევრებთან მწვავე კონფლიქტშია. ამ საკითხებზე წინანდალში ვესაუბრეთ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს.
ბატონო სიიარტო, დიდ მადლობას გიხდით, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. ეს უბრალო ვიზიტი არაა. თქვენ მარტო არ ჩამოსულხართ – თქვენთან ერთად ჩამოვიდა უნგრეთის დანარჩენი მინისტრთა კაბინეტიც, ბატონი ორბანის ჩათვლით. რა იყო თქვენი ვიზიტის მთავარი მიზეზი და რა არის დღის წესრიგის სათავეში თქვენი აქ ყოფნისას?
შარშან, ოქტომბერში, როცა თქვენი პრემიერ- -მინისტრი ბუდაპეშტს ეწვია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. როცა ჩვენ ასეთ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, ეს უბრალო ფურცელი არაა. ჩვენ ხელს ვაწერთ დოკუმენტს, რომელსაც შინაარსი გააჩნია და ჩვენ ამას მართლა ვგულისხმობთ. მართლა ვგულისხმობთ, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობაა, საიდანაც ორივე ქვეყანას დიდი სარგებლის მიღება შეუძლია. ამდენად, ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომ ყველა მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავდა, რომ გადაეხედათ, თანამშრომლობის რა შესაძლებლობები არსებობს მათ სფეროებში. შემდეგ კი, ამ ორმხრივი მოლაპარაკებების შესაჯამებლად, საერთო სამთავრობო სამიტი უნდა ჩატარებულიყო. ამიტომაც ვართ აქ.
ჩვენი ურთიერთობა ოთხ ძალზე მნიშვნელოვან სვეტს ეყრდნობა, რა მიმართულებებითაც პროგრესზე ვმუშაობთ. პირველი: ჩვენ იმ წევრ სახელმწიფოებს შორის ვართ, ვინც ევროკავშირის გაფართოებას ემხრობა და გვჯერა, რომ ევროკავშირს სჭირდება ის სტიმული და ენერგია, რისი მოტანაც საქართველოს შეუძლია – ქვეყანას, რომელსაც ზედიზედ ორი წელია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. თქვენ ნამდვილად ხელს შეუწყობდით ევროკავშირის წარმატებას, რაც საჭიროა, რადგან ევროკავშირი ამჟამად საკმაოდ ცუდ ფორმაშია. ამდენად, პირველი სვეტი არის ევროინტეგრაციის მხარდაჭერა და კანდიდატის სტატუსის რაც შეიძლება მალე მოპოვება.
მეორე – ჩვენი თანამშრომლობაა ენერგეტიკის სფეროში. როცა ვამბობ „ჩვენი“, არ ვგულისხმობ უნგრეთსა და საქართველოს, ვგულისხმობ კავკასიასა და ევროკავშირს, რადგან ენერგოსისტემის მიწოდების მოდერნიზაცია და მდგრადი ენერგიის გამოყენებასთან მიახლოება გარე პარტნიორებს საჭიროებს. კავკასიის რეგიონი კი დანამდვილებით შეიძლება, ასეთი პარტნიორი იყოს. ოღონდ გახდება თუ არა პარტნიორი, დამოკიდებულია ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ჩამოვედით, რომ განვიხილოთ აზერბაიჯან-რუმინეთ-უნგრეთის გადამცემი ხაზის მშენებლობის გაგრძელება, რომლის მეშვეობითაც მწვანე ენერგიის გაშვება იქნება შესაძლებელი აქედან ევროპაში.
მესამე ეკონომიკურ თანამშრომლობას შეეხება. ამ მხრივ, წყლის მენეჯმენტის სფეროს მივიჩნევ ისეთად, სადაც გარღვევაა შესაძლებელი.
და მეოთხე – ჩვენ ორივე ქრისტიანული ქვეყანა ვართ. ქვეყნები, რომლებიც ვამაყობთ ჩვენი მემკვიდრეობით, ტრადიციებით და თავისებურებებით. ჩვენ ამის საფუძველზე უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ამჟამად ევროპასა და მსოფლიოში პოლიტიკურ დისკურსში ლიბერალური მეინსტრიმი დომინირებს. იმ ქვეყნებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ექსტრემალური ლიბერალიზმი არც ისე წარმატებული პოლიტიკური იდეოლოგიაა, მჭიდროდ უნდა იმუშაონ.
ახსენეთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია დღის წესრიგის სათავეში იყო. ივნისში თქვენმა თანამემამულემ, ბატონმა ოლივერ ვარჰეიმ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, თქვა, რომ საქართველოს მხოლოდ სამი რეკომენდაცია ჰქონდა შესრულებული იმ 12-იდან, რომლებიც ევროკომისიამ შარშან გასცა. დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც კვირებია დარჩენილი ევროკომისიის მოსაზრების გამოქვეყნებამდე, შემდეგ კი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, როგორ შეაფასებდით საქართველოს პროგრესს ამ თვალსაზრისით?
სიმართლე რომ გითხრათ, ამ სიას სერიოზულად არ აღვიქვამ ორი მიზეზის გამო. პირველ ყოვლისა, ეს სია თუ მასთან შესაბამისობა საქართველოს წინაპირობად გამოუწერეს, ხოლო დანარჩენ ქვეყნებს – საშინაო დავალებად. მოლდოვამ, უკრაინამ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ კანდიდატის სტატუსი იმ სურვილის პარალელურად მიიღეს, რომ ამ სიასთან შესაბამისობაში მოსულიყვნენ, საქართველოსთვის კი ეს წინაპირობაა. ეს ორმაგი სტანდარტია, რაც ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია. ამ სიას სათვალავში სერიოზულად იმიტომაც არ ვიღებ, რომ ძალიან სუბიექტურია. ძალიან სუბიექტური და, სასაცილოს ვერ ვიტყოდი, რადგან ვითარება ტრაგიკულია, მაგრამ ეს პუნქტები გაუგებარია. განსაკუთრებით, როცა იქ საუბარია პოლიტიკური ცხოვრებიდან ფრაგმენტაციის აღმოფხვრაზე. კარგი რა! სადაც დემოკრატიაა, პოლიტიკური ცხოვრება ფრაგმენტირებულია, რადგან დემოკრატია მრავალპარტიულ სისტემას გულისხმობს. თუ ბევრი პარტია გყავს, მაშინ პოლიტიკური ცხოვრება ფრაგმენტირებულია. როგორ უნდა აღმოფხვრა ფრაგმენტაცია? ერთპარტიული სისტემით. მართლა გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანას ერთპარტიული სისტემისაკენ ვუბიძგოთ? სიგიჟეა ბევრი თვალსაზრისით. ამიტომ ეს სია ჩემთვის უმნიშვნელოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია რეალობა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა ხდება ადგილზე. აშკარაა, რომ ევროკავშირს სჭირდება ახალი სტიმული, სუფთა ჰაერი, პოზიტიური ენერგია. ეს შეიძლება საქართველოსნაირი ქვეყნებიდან წამოვიდეს. ვიტყოდი, რომ ამჟამად ევროკავშირს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირის წევრობა. მე ვითარებას ამ კუთხიდან ვუყურებ. გაფართოების გარეშე ევროკავშირი ვერ გაძლიერდება.
ფიქრობთ, რომ ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი დაგეთანხმებათ?
არა. ნამდვილად არა. მინიმუმ, მათი უმეტესობა არ დამეთანხმებოდა, ეს ვიცი. როგორც კი გაფართოებაზე ვსაუბრობთ, საჯაროდ ყველა მხარდაჭერას აცხადებს, 27-ივე ქვეყანა. გაფართოებაზე გადაკრულ სიტყვას ვერ გაიგებთ. მაგრამ როგორც კი დახურულ კარს მიღმა აღმოვჩნდებით, საქმე სულ სხვაგვარადაა. წევრი სახელმწიფოების უმეტესობა ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებებსა და ბარიერებს აგებს. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ. ამჟამად, გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ჩვენ, ვინც გაფართოებას მხარს ვუჭერთ, ევროკავშირში უმცირესობაში ვართ.
ამდენად არ ფიქრობთ, რომ წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უნდა ველოდოთ?
იმედი არსებობს, რადგან გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. მაგრამ ვშიშობ, რომ ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების ნაცვლად, იდეოლოგიურად მოტივირებული, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასეთ შემთხვევაში, შედეგი პოზიტიური არ იქნება, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ ჩვენი კოლეგების დარწმუნებას ევროკავშირში, მიიღონ ფაქტებზე დაფუძნებული, რაციონალური გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილება რაციონალური იქნება, მაშინ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. თუ გადაწყვეტილება იდეოლოგიური და პოლიტიკურად მოტივირებული იქნება, მაშინ ადვილი მგონია შედეგის პროგნოზი.
მართალია, საქართველოს მთავრობა საჯაროდ აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით წინსვლა სურს, ისინი უკრაინაში ომის დაწყებიდან ადანაშაულებენ დასავლელ პარტნიორებს, რომ მათ საქართველოს ომში ჩართვა და აქ მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ბატონი ბორელი, თქვენი კოლეგა ბრიუსელიდან, გამოეხმაურა ამ საკითხს როცა არცთუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოში იყო ჩამოსული. თქვენი პასუხი რა იქნებოდა ამაზე?
ვფიქრობ, ასეთი წნეხი მიუღებელია, სრულიად მიუღებელი.
თქვენ ფიქრობთ, წნეხს ადგილი აქვს? იტყოდით, რომ არის?
რა თქმა უნდა! ეს აშკარაა.
ვინ აკეთებს ამას?
ვფიქრობ, ეს თქვენს შეკითხვაშიც იყო. თქვენ თქვით, რომ ასეთი მოლოდინია წამოყენებული. ეს აშკარაა და თქვენ ამასთან დაკავშირებით ბატონი ბორელის ციტატაც მოიყვანეთ.
არა, მან თქვა, რომ ეს სიმართლე არაა.
სიმართლე არაა, რომ?
რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ცდილობს დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას?
მე სხვანაირად ვიტყოდი. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთს აქვს მოლოდინი, საქართველო მეტად ებმოდეს დასავლეთ ევროპის პოლიტიკურ მიდგომას ომთან დაკავშირებით. მე ასე ვიტყოდი.
დიახ, მაგრამ ეგ შეიძლება იყოს, მაგალითად, სანქციებთან მიერთება. მაგრამ როცა მეორე ფრონტის გახსნაზე ვლაპარაკობთ, ეს უკვე სულ სხვა საკითხია.
დიახ, აბსოლუტურად, და იმედი მაქვს, ასეთი მოლოდინი არ არსებობს. იმედი მაქვს. არ ვიცი, საქართველოს მთავრობა ჰყავდათ თუ არა ამგვარი წნეხის ქვეშ.
ანუ არ შეგიძლიათ იმის თქმა, რომ ასეთი რამ არ ხდება?
არ ვიცი. მე არ ვმონაწილეობ ყველა იმ შეხვედრაში, რომლებიც საქართველოს მთავრობას დასავლელ პარტნიორებთან აქვს. ევროპის პოლიტიკური არენიდან ის ვიცი, რომ ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო სრულიად უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია, რომ საქართველო არ მიჰყვება დასავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკას ომთან დაკავშირებით. მაგრამ მე სულ ამას ვიმეორებ: შეხედეთ, ბიჭებო. არ უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ათწლეულებია, დარღვეულია. ჩამოვიდა ვინმე აქ, რომ საქართველოს ამ მხრივ დახმარებოდა? არავინ. ასე რომ, რატომღა უნდა ველოდოთ, რომ საქართველო შეუერთდება იმ ზომებსა თუ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ვითარებასა და კონკრეტული ქვეყნის უსაფრთხოებას მეტად გააუარესებს?
მე პრობლემა იმასთან მაქვს, რომ, როცა ევროკავშირი, უფრო სწორად, დასავლეთევროპელი კოლეგები სხვებისგან რაღაცას ელოდებიან, ისინი მზად არ არიან, საკითხს მათი გადმოსახედიდან შეხედონ.
ვსაუბრობთ რა უსაფრთხოების პოლიტიკაზე, უნგრეთი თურქეთთან ერთად ნატო-ს იმ ორ ქვეყანას შორისაა, რომლებიც შვედეთის ნატო-ში მიღების რატიფიკაციას აყოვნებენ. პრემიერ-მინისტრმა ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი რატიფიკაციას აპირებს, მაგრამ პარლამენტს ჯერ ეს არ გაუკეთებია. პირდაპირ მინდა გკითხოთ – რისი მიღება სურს უნგრეთს? რა არის საჭირო საიმისოდ, რომ პარლამენტმა, ბოლოს და ბოლოს, რატიფიცირება მოახდინოს?
მოგახსენებთ. თქვენ სწორად აღნიშნეთ, მთავრობამ კანონპროექტი პარლამენტს გასულ ზაფხულს წარუდგინა. ჩემი ხელით ვქენი. რატომ არ მოახდინა პარლამენტმა რატიფიკაცია? მმართველ პარტიას პარლამენტში 2/3-იანი უმრავლესობა აქვს. ეს ძალიან სტაბილური პოლიტიკური სისტემაა. სხვათა შორის, ამას ევროპარლამენტი დიქტატურას ეძახის, მაგრამ ამას სერიოზულად არ უნდა შევხედოთ. ეს ძალიან სტაბილური პოლიტიკური სისტემაა. ჩვენი პარლამენტის წევრების უმრავლესობა მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ვადითაა. ესენი არიან დეპუტატები, ვინც ოთხი, ხუთი, ექვსი არჩევნები მოიგეს. მათ მოიგეს ნამდვილი მანდატები ნამდვილი კამპანიებით სოფლებში, მიდიოდნენ რეალურ ხალხთან და იღებდნენ მათ რეალურ ხმებს. ამის შემდეგ ესმით, რომ ჩრდილოეთიდან, ასობით კილომეტრის დაშორებიდან, პოლიტიკოსები, რომლებიც სტოკჰოლმში თუ უფსალაში სავარძლებში სხედან, ლაპარაკობენ, რომ უნგრეთი დემოკრატია არაა, უნგრეთი დიქტატურაა, ეს არაა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, ეს არაა ლეგიტიმური… შეურაცხყოფილნი არიან. თქვენც შეურაცხყოფილი იქნებოდით და სრულიად სამართლიანადაც. შეურაცხყოფილნი არიან, რადგან რაშიც მონაწილეობენ, არაა მიჩნეული დემოკრატიად იმისგან, ვისაც წარმოდგენა არა აქვს. ეს ხალხი გადაიღალა და ამბობს: „რატომ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, რომ დავემორჩილოთ იმ ხალხის მოთხოვნას, ვინც აგერ უკვე რამდენი წელია, გადაგვღალა. ამდენად, საგარეო საქმეთა მინისტრსაც ძალიან მკაფიოდ ვუთხარი – რა თქმა უნდა, ჩვენ ვემხრობით, რომ ნატო-ში შემოვიდნენ. მაგრამ მათ რამე უნდა იღონონ, რომ დაარწმუნონ ისინი, ვინც ამას ხმა უნდა მისცეს, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება. მათ ახლა სურთ შეუერთდნენ ორგანიზაციას, სადაც, მათი მიდგომის თანახმად, ერთ-ერთი წევრი დემოკრატიული არ არის. რა გამოდის? ბურთი შვედების მოედანზეა, მიხვდნენ, როგორ უზრუნველყონ, რომ ასეთი შეურაცხყოფა აღარ განმეორდეს. არ შეიძლება, მოსთხოვო ვინმეს, დაემორჩილოს შენს მოლოდინს, როცა მუდამ ლანძღავ. რანაირად?
თქვენმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა გერგელი გულიაშმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ „დასავლეთმა უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცეს რუსეთს და არ უნდა დაუშვას უკრაინის ნატო-ში შესვლა“. ეთანხმებით თუ არა ამ განცხადებას და რა უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცეს დასავლეთმა რუსეთს, იმ ყველაფრის მერე, რაც საქართველოს ჩრდილოელმა მეზობელმა ბოლო წლებში ჩაიდინა?
ნამდვილად ვეთანხმები, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს, რადგან თუ ასე მოხდება, ჩვენ მესამე მსოფლიო ომისთვის უნდა მოვემზადოთ. იმედი მაქვს, ეს არავის უნდა. მჯერა, რომ ომის საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს. ამ ომის ბედი ბრძოლის ველზე ვერ გადაწყდება. ბრძოლის ველზე გადაწყვეტას ვერ ნახავთ, ნახავთ მხოლოდ გარდაცვლილ ხალხს, უფრო და უფრო მეტს. ამდენად, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. შემდეგ, თუ მოლაპარაკებები გაიმართება, კომპრომისზე ყველა უნდა წავიდეს, ყველამ უნდა გასცეს გარანტიები, რათა შეთანხმება შედგეს. იმედი გვაქვს, რომ ომი მოლაპარაკების გზით შეწყდება რაც შეიძლება მალე. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტი ხალხი დაიხოცება, მეტი ინფრასტრუქტურა განადგურდება და რეკონსტრუქციაზე მეტი ფულის დახარჯვა მოგვიწევს, უკრაინას კი წლები და შესაძლოა ათწლეულები დასჭირდება, რომ იმ გზას დაუბრუნდეს, რომელზეც იდგა. მოლაპარაკებები უნდა შედგეს და მალე, სხვაგვარად ზიანი იმდენად დიდი იქნება, რომ არ ვიცი, რა უნდა ვიღონოთ.
ომი რუსეთმა დაიწყო, როცა უკრაინაში შეიჭრა. საკმაოდ ნათელია, რა უნდა ქნას რუსეთმა, რომ ომი მორჩეს – ჯარი უნდა გაიყვანოს უცხო ქვეყნის მიწიდან. თქვენ კომპრომისი ახსენეთ – თქვენი აზრით, უკრაინა რა სახის კომპრომისზე შეიძლება წავიდეს?
რამდენადაც უკრაინელი არ ვარ, ვერ გეტყვით, რა სახის კომპრომისზე შეიძლება წავიდნენ. მაგრამ ის შემიძლია გითხრათ, რომ თუ მოლაპარაკებები იმართება, როგორც წესი, შეთანხმებით მთავრდება. არ მაქვს არც წარმოდგენა და არც გეგმა, რა სახის კომპრომისის გაღება შეიძლება. რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების პატივისცემა აუცილებელია. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. მე მხოლოდ მიმდევრობა ვიცი – ცეცხლის შეწყვეტა, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, მოლაპარაკებები და შემდეგ სამშვიდობო შეთანხმება. მე ეს ვიცი. რას მოიცავს ეს, როგორი იქნება შინაარსი, მე არ ვიცი, ჩვენ, სამწუხაროდ, აქამდე ჯერ არ მივსულვართ. ეს იმათ უნდა მივანდოთ, ვინც მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება. ჩვენ იქ ნამდვილად არ ვისხდებით.
ისევ უკრაინაზე. უნგრეთი ბოლო თვეებია, უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარებას ბლოკავს. განბლოკვის წინაპირობა ის იყო, რომ უკრაინას სანქციების სიიდან ამოეღო უნგრული ბანკი OTP. უკრაინამ ეს უკვე გააკეთა. არის თუ არა ეს საკმარისი, რომ უნგრეთმა ეს თახნა განბლოკოს? სხვას რას ელით?
პირველ რიგში, მინდა განვმარტო, რომ ჩვენ არანაირ თანხას არ ვბლოკავთ. რისთვის არის ევროპული მშვიდობის მექანიზმი? წევრ სახელმწიფოებს სჯერათ, რომ უკრაინას იარაღი უნდა მისცენ. შეუძლიათ, ეს ქნან, არავინ უშლის. მათი გადაწყვეტილებაა. შეკითხვა ისაა, აანაზღაურებს თუ არა ევროკავშირი ამას ევროპელი გადასახადის გადამხდელის ფულით. ჩვენ იმას ვბლოკავთ, რომ ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს ეს თანხა არ უნდა აუნაზღაუროს. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გადასცენ, ეს არაა პრობლემა. მათთვის, თორემ ჩვენ არ ვაძლევთ იარაღს. მგონია, რომ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა პრობლემაა, რადგან რაც მეტი იარაღი იქნება, ომი უფრო დიდხანს გასტანს, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ უნგრული ბანკი მოეხსნათ სანქციების სიიდან. ეს ნაწილობრივ განხორციელდა – ბანკის მმართველი საბჭოს წევრები კვლავ სანქცირებულთა სიაში არიან. ამ ბანკის რუსული შვილობილი კვლავ სიაშია. ჩვენ შესაბამისი უკრაინული სააგენტოს წარმომადგენლები მოვიწვიეთ ბუდაპეშტში, რათა შეთანხმებაზე ვისაუბროთ, რომლის საფუძველზეც ასეთ ნაბიჯს აღარ გადადგამენ. მიზეზი, რის გამოც ეს უნგრული ბანკი სანქციების სიაში მოახვედრეს, სასაცილოა, ფაქტებზე არაა დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, არსებობს წუხილი, რომ იმავეს იზამენ, რადგან ასე უკვე მოიქცნენ. ამიტომ ველოდებით, რომ ბუდაპეშტში ჩამოვლენ და ამაზე შეთანხმებას მივაღწევთ.
მსურს, გკითხოთ იმ ფულის შესახებ, რომელიც ბრიუსელმა უნგრეთს გაუყინა. საუბარია დიდ თანხაზე – მილიარდობით ევროზე. ბოლო კვირებში იწერება, რომ ბრიუსელმა შესაძლოა, ეს თანხა უნგრეთს მაინც გადაურიცხოს. უნდა ველოდოთ შეთანხმებას ამ მიმართულებით?
ნეტავ, ასე მოიქცნენ. ნეტავ, შეეწყვიტათ „გაყინვა“, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა. არ მიგვიღია ის ფული, რომელიც ჩვენთვის უნდა გადმოერიცხათ. რადგან აღქმა აქ მნიშვნელოვანია – ეს ბრიუსელის ფული არაა, ეს წევრი სახელმწიფოების ფულია. ეს ფული ციდან არ ჩამოცვენილა, ეს ფული წევრ სახელმწიფოებში ხალხის ეკონომიკურმა მიღწევებმა შექმნა. ეს ნაწილობრივ ჩვენი ფულია. ამდენად, მიუღებელია, რომ ამ ფულს არ ვიღებთ. ევროკავშირი, ევროკომისია არღვევს წესებს, როცა არ გვაძლევენ იმ ფულს, რომელიც ჩვენია. იმედი მაქვს, ამ ფულს მალე მივიღებთ, მაგრამ ევროკომისიის მხრიდან ვერ ვხედავ განზრახვას, რომ ასე მოიქცევიან.