სემ ოლტმენი Microsoft-ის AI-გუნდს უხელმძღვანელებს

სემ ოლტმენი Microsoft-ის AI-გუნდს უხელმძღვანელებს

როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის მთავარი სახე – სემ ოლტმენი, OpenAI-ში დაბრუნებას აღარ გეგმავს და ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Microsoft-ს უერთდება. Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის, სატია ნადელას განცხადებით, ოლტმენი კომპანიის მოწინავე ხელოვნური ინტელექტის კვლევით ჯგუფს უხელმძღვანელებს.

სემ ოლტმენთან ერთად, Microsoft-ის AI-გუნდს შეუერთდება გრეგ ბროკმანიც, OpenAI-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც დაკავებული თანამდებობა ოლტმენის სოლიდარობის ნიშნად დატოვა. „მოუთმენლად ველით და მზად ვართ, ისინი წარმატებისთვის საჭირო ყველა რესურსით უზრუნველვყოთ“, – ვკითხულობთ ნადელას პოსტში. შეგახსენებთ, რომ Microsoft-ი OpenAI-ის მთავარი ინვესტორია.

თავის მხრივ კი OpenAI-მ კომპანიაში ოლტმენის დროებითი შემცვლელი უკვე დაასახელა. ის ვიდეოთამაშების პოპულარული პლატფორმა Twitch-ის თანადამფუძნებელი ემეტ შირია. შირი პარასკევს, მენეჯმენტის ცვლილებებისას დანიშნულ მირა მურატის ჩაანაცვლებს და OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ OpenAI-ის დირექტორთა საბჭომ ფირმის ერთ-ერთი დამაარსებელი სემ ოლტმენი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან 18 ნოემბერს გადააყენა. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ოლტმენი საბჭოსთან ურთიერთობისას ყოველთვის „გულწრფელი“ არ იყო, რაც მას მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდა.

ინვესტორები შიშობენ, რომ ოლტმენის მოულოდნელმა გათავისუფლებამ შესაძლოა კომპანიიდან ტალანტების გადინება გამოიწვიოს და სამომავლოდ, $86 მილიარდის ღირებულების აქციების გაყიდვაზეც უარყოფითად აისახოს.