Unleashed: ვრცლად Apple-ის ყველა სიახლის შესახებ

Unleashed: ვრცლად Apple-ის ყველა სიახლის შესახებ

Apple-მა წელს რიგით მეორე ღონისძიება გამართა, რომელზეც, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ განახლებებთან ერთად, ახალი თაობის MacBook Pro-ები და AirPods-ები წარმოადგინა – თითოეულ მათგანს, აწ უკვე ტრადიციულად, ამ ვრცელ სტატიაში მოვუყარეთ თავი.

Apple-ის ახალი პროდუქტების ამბავს მუსიკალურად ვიწყებთ. საქმე ისაა, რომ ოქტომბრის ტექნოლოგიური ღონისძიება მოულოდნელად, მაგრამ საინტერესოდ დაიწყო: მაყურებელთა წინაშე ინგლისელი მომღერალი და პროდიუსერი, ენდრიუ გაი კუკი წარდგა, რომელმაც Apple-ის გასული ორმოცდახუთი წლის განმავლობაში გამოსული სხვადასხვა პროდუქტის უნიკალური ხმების რემიქსი შექმნა. მუსიკალურ კომპოზიციას „Start Up“ ჰქვია და მოსასმენად ის ძალიან სასიამოვნოა – კლიპში კი, Apple-ის სხვადასხვა მოწყობილობა ჩანს, მათ შორის Mac G3-ი, წარმოებიდან ამოღებული დინამიკი iPod Hi-Fi და ლეგენდარული iPod Classic-ი.

ახალი თაობის MacBook Pro

თავისთავად ცხადია, რომ Apple-ის ოქტომბრის ღონისძიების განხილვა განახლებულ MacBook Pro-ებზე საუბრით უნდა დავიწყოთ, რადგან, როგორც ცნობილი იყო, ეს ღონისძიება სწორედაც რომ ახალი ლეპტოპების წარსადგენად დაიგეგმა. განახლებული MacBook Pro ორი ზომისაა – Apple-მა 14-დუიმიანი და 16-დუიმიანი მოდელები წარმოადგინა.

Apple

Apple-ის MacBook Pro-ს 14-დუიმიანი და 16-დუიმიანი   მოდელების შეძენა ორი განსხვავებული პროცესორით შეიძლება. Apple-მა საკუთარი წარმოების სილიკონის ათბირთვიანი CPU-ს მქონე ორი პროცესორი წარმოადგინა: M1 Pro (14-ბირთვიანი და 16-ბირთვიანი GPU) და M1 Max-ი (24-ბირთვიანი და 32-ბირთვიანი GPU), რომლებიც წინა თაობის MacBook Pro-ებში გამოყენებული Intel-ის წარმოების პროცესორებზე, სულ მცირე, ორჯერ უფრო სწრაფია.

Apple

იქიდან გამომდინარე, რომ ახალი პროცესორები Apple-ის ისტორიაში ყველაზე მძლავრია, უპრიანი იქნებოდა, თუკი მათ ფუნქციონალს დეტალურად მიმოვიხილავთ. გასულ წელს Apple-მა Intel-ის წარმოების პროცესორებზე უარი თქვა და საკუთარი წარმოების სილიკონის პროცესორი M1 წარმოადგინა, რომელიც ამ დრომდე Apple-ის წამყვან პროცესორად ითვლებოდა. როგორც ახალი პროცესორების წარდგენისას გაირკვა, M1 პროცესორთან შედარებით, M1 Pro 70%-ით უფრო მძლავრი და გრაფიკულად ორჯერ უფრო გამართულია. საბოლოო ჯამში, ის 33.7 მილიარდი ტრანზისტორისგან შედგება, რაც M1-ში გამოყენებულ ტრანზისტორთა რიცხვს თითქმის ორჯერ აღემატება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან Apple-ი აქ არ შეჩერდა და კიდევ უფრო მძლავრი პროცესორი შექმნა – M1 Max-ი, რომელიც 57 მილიარდ ტრანზისტორს იყენებს, რაც საშუალებას მოგცემთ, ერთ ლეპტოპს ოთხი დამატებითი დისპლეი დაუკავშიროთ.

ახალი თაობის MacBook Pro-ებს 14.2-დუიმიანი და 16.2-დუიმიანი, 120-ჰერციანი ProMotion Mini LED დისპლეი აქვთ, რომელთაც Apple-ი Liquid Retina Pro XDR-ს უწოდებს და აღნიშნავს, ასეთი მძლავრი დისპლეი ისტორიას არ ახსოვს. ეს დისპლეი, რომელიც ათი ათასი mini-LED-სგან შედგება, 1000-ნიტიანი მუდმივი და 1600-ნიტიანი პიკური სიკაშკაშით და მილიარდი ფერის გამოსხივების უნარით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ განახლებული MacBook Pro-ების ეკრანზე არსებული კანტი 3.5 მილიმეტრით (ანუ, 24%-ით) შემცირდა, ხოლო ეკრანის ზემოთ, კამერის ადგილას, მცირე ზომის შავი კუნძული გამოჩნდა. გაძლიერდა კუნძულის შიგნით არსებული კამერაც – ამიერიდან, MacBook Pro უფრო ფართო გადაღების 1080-პიქსელიანი ტექნოლოგიურად დახვეწილი წინა კამერა ექნება. თუმცა ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გამართლდა – Apple-ს Face ID-ის ფუნქცია არ დაუმატებია.

განახლებული MacBook-ების ერთ-ერთი გამორჩეული თვისება – მათი მუსიკალურობაა: საქმე ისაა, რომ Apple-ის ახალ ლეპტოპებს სტუდიური დონის სამი მიკროფონი და ექვსდინამიკიანი ხმის სისტემა აქვთ. ეს მიკროფონები 60%-ით უფრო ჩუმად მუშაობენ, რაც თითქოს შეუმჩნეველი ხმების ჩაწერის საშუალებასაც მოგცემთ. მეტიც, მიკროფონების ეს სისტემა მიმართულებით ბგერათფორმირების ტექნოლოგიას იყენებს – შესაბამისად, თქვენი ხმა მუდმივად სუფთა იქნება. გარდა ზემოხსენებულისა, ახალი MacBook Pro-ებს სივრცითი აუდიოს ტექნოლოგი აქვთ, რაც ჭკვიან ალგორითმებთან და Liquid Retina XDR დისპლეისთან ერთად, კონცერტზე ყოფნის სამგანზომილებიან გამოცდილებას ქმნის.

 

აღსანიშნავია, რომ ახალი თაობის MacBook Pro-ს ძველ ლეპტოპებში გამოყენებული პორტები დაუბრუნდა: SDXC წამკითხველთან ერთად, ახალ MacBook-ებს USB-C ტიპის სამი პორტი, ყურსასმენის 3.5-მილიმეტრიანი ჯეკი, HDMI-პორტი და MagSafe 3-ტიპის დამტენის პორტი ექნებათ. რაც შეეხება ლეპტოპის ვიზუალურ მხარეს, პირველი განსხვავება, რომელიც არ შეიძლება, თვალში არ მოგვხვდეს, Touch Bar-ის არარსებობაა – ცნობისთვის, ეს ფუნქციონალი Apple-მა ჯერ კიდევ 2016 წელს წარმოადგინა. ასევე განახლდა კლავიატურის ღილაკები – ამიერიდან ისინი მექანიკური იქნება.

წინა თაობის ლეპტოპებთან შედარებით, ახალი თაობის MacBook Pro-ები ვიზუალურად ძალიან განსხვავებულია – დიზაინის ამგვარი ცვლილება მოსალოდნელიც იყო, რადგან ამ პროდუქტის საფუძვლიან განახლებას 2016 წლის შემდეგ არ შევსწრებივართ. რაც უნდა უცნაური იყოს, butterfly კლავიატურა და Touch Bar-ი, რომლებიც უკვე წარსულს ჩაჰბარდა, პირველად სწორედ 2016 წლის განახლებისას გამოჩნდა. საინტერესოა ისიც, რომ Apple-მა 14-დუიმიანი დისპლეი დააბრუნა, რომელიც 2005 წლის iBook G4-ის შემდეგ არ გამოჩენილა.

ახალი თაობის MacBook-ების საწყისი ფასები, ასეთია: 14-დუიმიანი მოდელი $1999 ეღირება, ხოლო 16-დუიმიანი მოდელი – $2499. წინასწარი გაყიდვები ორშაბათს, 25 ოქტომბერს, Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყება.

macOS Monterey

Apple-ის ოპერაციული სისტემა macOS Monterey, რომელმაც ახალი თაობის ლეპტოპები და პროცესორები პროგრამულად უნდა უზრუნველყოს, 25 ოქტომბერს გამოჩნდება. Monterey-ის ბეტა-ვერსია ჯერ კიდევ ივლისში გამოჩნდა, ასე რომ, მის შესახებ, ასე თუ ისე ბევრი რამ – უკვე ცნობილია. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ამ ოპერაციულ სისტემას დაემატება, FaceTime-ის განახლებული ფუნქციონალია, რომლითაც, როგორც ჩანს, Apple-მა Zoom-ის ინდუსტრიაში გადანაცვლება დაიწყო: ამიერიდან, FaceTime-ში საუბრისას, თქვენ უკან არსებული სივრცის გაბუნდოვნებას შეძლებთ, ხოლო სივრცითი აუდიოს გამოყენებით, მოსაუბრის ხმა მის გამოსახულებასთან თანხვდენილი იქნება. მეტიც, ამიერიდან FaceTime-ში შეხვედრების დაგეგმვას და მოსაწვევების გაგზავნასაც შეძლებთ, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც Apple-ის ნაცვლად Windows-ს ან Android-ს იყენებენ. ერთ-ერთი აქტივობა, რომლითაც SharePlay ფუნქციის გამოყენებით, ონლაინშეხვედრისას გაერთობით, ფილმების ერთად ყურებაა – Mac-ის განახლებულ ოპერაციულ სისტემას ეს ფუნქციონალიც ემატება.

კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია, რომელიც Monterey-ს დაემატება – Quick Note-ია, რომლის დახმარებით, სტატიისა თუ წიგნის კითხვისას, რუკების თუ სურათების დათვალიერებისას, კომენტარების დაწერას მარტივად შეძლებთ. ამისთვის, მონიშნულ ტექსტთან მარჯვენა ღილაკს უნდა დააჭიროთ და ინფორმაცია Quick Note-ში დაამატოთ, რომელიც ცალკე ფანჯარაში გაიხსნება, სადაც კომპიუტერი, ციტატის გარდა, ამ ციტატის წყაროსაც მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ განახლებული ოპერაციული სისტემა თავსებადი იქნება 2013 წლიდან გამოშვებულ Mac Pro-სთან; 2014 წლიდან გამოშვებულ Mac Mini-სთან; 2015 წლიდან გამოშვებულ iMac-თან, MacBook Pro-სთან და MacBook Air-თან; 2016 წლიდან გამოშვებულ MacBook-თან; და 2017 წლიდან გამოშვებულ iMac Pro-სთან.

მესამე თაობის AirPods

განახლებული MacBook Pro-ს გარდა, Apple-ის ოქტომბრის ღონისძიების სცენა, ტექნოლოგიური გიგანტის კიდევ ერთ უაღრესად პოპულარულ პროდუქტს, მესამე თაობის AirPods-ს დაეთმო. ვიზუალურად, Apple-ის უახლესი ყურსასმენი მისი წინამორბედი თაობების მოწყობილობებს წააგავს: ის AirPods Pro-სავით მცირეა, მაგრამ ფორმით თავდაპირველ AirPods-ებს უფრო ჰგავს, რადგან რეზინის ცვალებადი თავები, რომლებიც წინა თაობის Airpods-ებს ჰქონდათ, განახლებულ ყურსასმენებს – აღარ აქვს. რეალურად, განახლებული ყურსასმენები ზომით ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე წინა თაობის მოდელები.

აღსანიშნავია, რომ ვიზუალური მხარის გარდა, მესამე თაობის AirPods-ები, მათ წინამორბედებთან შედარებით, ტექნოლოგიურადაც უფრო საინტერესოა. ამიერიდან AirPods-ები წყალგამძლე და ოფლგამძლეა, მათი შიდა ელემენტი კი ექვს საათს ძლებს, ხოლო ჩასადებთან ერთად, საერთო ჯამში, ყურსასმენები ოცდაათ საათს  გემსახურებათ. დამუხტვის დროს კი MagSafe-ის სისტემის გამოყენებას შეძლებთ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Apple-ის მიდგომა ბგერის მიმართ, რომელმაც გამოვლინება  პოვა როგორც ახალი თაობის MacBook Pro-ებში, ასევე ახალი თაობის AirPods-ებში, რომლებიც აღჭურვილია სივრცითი აუდიოს და Dolby Atmos-ის ფუნქციონალით. გარდა ამისა, გაძლიერდა AirPods-ების მიკროფონიც – ამიერიდან, კიდევ უფრო მძლავრი კოდეკის გამოყენებით, ხმის ჩაწერა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში შეიძლება.

მესამე თაობის AirPods-ების წინასწარი გაყიდვა Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დაიწყო – ახალი ყურსასმენები $179 ღირს.

განახლებული HomePod Mini

Apple-ი კონკურენტებს არ ჩამორჩა და საკუთარი წარმოების სახლის ჭკვიანი მოწყობილობა – HomePod Mini განაახლა, რომელიც ამიერიდან თეთრი და შავი ფერების გარდა, ლურჯ, სტაფილოსფერ და ყვითელ ფერებშიც იქნება ხელმისაწვდომი. ცნობისთვის, ფერების განახლება ეხება არა მხოლოდ მოწყობილობას, არამედ მის სრულ კომპლექტს, მათ შორის კაბელს. განახლებული HomePod Mini-ს ყიდვას ნოემბრიდან შეძლებთ, ხოლო მისი ფასი უცვლელია – $99.

აღსანიშნავია, რომ HomePod Mini-ს გამოყენებას Apple Music-ის ახალი სერვისის, Voice-ის გამოწერით შეძლებთ – ცნობისთვის, მუსიკალური აპლიკაციის გამოწერის ეს სერვისიც ახალია, Apple-მა ის ამავე ღონისძიებაზე წარმოადგინა. Apple Music Voice-ი, რომლის მართვას Apple-ის ვირტუალური ასისტენტის, Siri-ს დახმარებით შეძლებთ, წლის ბოლოსკენ გამოჩნდება და თვეში $4.99 ეღირება.

 

Apple-ის პროდუქტების საწმენდი ტილო

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც Apple-მა ოქტომბრის ღონისძიებაზე წარმოადგინა – ბრენდირებული საპრიალებელი ტილოა, რომლითაც, ამიერიდან, მომხმარებლები საკუთარ პროდუქტებს უკეთესად მოუვლიან. აღსანიშნავია, რომ ეს ტილო, რომელზეც Apple-ის ლოგო არის გამოსახული, ცალკე გაიყიდება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, განსხვავდება თუ არა ის ბაზარზე არსებული მიკრობოჭკოვანი სტრუქტურის მქონე ტილოებისგან.

ცნობისთვის, Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც კომპანიის მომხმარებლებმა მათი პროდუქტების წმენდისას უნდა დაიცვან და, როგორც ჩანს, Apple-ის უახლესი ტილო ამ სტანდარტს აკმაყოფილებს. „რბილი, არააბრაზიული მასალისგან შექმნილ ტილოს Apple-ის ნებისმიერი დისპლეის, მათ შორის ნანოტექსტურით შექმნილი შუშის, გაწმენდა უსაფრთხოდ და ეფექტიანად შეუძლია“, – ვკითხულობთ განცხადებაში. Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ის უკვე იყიდება და  $19 ღირს.

საბოლოო ჯამში, Apple-ის წლის რიგით მეორე ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა. სხვა ყველაფერთან ერთად, ერთ წელს ორი ღონისძიების ჩატარებით Apple-მა ერთგვარი პრეცედენტი შექმნა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ სამომავლოდ  ტექნოლოგიური გიგანტი კიდევ უფრო მეტ განახლებულ და სრულიად ახალ პროდუქტს გვპირდება, რომელთა მოქცევა ერთ ღონისძიებაში – უბრალოდ შეუძლებელი იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *