ფოტო: Mercedes-Benz
Samsung SDI-სა და Mercedes-Benz-ს შორის მრავალწლიანი შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სამხრეთკორეულმა კომპანიამ გერმანული ავტომწარმოებლისთვის ელექტრომობილების ბატარეების მიწოდების ვალდებულება აიღო. შეთანხმება მოიცავს როგორც კომპაქტური და საშუალო ზომის მოდელებისთვის პროდუქციის მიწოდებას, ისე ახალი თაობის ბატარეების შემუშავებაზე თანამშრომლობას.
Samsung SDI სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც კომპანიებისთვის ბატარეებსა და სხვა ტიპის აღჭურვილობას აწარმოებს. ის საავტომობილო ინდუსტრიაში უკვე თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა BMW, Stellantis-ი, Volvo Group-ი და Jaguar Land Rover-ი.
კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გერმანული ბრენდის მომავალი თაობის ელექტრომობილებისთვის მაღალი ხარისხის ბატარეების მიწოდებას ითვალისწინებს, რაც ევროპაში პრემიუმ-კლასის EV-ების ფასის კლებას შეუწყობს ხელს. ბატარეები ნიკელის, კობალტისა და მანგანუმის (NCM) ნაერთითაა დამზადებული; ნიკელის მაღალი შემცველობა ავტომობილის ენერგოეფექტიანობას ზრდის და ერთი დამუხტვით მეტი მანძილის გავლასაც უზრუნველყოფს.
ოფიციალური განცხადების თანახმად, Samsung SDI-ის ბატარეების გამოყენება იგეგმება კომპაქტურ და საშუალო ზომის ელექტრონულ SUV-ებსა და კუპე-მოდელებში. პარტნიორობა გერმანული ავტომწარმოებლის უფრო ფართომასშტაბიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ახალი თაობის ელექტრომობილების ბაზარზე გასვლას ისახავს მიზნად.















