პროფესიით ფსიქოლოგი, 38 წლის ანა ტიკარაძე ექვსი წლის წინათ “გემრიელი” ამბებით დაუბრუნდა სამშობლოს… 30 წლისამ მან ევროპის ბევრ ქვეყანაში მოასწრო ცხოვრება, სადაც წარჩინებით მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული ანალიზის მიმართულებით. საზღვარგარეთ ცხოვრებისას ანამ ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო: კურირებდა საერთაშორისო გამოცდებს, გაცვლით პროგრამებს, ურთიერთობა ჰქონდა ბევრ საინტერესო ადამიანთან, ასევე გაიარა უამრავი ტრენინგი სხვადასხვა ქვეყანაში.
2012 წელს საქართველოში დაბრუნებულმა, დააფუძნა კომპანია “ადელანტე”, რომელსაც დღესაც წარმატებით მართავს.
სხვათა შორის, “ადელანტე” ესპანური სიტყვაა და წინსვლას ნიშნავს. კომპანიის მიმართულება კი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში კონსულტირება, თანამშრომლების შერჩევა და აუტსორსინგია.
“ადელანტეს” პარალელურად “ნამუს” სახელით საფუძველი ჩაეყარა ჯანსაღი კვების სამზარეულოს, რაც უმს და ვეგანურს გულისხმობს.
მცირედი ისტორიული ექსკურსი: სიტყვა “ვეგანი” ინგლისური Vegetarian-დან მოდის, რომლის თანაავტორადაც ითვლება 1944 წელს დიდ ბრიტანეთში, ლესტერში “ვეგანთა საზოგადოების” დამფუძნებელი, ინგლისელი საზოგადო მოღვაწე დონალდ უოტსონი. ის 96 ასაკში გარდაიცვალა, ხოლო თავისი ცხოვრების 60 წელზე მეტი ვეგანი გახლდათ.
20 წლის განმავლობაში საზღვრებს გარეთ მიღებული განათლებით და სამუშაო გამოცდილებით ანა კარიერულ წინსვლას თბილისში, რამაზ ჩხიკვაძის 9 ნომერში აგრძელებს…
ანა ტიკარაძე “ნამუს” – უმი ვეგანური სამზარეულოს შემქმნელი და შეფია. მისი ცხოვრების აზრად კი ბედნიერების ასამაღლებელი მექანიზმების ძიება იქცა.
“ვთვლი, რომ ჯანსაღი კვება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საფუძველია. ჩემს მისიად მივიჩნევ, ეს ინფორმაცია გავავრცელო და დავარწმუნო გარშემო მყოფები, რომ უმი ბოსტნეული სულაც არ არის მოსაწყენი და რომ შეიძლება ამგვარი საკვებიც იყოს საინტერესო და გემრიელი”.
ჩვენც “ნამუს” გემრიელი ამბებით დავინტერესდით:
“ნამუს” ისტორია მილანიდან იწყება. მისია კი ერთია – საქართველოში აქედან დაიწყოს ჯანსაღი კვების პროპაგანდა და ცოცხალი საკვების შესახებ ცნობადობის ამაღლება. “ნამუს” სამზარეულოში გემრიელი არომატია – ნამცხვრები, რომლებსაც ანა ტიკარაძე ამზადებს, არ შეიცავს შაქარს, ხორბალს, რაფინირებულ ზეთს, სუფრის მარილს – იყენებს მხოლოდ ჰიმალაის ან ზღვის მარილს. პროდუქტი მუშავდება მაქსიმუმ 46 გრადუსზე, ეს კი ის ზღვარია, რომლის ზევით საკვებში ფერმენტები იშლება დაის სასარგებლო თვისებებს კარგავს.
როგორც “ნამუს” ავტორი ამბობს, მის ნამცხვრებში ჯანსაღი პროდუქტი და დიდი სიყვარული დევს.
“ნამუ” რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:
1. ორგანიზმის გამწმენდი წვენები – ხილისა და ბოსტნეულის ცივად დაწურული წვენების პროგრამა.
2. ვახშმის კლუბი – ანას სახლი გარკვეულ დღეებში რესტორნად იქცევა და სტუმრებს მასპინძლობს.
3. ადგილზე მიტანის სერვისი – “ნამუს” პროდუქცია შეგიძლიათ შეუკვეთოთ და ადგილზე მოგიტანენ.
4. დეტოქს-დასვენება – ორგანიზებას უკეთებს გამაჯანსაღებელ გასვლით პროგრამებს წინასწარ გამოცხადებულ დროს.
იმისთვის, რომ “ნამუ” წარმატებულ ბიზნესად იქცეს, ანა ტიკარაძემ საკუთარ განათლებაში 15 000 ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა… “ნამუს”საწყისი კაპიტალი კი 10 000 ამერიკული დოლარი იყო…
“ნამუს” კუთხით, მოთხოვნა უკვე გაჩენილია ბაზარზე, მას დღეს 50-მდე ლოიალური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ყოველკვირეულად უკვეთენ “ნამუს” პროდუქციას. თუმცა უმი, ვეგანური სამზარეულო ჯერჯერობით არ არის მეინსტრიმი, შედარებით ძვირია და ამიტომ მომხმარებელიც ლიმიტირებულია. შესაბამისად, “ნამუ” ჯერ ბაზრის ტესტირების პროცესშია და ემზადება მასშტაბური ბიზნესისთვის.
მომხმარებელს “ნამუს” პროდუქციის დაგემოვნება 50 ლარის ფარგლებში უჯდება.
“ნამუ” აღმოჩენაა, რაც ცვლილებებს შეიტანს ქართულ სამზარეულოში ჯანსაღი, სამარხვო, არაცხოველური კვების მიმართულებით. მინდა “ნამუ” მასშტაბური გახდეს, უფრო მეტ ადამიანთან შევძლო დაკავშირება და სიტყვის მიწვდენა. პირველი, რაც ამ წამოწყების ლოგიკური გაგრძელება იქნება, ეს არის კაფე “ნამუ”, – ამბობს ანა ტიკარაძე.