ვინ არის კოულ ტომას ალენი, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლაში ეჭვმიტანილი?

ვინ არის კოულ ტომას ალენი, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლაში ეჭვმიტანილი?

ფოტო: Social/Handout via REUTERS

აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშმის დროს მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული პირის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი კალიფორნიაში მცხოვრები 31 წლის კოულ ტომას ალენია.

გამოძიების მიხედვით, ალენი კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსის მკვიდრია – სანაპირო ქალაქის, რომელიც ლოს-ანჯელესის მიმდებარე სამხრეთ ყურის რაიონის ნაწილია და სანტა მონიკას ყურეს ესაზღვრება.

მისი სოციალური ქსელებისა და პროფესიული პროფილების მიხედვით, კოულ ტომას ალენმა 2017 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (Caltech) მექანიკური ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 2025 წელს კი მან დომინგეს ჰილზში მდებარე კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

სამუშაო გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში მითითებულია, რომ იგი ნახევარ განაკვეთზე მასწავლებლად მუშაობდა საგამოცდო მომზადების ქსელში C2 Education, პარალელურად კი იყო თვითდასაქმებული ვიდეოთამაშების დეველოპერი. მანამდე ის სამხრეთ პასადენაში მდებარე კომპანია IJK Controls-ში მექანიკის ინჟინრად მუშაობდა, ერთი წლით ადრე კი Caltech-ის მასწავლებლის ასისტენტად.

მას LinkedIn-ის პროფილში საკუთარი თავი აღწერილი აქვს როგორც „მექანიკის ინჟინერი და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტი განათლებით, თამაშების დეველოპერი გამოცდილებით და მასწავლებელი ბუნებით“.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული მონაცემებით, ალენი 2024 წლის დეკემბერში C2 Education-ის მიერ „თვის მასწავლებლად“ დასახელდა. ასევე, პროფილში მითითებულია, რომ მონაწილეობდა Caltech-ის გუნდში, რომელმაც 2016 წელს რობოტიკის კონკურსი მოიგო.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, სროლის დროს ეჭვმიტანილი თოფით იყო შეიარაღებული და ცეცხლი გაუხსნა მათ აგენტს სასტუმრო Washington Hilton-ში, საბანკეტო დარბაზის გარეთ, სადაც ღონისძიება მიმდინარეობდა. ცნობისთვის, ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და კაბინეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ.