UNICEF-ის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დაღუპულ ბავშვთა რაოდენობამ 13 ათასს გადააჭარბა. გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელ დირექტორ კეტრინ რასელს, CBS News-თან ინტერვიუში, მონაცემთა წყარო არ დაუსახელებია, თუმცა ყურადღება გაამახვილა მისივე სააგენტოს განცხადებაზე, რომელიც ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშს ეფუძნებოდა.
„ათასობით და მეტი ბავშვი დაშავებულია და მათი ადგილსამყოფლის ზუსტად დადგენაც კი არ შეგვიძლია. მათი დიდი ნაწილი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ბავშვების სიკვდილიანობის მსგავსი მაჩვენებელი აქამდე მსოფლიოს თითქმის არც ერთ კონფლიქტში არ გვქონია“, – განაცხადა რასელმა CBS News-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, ბიუროკრატიული დაბრკოლებები არსებობს მაშინაც, როდესაც ღაზაში საჭირო დახმარების სატვირთოებით შეტანის აუცილებლობა დგება.
14 მარტის ინფოგრაფიკით, 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ, რასაც ისრაელისგან საპასუხო თავდასხმები მოჰყვა, ღაზაში 13 ათასზე მეტი ბავშვი და 9 ათასზე მეტი ქალია დაღუპული. ცნობისთვის, ომის დროს მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გაეროს სააგენტოები ღაზის ხელისუფლების მონაცემებს ეყრდნობიან.
დაღუპულთა რაოდენობისა და არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო, რასაც დახმარების ბლოკირებაც ერთვის თან, ისრაელის მიმართ საერთაშორისო კრიტიკა კიდევ უფრო გაიზარდა. გაეროს ექსპერტების განცხადებით, ისრაელი ღაზის სასურსათო სისტემას ანადგურებს, რასაც მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე მიჰყავს. თუმცა ისრაელი ბრალდებებს უარყოფს.
„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მხრიდან საპასუხო სამხედრო შეტევის დაწყებიდან ხუთი თვის თავზე, ღაზაში დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 31 ათასს აჭარბებს. ღაზის 2.3-მილიონიანი მოსახლეობა კი, თითქმის სრულად, იძულებითაა გადაადგილებული.