ვენესუელამ აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში ნავთობის გაყიდვიდან $300 მილიონი მიიღო - დელსი როდრიგესი

ვენესუელამ აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში ნავთობის გაყიდვიდან $300 მილიონი მიიღო - დელსი როდრიგესი

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესის განცხადებით, აშშ-სთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ქვეყანამ ნავთობის გაყიდვიდან $300 მილიონის შემოსავალი მიიღო. საუბარია კარაკასსა და ვაშინგტონს შორის თვის დასაწყისში, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდგომ მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები 50 მილიონ ბარელ ვენესუელურ ნავთობს მიიღებს.

როდრიგესის თქმით, ვენესუელამ აშშ-ის მიერ $500 მილიონის ღირებულების ნავთობის გაყიდვიდან $300 მილიონი უკვე მიიღო. აღნიშნულ თანხას ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ბანკები ვალუტის გაცვლისთვის, ვალუტის ბაზრის სტაბილიზაციასა და მუშაკთა შემოსავლებისა და მსყიდველობითი უნარის დაცვისთვის გამოიყენებენ.

პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანამ ვენესუელიდან 50 მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანა და მათ ნაწილს ღია ბაზარზე ყიდის. თუმცა გადაზიდვების ჩანაწერების თანახმად, ტრამპის მიერ დასახელებული მოცულობა ამ დროისთვის ექსპორტირებული არაა.

Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ ნავთობის გაყიდვიდან მიღებული $300 მილიონის გადანაწილებაზე ოთხ ვენესუელურ ბანკს აცნობა. თანხა კატარში არსებულ ანგარიშებზეა განთავსებული, რაც ბანკებს საშუალებას მისცემს, დოლარი იმ ვენესუელურ კომპანიებს მიჰყიდონ, რომლებსაც უცხოური ვალუტა მასალების შესაძენად სჭირდებათ.

შეგახსენებთ, აშშ-მა ვენესუელური ნავთობის პირველი პარტიის გაყიდვა გასულ კვირაში დაასრულა. საწყის ეტაპზე გაყიდული ვენესუელური ნავთობის ღირებულება $500 მილიონია.