უნგრეთმა უკრაინის ფინანსური დახმარების €50-მილიარდიანი პაკეტი დაბლოკა

უნგრეთმა უკრაინის ფინანსური დახმარების €50-მილიარდიანი პაკეტი დაბლოკა

გუშინ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნეს, საქართველოს კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. თუმცა ევროპული ქვეყნების ლიდერებმა კიევისთვის განკუთვნილი 50 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მიზეზი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობრივი პოზიციაა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტს 26 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა. თუმცა, მისი განმარტებით, ფინანსური დახმარების მიწოდების საკითხი საბოლოოდ არ გაუქმებულა და მომდევნო, „საგანგებო“ სხდომამდე გადაიდო, რომელიც 2024 წლის დასაწყისში გაიმართება.

საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას უნგრეთის პრემიერმა X-ის ანგარიშზეც ამცნო. „დღის შეჯამება: ვეტო უკრაინისთვის დამატებითი ფულის გამოყოფაზე, ვეტო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს განხილვაზე. აღნიშნულ საკითხს მომავალ წელს შესაბამისი მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“ – წერს ვიქტორ ორბანი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, უკრაინამ ევროპული პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკის ბიუჯეტიდან ამ მოცულობის დახმარება არ უნდა მიიღოს, რადგან ის მისი წევრი არ არის. თუმცა ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები უკრაინის ლიდერებს ფინანსური დახმარების დამტკიცებაში არწმუნებენ. ორბანის არგუმენტი უკრაინაში არსებულ კორუფციის მაღალ მაჩვენებელს ეფუძნება, რის გამოც ის უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზაობას უწუნებს.