ფოტო: tbreak.com
Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-ში მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რაც გლობალურ AI-რბოლაში კონკურენციას კიდევ უფრო გაამწვავებს.
კომპანიის ინფორმაციით, Alphabet-ი Anthropic-ში საწყის ეტაპზე $10 მილიარდის ოდენობის ნაღდ ფულს ჩადებს, დამატებით $30 მილიარდის ინვესტიციას კი ტექნოლოგიური გიგანტი იმ შემთხვევაში განახორციელებს, თუ სტარტაპი განსაზღვრულ ტექნოლოგიურ და კომერციულ მიზნებს მიაღწევს. ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან Anthropic-ი, ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარებაში, ერთდროულად Google-ის პარტნიორიც არის და კონკურენტიც.
შეგახსნებეთ, მანამდე Amazon-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტარტაპში $25 მილიარდამდე თანხის ინვესტირებას გეგმავს. ეს ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მწვავდება AI-სექტორში კონკურენცია.
Anthropic-ის სწრაფი ზრდა დიდწილად მისი AI-მოდელების, განსაკუთრებით Claude-ის წარმატებას უკავშირდება. კოდინგზე ორიენტირებულმა ინსტრუმენტმა, Claude Code-მა, დეველოპერებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
პოპულარობის ზრდამ მოთხოვნა და კომპანიის შემოსავლებიც გაზარდა. კერძოდ, Anthropic-ის წლიურმა შემოსავალმა უკვე გადააჭარბა $30 მილიარდს, მაშინ როდესაც 2025 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი დაახლოებით $9 მილიარდი იყო. 2026 წლის თებერვალში კომპანიამ დაფინანსების რაუნდში $30 მილიარდი მოიზიდა, რის შედეგადაც მისმა შეფასებამ $380 მილიარდს მიაღწია, ხოლო ვენჩურული კაპიტალის ფონდები მას $800 მილიარდამდეც აფასებენ.
მზარდი მოთხოვნის ფონზე, Anthropic-ი აქტიურად ზრდის გამოთვლით რესურსებს. კომპანიამ მრავალწლიანი შეთანხმებები გააფორმა ჩიპების მწარმოებელ Broadcom-თან და ქლაუდ ინფრასტრუქტურის პროვაიდერ CoreWeave-თან, ხოლო წლის ბოლომდე Amazon-ის ჩიპების გამოყენებით თითქმის 1 გიგავატის სიმძლავრის უზრუნველყოფას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასულ წელს აშშ-ში მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად $50-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების გეგმაც გააჟღერა.











