ვინ არის ლიდერი და როგორ შეიცვალა ლიდერშიფი ბოლო ერთ წელიწადში?

ვინ არის ლიდერი და როგორ შეიცვალა ლიდერშიფი ბოლო ერთ წელიწადში?

როგორ შეიცვალა ლიდერების როლი პანდემიის პერიოდში და როგორია ლიდერობა ცვლილებების დროს? – ამ საკითხზე თიბისი კონცეპტმა მარჯანიშვილის 7-ში, Forbes Georgia-სა და Forbes Woman Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, შეხვედრას უმასპინძლა.  სტუმრები Expo Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, რესან ქიქავა და Wizard-ის დამფუძნებელი, ნანა მიქაშავიძე იყვნენ. ღონისძიებას Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე გაუძღვა. სტუმრებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა უნდა იყოს ლიდერის როლი ცვლილებების დროს და ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ლიდერშიფს.

როგორც რესან ქიქავამ აღნიშნა, ლიდერების როლი და მნიშვნელობა პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. „ლიდერი გარკვეულწილად არის ლოკომოტივი და ალბათ ის ადამიანი, ვისაც ყველაზე კარგად შეუძლია, დაინახოს მომავალი. ამ კუთხით პანდემიის პერიოდში უფრო მეტად უნდა გაზრდილიყო მათი როლი და მნიშვნელობა, ვინაიდან ლიდერებს მოუწიათ, არ დაცემულიყვნენ ამ პერიოდში და დანარჩენებისთვისაც ინსპირაცია მიეცათ. ამიტომ ამ კუთხით მათი მნიშვნელობა გაიზარდა“, – აღნიშნა Expo Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

მან ლიდერები ორ ჯგუფად დაყო: ერთი ჯგუფი, რომლისთვისაც მართვა დროის კონტროლია, სამსახურში ვინ რომელ საათზე მოდის, და ასევე ხარჯების შემცირება, და მეორეა – ინსპირატორი ლიდერები, ანუ ისეთი ადამიანები, რომელთა უკანაც მიმდევრები დგანან. „ისინი არიან სწორედ ცვლილებების მომტანი, ამიტომაც ვფიქრობ, რომ კრიზისულ დროს ასეთი ლიდერები შეძლებენ „სამშვიდობოზე გასვლას“, დასძინა რესან ქიქავამ.

მისი თქმით, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ მუშაობა მეორე ტიპის ლიდერებისთვის კიდევ უფრო გაართულა, ვინაიდან დისტანციურად ინსპირაციისა და მოტივაციის მიცემა თანამშრომლებისთვის გაცილებით უფრო დიდი გამოწვევაა.

„ლიდერშიფი ხომ მხოლოდ შეხვედრებზე არ გამოიხატება, ლიდერშიფი იგრძნობა სხვაგანაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეუმცირა კარგ ლიდერებს გარკვეული ინსტრუმენტები. ასეთ ვითარებაში პირველ რიგში ლიდერებმა უნდა ირწმუნონ და დაიჯერონ რაღაცის, რაც ასევე ძალიან რთულია, ვინაიდან ყოველდღიურად ყველაფერი იცვლება და შემდეგ უკვე სხვას დააჯერონ“, – დასძინა მან.

Expo Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ იმ მენეჯერებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რამდენ საათს ატარებდა თანამშრომელი სამსახურში, არაფერი შეცვლილა, მაგრამ იმ მენეჯერებს, რომელთაც სხვა პრიორიტეტები ჰქონდათ, კერძოდ, ისეთი გარემო შეექმნათ თანამშრომლებისთვის,  სადაც ისინი მაქსიმალურად იპოვიდნენ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს კაპიტალიზაციას გაუკეთებდნენ, დისტანციურმა რეჟიმმა მართვა ძალიან გაართულა.

თავის მხრივ, შეხვედრაზე Wizard-ის დამფუძნებელმა, ნანა მიქაშავიძემ აღნიშნა, რომ ე.წ. წინა თაობის ლიდერებთან ურთიერთობა თანამშრომლებისთვის კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა.  „ასეთი ლიდერების მხრიდან სამსახურში, რეალურ რეჟიმში იყო კონტროლი და გასაგებია, მაგრამ ZOOM-ში ადამიანური ურთიერთობის გარეშე კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება“, – აღნიშნა მან.

ნანა მიქაშავიძის თქმითვე, პანდემიამ ისიც გამოიწვია, რომ პირად სივრცესა და სამსახურს შორის ზღვარი შემცირდა, რაც დამატებითი სტრესია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *