„უცვლელი სულის ახალი სხეული“: როგორ შეიქმნა „სუხიშვილების“ ახალი ვიზუალური იდენტობა

„უცვლელი სულის ახალი სხეული“: როგორ შეიქმნა „სუხიშვილების“ ახალი ვიზუალური იდენტობა

საქართველოს ბანკი – სუხიშვილების მთავარი სპონსორი. 

„სუხიშვილების“ ახალი ბრენდინგი საერთაშორისო დიზაინ-საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ანსამბლის განახლებული ვიზუალური იდენტობა გააზიარეს ბრენდინგის სფეროს ყველაზე პრესტიჟულმა გამოცემა Brand New-მ, UnderConsideration-მა, დიზაინ-პლატფორმა Logos.ai-მ… პროექტზე ქართული სააგენტო Joyboy Creative Studio მუშაობდა.

იმის შესახებ, თუ როგორ განახლდა 80-წლიანი ლეგენდა ისე, რომ ხასიათი შეენარჩუნებინა, JoyBoy-ს შემოქმედებითი გუნდი გვესაუბრება.

ანსამბლი, რომელსაც “15 000 იდენტობა” ჰქონდა

„სუხიშვილების“ ლოგო ათწლეულების განმავლობაში უცვლელი რჩებოდა, თუმცა ანსამბლს სტრუქტურირებული ვიზუალური იდენტობა არასდროს ჰქონია. სააგენტოში ამაზე ნახევრად ხუმრობით ამბობდნენ: ანსამბლის ვიზუალური იდენტობა იმდენჯერ შეიცვალა, რამდენი კონცერტიც ჰქონია. კონცერტი კი „სუხიშვილებს“ 15 000-ზე მეტი ჰქონიათ.

„ამ ხუმრობაში სიმართლის დიდი წილია,“ ამბობენ Joyboy-ში. „ათწლეულების განმავლობაში ანსამბლის კომუნიკაციის მთავარი აქტივი აფიშები იყო. ყველა საგასტროლო ქვეყანაში მათ ადგილობრივი დიზაინერები თავისებურად ქმნიდნენ. ასე მივიღეთ პარადოქსი: ანსამბლს, რომელიც მუდმივ ევოლუციაში სტილის შენარჩუნების ეტალონია, ჰქონდა ბრენდინგი, რომელსაც სტაბილური სტილი არასდროს ჰქონია.“

გუნდის თქმით, ამოცანას ორი მხარე ჰქონდა – ტექნიკური და ემოციური. ტექნიკური მხარე გულისხმობდა კულტურული მემკვიდრეობის ისე განახლებას, რომ ის ნებისმიერ მედიუმში მომუშავე თანმიმდევრულ დიზაინ-სისტემად ქცეულიყო. ემოციური მხარე კი ამ ყველა მედიუმში ანსამბლის მუხტის და სულისკვეთების გადმოცემას ისახავდა მიზნად.

„უსასრულო სცენა“

მუშაობა ხანგრძლივი კვლევით დაიწყო. გუნდმა ინტერვიუები ჩაატარა ანსამბლის ყველა დეპარტამენტთან, შეისწავლა არქივი და გააანალიზა მსგავსი გლობალური პრეცედენტები. თუმცა, კონცეფციის მთავარ შთაგონებად ისევ „სუხიშვილების“ მთავარი მახასიათებელი იქცა:

„მათი შემოქმედება უსასრულოა. ისინი განუწყვეტლივ ქმნიან სიახლეს და არასდროს კარგავენ მუზას და ეპიკურ შთამბეჭდაობას. მათ სცენას საზღვრები არ აქვს,“ ამბობენ სააგენტოში. „ამიტომ ბრენდინგის არქიტექტურას „უსასრულო სცენა“ ვუწოდეთ. ეს არის დინამიკური სისტემა, რომელიც ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში საკუთარ წარმოდგენას დგამს და ამასთან, სტატიკაშიც აგრძელებს ცეკვას.“

ძველი ლოგო თავისთავად ცეკვის ილეთს განასახიერებდა. გუნდის სიტყვებით, ახლა მასთან ერთად მთელი ბრენდი აცეკვდა და ბრენდის ყველა მედიუმი ახალ სცენად იქცა.

ლოგო: ფოტოდან გრაფიკამდე

ლოგოს შენარჩუნება წინასწარ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო, რადგან სწორედ ის აერთიანებს ანსამბლის კომუნიკაციის 80 წელს. მიუხედავად ამისა, გუნდმა ლოგოს ბევრ ალტერნატივაზე იფიქრა. ეს შემოქმედებითი პროცესის ბუნებრივი ნაწილია. პირველ ეტაპზე სრული თავისუფლებით იმუშავეს და რადიკალური კითხვები დასვეს: რა შეიძლებოდა ყოფილიყო სუხიშვილების სრულიად განსხვავებული ლოგო? რაზე აშენდებოდა იდენტობა, ლოგო საერთოდ რომ არ ჰქონოდა? მათივე აღწერით, ამ პროცესით შეძლეს, რომ გაებათ ყველა შესაძლო ემოციური ძაფი „სუხიშვილებსა“ და მათი ვიზუალური იდენტობის ხასიათს შორის, დაკავშირებოდნენ ამ ძაფებს  თვითონაც, და მიღებული უზარმაზარი ენერგია არსებული ლოგოს განახლებისთვის საჭირო უმცირესი ნიუანსების დამუშავებისკენ მიემართათ.

“მხოლოდ ასე შევძლებდით, რომ ყველაზე პატარა, მიკროსკოპულ ფრაგმენტებშიც კი „უამრავი სუხიშვილი“ ჩაგვედო.” – აცხადებენ გუნდში.

ძველ ლოგოზე ფოტოდან აღებული რეალისტური სილუეტი იყო გამოსახული. Joyboy-მ შექმნა მისი გრაფიკული ანალოგი, რომელიც როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე დიზაინ-სტანდარტებს პასუხობს. ფიგურის პლასტიკა ისე დამუშავდა, რომ დასის ენერგიული და გრაციოზული ბუნება ზუსტად გადმოეცა. ამავდროულად, ლოგოს ყველა შეზღუდვა მოეხსნა, რათა ის თანაბრად ეფექტური ყოფილიყო სხვადასხვა ფორმატში, ზომაში, ფერსა თუ ფონზე. „როგორ აცეკვდებოდა ბრენდი ყველგან, თუ თავად ლოგო ვერ იცეკვებდა ყველგან?“  – ამბობენ სააგენტოში.

გუნდი აღნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში მუდმივი, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ილიკო და ნინო სუხიშვილებთან: „დიდ მემკვიდრეობას ვამუშავებდით, მაგრამ ყველა კითხვაზე პასუხსაც სწორედ მის წიაღში ვპოულობდით.“

118 ფაფახი

კითხვაზე, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, გუნდი პასუხობს: ფაფახი.

ფოტორეალისტურ გამოსახულებაში ფაფახი ადვილად იკითხებოდა. გრაფიკულ ვერსიაზე მუშაობისას კი აღმოჩნდა, რომ დიზაინერები ხატავდნენ რაღაცას, რაც მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი არ არის, ადამიანის თავზე მდებარეობს და ძალიან ჰგავს თმას. იდეალური ფორმის ძიებას კვირები დასჭირდა. ფაფახის მხოლოდ 118 ვარიანტი შეიქმნა. ასევე, დაიხატა ხანჯლის 60-70 ვერსია და დაახლოებით იმდენივე – ულვაში.

პროექტის ეროვნული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტომ დეტალებზე რჩევა საქართველოს ვიზუალური კომუნიკაციის წამყვან სპეციალისტებსაც სთხოვა. გუნდი მადლობას უხდის კახა კახაძეს, ნიკოლოზ კუმბარს, გია ბოხუას, სანდრო ლალიაშვილს, ანუკი კონიაშვილსა და ლაშა გიორგაძეს.

ლოგოს მიღმა: ახალი ვიზუალური ენა

პროექტის შედეგად „სუხიშვილებს“ მხოლოდ განახლებული ლოგო კი არა, კომუნიკაციის ახალი, მრავალშრიანი ენა გაუჩნდათ. მისი მთავარი პოსტულატია: „ჩვენ ვცეკვავთ ყველგან, სადაც „სუხიშვილები“ ჩანან.“

სისტემის ყველა ელემენტი ანსამბლის ისტორიიდან და ხელოვნებიდან იზრდება. ტიპოგრაფია სცენის გეომეტრიას იმეორებს. თითოეული ცეკვის სახელი ამ ცეკვის ქორეოგრაფიას მიჰყვება. მოუშენ-დიზაინიც ცეკვების ქორეოგრაფიაზეა აგებული. ახალი ფონტი ისტორიული აფიშების წარწერებიდან არის გამოყვანილი, ფერთა პალიტრა ისტორიული იდენტობიდან მომდინარეობს, ილუსტრაციები კი მოცეკვავეებს სხვადასხვა ილეთის შესრულებისას გამოხატავს.

რას აძლევს ბრენდინგი ისედაც წარმატებულ ანსამბლს?

სააგენტოში აცხადებენ, რომ ერთი შეხედვით რთული აღსაქმელია, რას უნდა მატებდეს განსაკუთრებულს გამართული ბრენდინგი ისედაც ძალიან წარმატებულ ანსამბლს. თუმცა, კითხვაზე საუკეთესო პასუხად Brand New-ს რეცენზენტის, დანიკა მიტჩელის შეფასება მოჰყავთ. მან დაწერა, რომ ბრენდინგის ნახვის შემდეგ მეტის ნახვა მოუნდა. მანამდე მას არც ბალეტთან და არც საქართველოსთან არაფერი აკავშირებდა, ახლა კი „სუხიშვილების“ ამერიკული ტურნეს ბილეთების გაყიდვას ელოდება.

„თუ ბრენდინგი „სუხიშვილების“ საქმეში ნახვის სურვილს ისეთ ადამიანსაც აღუძრავს, რომელსაც მანამდე ამის ინტერესი არ ჰქონია, ესე იგი საქმე გამოგვივიდა,“ – ამბობენ Joyboy-ში.

გუნდის აზრით, ანსამბლისთვის აქამდე მსგავს როლს ასრულებდა ლეგენდარული კოსტიუმები, გავლენა მოდაზე, ეპიკური მუსიკა, თაობებზე გარდამავალი მემკვიდრეობის საოცარი ამბავი და ა.შ. ახლა კი მათ რიგებს ვიზუალური ბრენდინგიც შეუერთდა. ესაა კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა სცენაზე ხვდება და სუხიშვილების მთავარი სცენისკენ იზიდავს, აგრძნობინებს რა მათ ანსამბლის მაგიურ და მაგნიტურ ენერგიას.

ერთი წინადადებით

სააგენტოსთვის ამ პროექტზე მუშაობა უდიდესი პატივი და სიამაყის მომტანი იყო, რამაც ისინი ისტორიის თანამონაწილეებად აქცია. გუნდის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ რთულ პროცესში შეძლეს, მათი ხედვა მუდმივ თანხვედრაში ყოფილიყო  „სუხიშვილების“ ხედვასთან. ამის შედეგია ბრენდინგი, რომელიც ანსამბლის წარსულს, აწმყოსა და მომავალს ასახავს.

კითხვაზე, რა შეიცვალა და რა დარჩა უცვლელი, Joyboy ერთი ფრაზით პასუხობს: „უცვლელი სულის ახალი სხეული.“

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, თვალი ვადევნოთ სუხიშვილების წარმატებას მსოფლიო სცენაზე და ველოდოთ დიად ამბებს.

საქართველოს ბანკი – „სუხიშვილების“ მთავარი სპონსორი

S