ვინ არის ჯონ ტერნუსი, რომელიც Apple-ის ახალი CEO იქნება?

ვინ არის ჯონ ტერნუსი, რომელიც Apple-ის ახალი CEO იქნება?

ფოტო: Apple

 

20 აპრილს Apple-მა ახალი აღმასრულებელი დირექტორის ვინაობა დაასახელა. კომპანიის განცხადებით, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ტექნოლოგიურ გიგანტს სათავეში ჯონ ტერნუსი ჩაუდგება. იგი CEO-ს პოსტზე ტიმ კუკს შეცვლის, რომელიც თავის მხრივ კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდება.

ჯონ ტერნუსი Apple-ს 2001 წელს შეუერთდა, როდესაც კომპანიის პროდუქტის დიზაინის გუნდში დაიწყო მუშაობა. მისი კარიერული წინსვლა თანმიმდევრული და სტაბილური იყო: 2013 წელს გახდა ჰარდვეარის ინჟინერიის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2021 წლიდან უკვე კომპანიის აღმასრულებელი გუნდის წევრია, როგორც უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ჰარდვეარის ინჟინერიაში. ამ პერიოდში ის უშუალოდ კუკს ექვემდებარებოდა და კომპანიის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობდა.

მომავალი CEO ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა იმ გუნდებში, რომლებიც Apple-ის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტების განვითარებაზე მუშაობდნენ. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და განვითარდა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა iPhone, iPad, Mac, Apple Watch და AirPods. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი Mac-ის კომპიუტერების მიმართულებით. ბოლო წლებში ამ სეგმენტმა ბაზარზე პოზიციები გაამყარა და გაყიდვებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ბოლო პერიოდში ტერნუსის ხელმძღვანელობით Apple-მა iPhone-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება წარადგინა – iPhone Air, რომელიც კომპანიის განცხადებით, 2017 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ცვლილებაა.

საყურადღებოა, რომ ჯონ ტერნუსის CEO-დ დანიშვნა ხდება იმ დროს, როდესაც ტექნოლოგიური ინდუსტრია მნიშვნელოვან გარდაქმნას განიცდის და კომპანიები ხელოვნურ ინტელექტში აქტიურად ინვესტირებენ. კონკურენტები ცდილობენ შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლის ქცევას შეცვლის და სამომხმარებლო ელექტრონიკის ბაზარზე Apple-ის გავლენას შეასუსტებს. სწორედ ამ ფონზე მოუწევს ტერნუსს კომპანიის მართვა და ახალი სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა.

Apple-ში მისვლამდე ტერნუსი Virtual Research Systems-ში მექანიკური ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა. მას მექანიკურ ინჟინერიაში პენსილვანიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული.

აღსანიშნავია, რომ 50 წლის ტერნუსი იმავე ასაკში იკავებს CEO-ს პოზიციას, რა ასაკშიც ტიმ კუკი კომპანიის ხელმძღვანელი გახდა. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2011 წელს, სტივ ჯობსის შემდეგ დაიკავა. რაც შეეხება ახალ CEO-ს, ის ასევე Apple-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება.