უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პოლიტიკა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პოლიტიკა

სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე დაიწყო. მაშინ კანონპროექტი მთავრობის სახელით იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა. უკვე მაშინვე ცხადი იყო, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა თავად სასამართლოსგან არ წამოვიდოდა. თუმცა პარლამენტსა და მთავრობას, როგორც პროცესის ლიდერს შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაკეთდა. ამგვარად იუსტიციის სამინისტრო გახდა ამ რეფორმისთვის ტონის მიმცემი და მთელი მმართველი გუნდის დამოკიდებულების რეპრეზენტატორი.

რეფორმის პირველ ტალღაზე ხელისუფლებამ ევროსაბჭოდან მოსული შენიშვნების მხოლოდ ნაწილი გაიზიარა. უარყოფილ შემოთავაზებებს შორის იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების იმგვარი წესი, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის ჩართულობასა და კონსენსუსზე იქნებოდა ორიენტირებული და არა ძალის დემონსტრირების პოლიტიკაზე; ასევე უარყოფილ იქნა იმ დროს თანამდებობაზე მყოფი საბჭოს რამდენიმე წევრისთვის პოზიციის შენარჩუნების რჩევა (რომელთა მიმართაც მმართველ გუნდს პოლიტიკური პრეტენზიები გააჩნდა).

ამ ეტაპზე რეფორმის მეორე ტალღა მიმდინარეობს. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ისევ მიმართა რჩევისთვის ვენეციის კომისიას, თუმცა მის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ შენიშვნას კვლავ არ იზიარებს. საკითხი შეეხება მოსამართლეთა უვადოდ განწესებამდე მათი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნას, რომელსაც ყველა მხარე, დაწყებული თავად სასამართლოთი, საერთაშორისო ორგანიზაციებით დამთავრებული, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელმყოფ დებულებად აღიარებს. მიუხედავად მთელი რიგი პროგრესული ინიციატივისა, რომლებიც რეფორმის პროცესში გაჩნდა, მაინც ცხადია, რომ შენიშვნების გაუზიარებლობის ნაწილში ხელისუფლების მოქმედებები არ ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდას, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყო ქცეული.

დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ფორმირებაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის როლი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ აქტუალობა შეიძინა ახალი თავმჯდომარის კანდიდატურამ. მთავრობის სახელით, როგორც ჩანს, ამ პროცესში კვლავ იუსტიციის სამინისტრო საუბრობს. მინისტრმა გასული წლის მიწურულს პრეზიდენტს მოუწოდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ახალ კანდიდატურასთან მიმართებით კონსულტაციები არა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოსთან, არამედ მთავრობასთანაც გაემართა. „იმედი მაქვს, რომ მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმოკლეს ვადებში დავსხდებით კონსულტაციების მაგიდასთან და ერთმანეთისთვის მისაღებ კანდიდატურაზე ჩამოვყალიბდებით“, – აღნიშნა მან. მართალია, ეს განცხადება, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის გათვალისწინებით, კითხვებს აჩენდა, მაგრამ თავისთავად პრობლემას არ წარმოშობდა.

კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცედურაში არ მონაწილეობს. არჩევანის გაკეთება წარმომადგენლობითი ორგანოსა და სახელმწიფოს მეთაურის პრივილეგიაა. იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის უზენაესი კანონი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას საკანონმდებლო ხელისუფლებას აკისრებს და მას ერთიან პოლიტიკურ გუნდად მოიაზრებს, გასაკვირია მინისტრის მხრიდან ამგვარი მოთხოვნის დაყენება. ლოგიკურად, არ არის აუცილებელი ორმაგი კონსულტაცია, რადგან საკანონმდებლო ორგანოსთან შეთანხმება მთავრობასთან შეთანხმებასაც ნიშნავს. რა საჭიროა დროისა და ენერგიის კარგვა, ან ფორმალური საუბარი, მმართველ გუნდს შეუძლია შეთანხმდეს ერთიან პოზიციაზე და დეპუტატების მეშვეობით ის ქვეყნის პირველ პირს გააცნოს.

თუმცა იანვრის შუა რიცხვებში მინისტრმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა: „ჩემს თვალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს მართლმსაჯულების რეფორმაში“. ამ განცხადებამ გარკვეულწილად ნათელი მოჰფინა ადრე გამოთქმულ მოსაზრებას კონსულტაციებში აღმასრულებელი ხელისუფლების ბირთვის პირდაპირი, როგორც ცალკე სუბიექტის, მონაწილეობის შესახებ. შეიძლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან მოითხოვო რეფორმებში ჩართვა, მაგრამ წარმოუდგენელია, მას მოსთხოვო მხარდაჭერა ამ პროცესის მაინცდამაინც იმ ჩარჩოებში წარმართვის, როგორც ეს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოუდგენია. ამით იუსტიციის მინისტრმა, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახით სჭირდება თანაშემწე სასამართლო რეფორმის საკითხებში. მინისტრის სიტყვები კონსულტაციებში მთავრობის მონაწილეობის შესახებ შეგვიძლია ასეც წავიკითხოთ: არა როგორც პრეზიდენტის მიერ მთლიანად მთავრობასთან, როგორც პოლიტიკურ გუნდთან კომუნიკაცია (ინსტიტუციური ლოგიკის თვალსაზრისით ამის აუცილებლობა არ დგას), არამედ როგორც უშუალოდ იუსტიციის მინისტრთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შეთანხმებისკენ მოწოდება. სინამდვილეში აქ საუბარი არ არის პოლიტიკურ შეთანხმებაზე, აქ საუბარი პოლიტიკურ ლოიალობაზეა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობა

უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი, საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 23 თებერვალს აირჩია. ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 10 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ თვის ბოლოს აღნიშნული პოზიცია ვაკანტური გახდება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახალ კანდიდატურას პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს. არსებობს ფორმალური მოთხოვნები, რომლებიც მან უნდა დააკმაყოფილოს:

ასაკი – არ უნდა იყოს 30 წელზე ნაკლები;

• უმაღლესი პროფესიული განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით;

• სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სტაჟი;

• ქმედუნარიანობა;

• სახელმწიფო ენის ცოდნა;

• ნასამართლეობის არქონა;

• არ უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომისთვის მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებული; ასევე განსაზღვრულია შეუთავსებლობები, ანუ სფეროები, სადაც მოსამართლეს საქმიანობის უფლება არა აქვს. ეს არის:

• ნებისმიერი სხვა თანამდებობა;

• ნებისმიერი სხვა ანაზღაურებადი საქმიანობა, გამონაკლისია მხოლოდ პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობა;

• პოლიტიკური პარტიის წევრობა;

• პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ეს სავალდებულოა ყველა მოსამართლისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს, თავმჯდომარის ჩათვლით, არ მოეთხოვებათ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.

თუმცა კანდიდატის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია ის პირობა, რომელსაც კანონი საქართველოს პრეზიდენტს უდგენს: მას მოეთხოვება წარადგინოს ისეთი კანდიდატი, რომლის პროფესიული გამოცდილება უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს შეეფერება.

ეს არის ორიენტირი, რომლის საფუძველზე ქვეყნის პირველი პირი და წარმომადგენლობითი ორგანო საკუთარ გადაწყვეტილებას იღებენ. ცხადია, არ არის განსაზღვრული, როგორ მოწმდება პროფესიული გამოცდილება, ეს შემრჩევი ორგანოების შეფასების საკითხია. ისინი იღებენ ამის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკურ პასუხიმგებლობას განსაზღვრავს. ეს არის დემოკრატიული პროცესის ქვაკუთხედი. ამგვარად, ნებისმიერი მინიშნება აღნიშნულ პროცესში სავალდებულო კრიტერიუმების შემოღების შესახებ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ლოგიკას და ხალხის პოლიტიკურ სუვერენიტეტს უპირისპირდება.

პოლიტიკური პროცესი

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაში აბსოლუტურად თავისუფალია. სამართლებრივი თვალსაზრისით, მას არ ევალება ამ გადაწყვეტილების ვინმესთან შეთახმება, მაგრამ პროცესი თავისი არსით პოლიტიკურია. კონსტიტუციური ლოგიკის შესაბამისად, ეს თანამდებობა უნდა დაიკავოს პირმა, რომლის არჩევაც პრეზიდენტი- პარლამენტის კონსენსუსს დაეფუძნება. გადაწყვეტილების მიღებისას ორივეს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ისე საკანონმდებლო ორგანოს, აბსოლუტური დისკრეცია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი ვერ აიძულებს მეორეს მისთვის მისაღები პოზიციის გაზიარებას და ეს პროცესი ყველა მხარისთვის მისაღები კანდიდატის მოძიებით უნდა დასრულდეს. ეს კი მოითხოვს კონსულტაციებს, პოზიციების შეჯერებას გადაწყვეტილების მიმღებ მხარეებს შორის.

მართალია, შეთანხმება აუცილებელია, მაგრამ ამ პროცესში ყველა მხარეს საკუთარი ინტერესი აქვს. პრეზიდენტსა და მთავრობას, რბილად რომ ვთქვათ, ურთიერთობის საუკეთესო პერიოდი არ უდგას. ეს განსაკუთრებით ცხადი პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ გახდა, რომელიც მან მოსმენების კანონპროექტს დაადო გასული წლის ბოლოს და რომელიც პარლამენტმა დაძლია. ამიტომ მას არ უნდა უნდოდეს ისეთი კანდიდატის წარდგენა, რომელიც უმრავლესობის ინტერესებს გაატარებს. შესაბამისად, პრეზიდენტი ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრას ცდილობს – არასამთავრობოებითა და პროფესიული წრეებით დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული. მას სურს, საკუთარ კანდიდატს ან კანდიდატებს პარლამენტში წარდგენამდე მაქსიმალური ლეგიტიმაცია შეუქმნას. ამგვარად, ფართო კონსულტაციების საფუძველზე შერჩეული კანდიდატის „ჩაგდება“ უმრავლესობისთვის მაღალი პოლიტიკური საფასურის მატარებელი იქნება.

მმართველი გუნდის პოზიცია გასაგებია, ნებისმიერი ხელისუფლების ხედვა დამაბალანსებლის გარეშე ასეთი იქნებოდა: სჭირდება ლოიალური კანდიდატი, რომელიც მინიმუმ სასამართლოს მიმართ არსებულ მათ ხედვებს გაიზიარებს. თუმცა არსებულ პოლიტიკურ კონფიგურაციაში მას გაუჭირდება ასეთი თავმჯდომარის განწესება. მისთვის არც პროცესის გაყინვა და ვაკანსიის თავისუფლად დატოვებაა მისაღები. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზაზა მეიშვილი, 2012 წლამდე არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთ- ერთი ავტორია. სწორედ ის გახდება მოვალეობის შემსრულებელი კანონის მიხედვით იმ პერიოდით, რა დროსაც თავმჯდომარის თანამდებობა თავისუფალი იქნება. ეს კი მმართველი გუნდისთვის მიუღებელია და ამის საპირისპიროდ უმცირესობას აძლევს ხელს.

არსებობს საღი აზრი, რომელსაც კარგია, თუ პარლამენტარების ნაწილი გაიზიარებს, როგორც უმრავლესობის შიგნით, ისე უმრავლესობის გარეთ. ლოგიკურად უნდა არსებობდნენ პოლიტიკური ძალები, რომელთა ინტერესი არა პოლიტიკურად ლოიალური, არამედ პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა იქნებოდა. დიდია ალბათობა, რომ მათ სასამართლო დავები უახლოეს მომავალში დასჭირდეთ (ზოგს უკვე დასჭირდა), ამიტომ თავიდანვე წაგებიან პოზიციაში ყოფნა კომფორტულ მდგომარეობას არ უნდა უქმნიდეთ.

საზოგადოებრივი სექტორის განზრახვაც იგივეა: მათ სურთ კანდიდატი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს.

პრეზიდენტს სხვა გზა არა აქვს გარდა იმისა, რომ კანდიდატად ისეთი პირი დაასახელოს, როგორსაც მას კანონი სთხოვს და რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს შეესაბამება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თამაში თავიდანვე მარცხისთვის იქნება განწირული.

თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს პოლიტიკური პროცესია, ამ პროცესს კი ორი – კულუარული და ღია – მხარე აქვს. აქ უკანასკნელზეა საუბარი, თუმცა როგორ განვითარდება პროცესი პირველის ამუშავების შემთხვევაში, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უზენასი სასამართლოს თავმჯდომარეს, რაც მოცემულ ეტაპზე 76 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში განხორციელდება. უმრავლესობა კრიტიკულ მომენტებში ერთიანი რომ არ არის, ეს წარსულმა არაერთხელ აჩვენა, რაც კიდევ ერთი დამატებითი შანსია იმგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც, სასამართლოს გარდა, ხელისუფლების არც ერთ შტოს არ აწყობს.