მოდური მექუდე: რაიან უაილდი

მოდური მექუდე: რაიან უაილდი

ეს ისეთი მკვდარი ხელოვნებაა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც იცის, როგორ შექმნას ის, სინამდვილეში მკვდარია, – ხუმრობს რაიან უაილდი, ქუდების სახელოსნოს დირექტორი, ნიუ-იორკის ისტორიულ J.J. Hat Center- ში (“ჯეი.ჯეი. ქუდების ცენტრი”), თან კაშკაშა ფორთოხლისფერ ფეტრის ქუდს თავზე ირგებს. – ცოცხალი აღარავინ დარჩა, რომ რამე შევეკითხო”.

მაგრამ, როგორც 34 წლის უაილდი განმარტავს, ამ სამუშაოს მთავარი შარმი სწორედ ამაში მდგომარეობს. მისი ათწლიანი კარიერა ექსპერიმენტებითა და სამუშაოს საზღვრების გაფართოებისკენ სწრაფვით გამოირჩევა. “მიყვარს, როდესაც კლიენტი შემოდის და კითხვა ებადება: ‘რისი გაკეთება შეგიძლიათ?’ – ამბობს ის. – მიყვარს, როდესაც ასე ხდება. მიყვარს საკუთარი თავის რთული ამოცანების წინაშე დაყენება. მიყვარს, როდესაც მეშინია, როდესაც რაიმე შეკვეთა ჩემში შიშს იწვევს”.

მიუხედავად იმისა, რომ უაილდი ყოველთვის ექსტრავაგანტური სტილის გავლენის ქვეშ ექცეოდა (მამამისი, Syracuse-ის უნივერსიტეტის ხატვის მასწავლებელი, ფლორენციაში, ქალიშვილს პორტრეტის დასახატად ოსტატურად გაკეთებულ სამოსში გამოაწყობდა ხოლმე), ეს არ იყო ის პირდაპირი გზა, რომელიც მას ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მექუდის ადგილს მიუჩენდა. თავიდან ის ამერიკული ბალეტის სკოლაში სწავლობდა და New York City Ballet-ში ცეკვაზე ოცნებობდა, სანამ, 15 წლის ასაკში, ისეთი დაზიანება არ მიიღო, რომელმაც მის კარიერას საბოლოოდ წერტილი დაუსვა. ამის შემდეგ, ბალეტის ნაცვლად, მან Syracuse-ის უნივერსიტეტში ფოტოხელოვნების შესწავლას მიჰყო ხელი – ჯერ ფლორენციის კამპუსში, ხოლო მოგვიანებით ლონდონში, სადაც ბედნიერმა შემთხვევამ მოდის განყოფილების უფროსთან, იზაბელ ბლოუსთან – რომელიც დიზაინერების, ფილიპ ტრისისა და ალექსანდერ მაკქუინის მუზა იყო – შეახვედრა. უაილდი სწორედ ბლოუსთან ურთიერთობისას მიხვდა, რომ ყველაზე მეტად მექუდეობით იყო დაინტერესებული. როდესაც ბლოუმ იმ ლონდონელი ქალბატონების გვარები დაუსახელა, რომლებისგანაც მას ამ ხელობის ძირითადი საფუძვლების შესწავლა შეეძლო, უაილდი ანკესს წამოეგო: ხელოვნების, ქანდაკებისა და მოქმედების ერთად შერწყმა მხოლოდ სათანადო ოდენობის არაპრაქტიკულობასთან, ახალგაზრდა ხელოვანისთვის იდეალური კომბინაცია გახლდათ.

“ვგიჟდები ისეთ სამუშაოზე, რომლის კეთებისას ვისვრები, მაგალითად, ძალიან მომწონს მებაღეობა და მსგავსი რამეები, – ამბობს ის. – ამიტომ, როდესაც პირველად დავიწყე ქუდების კერვის გაკვეთილებზე სიარული, ვიგრძენი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ეს იყო მოდა, ეს იყო ხელოვნება და რთული შრომა, – ამას მაშინვე მივხვდი”.

ჰენრი ბენდელისა და პატრისია ფილდისთვის ქუდების შექმნის შემდეგ, 2009 წელს, ბრუკლინში, უაილდმა თავისი საკუთარი სახელოსნო გახსნა, რომელიც კლიენტთა შეკვეთებზე იმუშავებდა. J.J. Hat Center-ში ის სეზონურ კოლექციებს ქმნის, ასევე ქალებისა და მამაკაცებისთვის ქუდებს შეკვეთით კერავს – მის კლიენტთა რიცხვში არიან ელელ ქულ ჯეი, დონალდ ტრამპი და ლედი გაგა – თუმცა თვითონ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს მამაკაცების ქუდების დიზაინერად თვლის. “აქ მამაკაცებს შეუძლიათ მართლა დამშვენდნენ; ისინი ჩემს სახელოსნოში თავს ისე განებივრებულად გრძნობენ, როგორც ვერსად სხვაგან, – აღნიშნავს ის. – მათ ფართო არჩევანის შესაძლებლობა აქვთ და ხშირად მინახავს, რომ მამაკაცები ამ სახელოსნოში ისეთ აქტიურ მყიდველებად იქცევიან, როგორებიც არსად არ არიან ხოლმე”.
მაშინ როდესაც, როგორც წესი, კლიენტის შეკვეთით პროდუქციის დამზადებას ორიდან სამ კვირამდე სჭირდება, უაილდს შეუძლია, ნებისმიერი შეკვეთის შესრულებისას, თვეების განმავლობაში, კლიენტთან ერთად, დიზაინს ჩაუღრმავდეს, მისი თითოეული დეტალის სრულყოფისთვის – ქუდის ფარფლების ზომით დაწყებული, მისი მორთულობის ფერით დამთავრებული. ყველაზე დახვეწილი მატყლის ფეტრისგან, რომლის შოვნაც კი შესაძლებელია, თითოეულ ქუდს უაილდი საკუთარი ხელით ამზადებს: ჯერ თარგის მიხედვით გამოჰყავს, აქანდაკებს, აპრიალებს მას. თუ ასობით ხის ბლოკისგან, რომლებიც მისი სამუშაო სივრცის კედლებს ამშვენებენ, ერთ-ერთისთვის მაინც იდეალური ფორმა ნაპოვნი არ იქნა, უაილდი ამასაც თვითონ შექმნის.
 
მართალია, მისი ბრენდის ცნობილი მომხმარებლები მის პროფესიას ბრწყინვალებას მატებენ, მაგრამ მისი ნამდვილი შთაგონების წყაროს სწორედ ჩვეულებრივი, ყოველდღიური კლიენტები წარმოადგენენ. ზოგიერთი მათგანი შუა ქალაქში განლაგებულ ქუდების სახელოსნოს წლების განმავლობაში სტუმრობს და უაილდის მომსახურებით სარგებლობს. სხვები მის მაღაზიაში შემთხვევით ხვდებიან, როდესაც რაიმე განსაკუთრებული საქონლის ძებნაში, რომელიც სხვაგან ვერსად უპოვიათ, აქ შემოეხეტებიან ხოლმე.

“ადამიანები ჩემთან იმისთვის მოდიან, რომ ჩემთვის მოცემულ შეკვეთაში საკუთარი პიროვნების გამოსახვა სურთ. მე ძალიან მომწონს მწყემსი, რანჩოს გოგონას სტილი, იმიტომ რომ, ალბათ, ეს ჩემს არსთან ახლოს დგას. მე გულდასმით ვმუშაობდი, ვმუშაობდი ხელებით – მე ის გოგონა არ ვარ, ძვირფას სადილზე რომ უნდა დაპატიჟო, – ამბობს ის. – მაგრამ ხანდახან ჩემში არსებული სხვა პიროვნება ამბობს, რომ ოპერაში წასვლა, კოქტეილის ქუდების ტარება სურს. მინდა ხალხმა იცოდეს, რომ მომწონს ელეგანტური, ექსტრავაგანტური, თეატრალური სტილი. ქუდმა შეიძლება სრულიად შეგცვალოს. ჩემი აზრით, ხალხს სწორედ ეს მოსწონს”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *