ვინ რამდენს გამოყოფს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად? | დაპირებები COP28-ზე

ვინ რამდენს გამოყოფს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად? | დაპირებები COP28-ზე

გაეროს კლიმატის წლევანდელ სამიტზე, COP28-ზე, ქვეყნებმა, ორგანიზაციებმა და კომპანიებმა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად მეტი ფინანსური სახსრების გამოყოფა დააანონსეს. სამიტის მასპინძელმა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ ღონისძიების დაწყებიდან ხუთი დღის განმავლობაში დაახლოებით $83 მილიარდის მობილიზება მოხერხდა. სტატიაში წარმოგიდგენთ ძირითად ფინანსურ დაპირებებს, რომლებიც დამსწრეებმა COP28-ზე გააჟღერეს.

სამიტზე ერთ-ერთი უმსხვილესი დაპირება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გააკეთა, რომელმაც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროექტების დასაფინანსებლად $30-მილიარდიანი ფონდის შექმნა დააანონსა. გარდა ამისა, სახელმწიფო გლობალური სამხრეთისთვის დამატებით $5 მილიარდის გამოყოფას გეგმავს.

მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ მომდევნო წლებში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს. უფრო კონკრეტულად კი, გეგმის მიხედვით, ყოველწლიურად დაფინანსება დაახლოებით $9 მილიარდით უნდა გაიზარდოს.

ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის განვითარების ბანკმა (CAF) პირობა დადო, რომ 2030 წლამდე ყოველწლიურად $2 მილიარდზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს ლათინურ ამერიკაში კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) კი განაცხადა, რომ 2024-2029 წლებში $10 მილიარდს გამოყოფს, რათა ფილიპინებში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული პროექტების განხორციელებას შეუწყოს ხელი.

გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ბანკებმა 1 ტრილიონი დირჰემის, დაახლოებით $270 მილიარდის მწვანე ფინანსების გამოყოფის პირობა დადეს.

საქველმოქმედო დონორები, მათ შორის „ბეზოსის დედამიწის ფონდი“, შეუერთდნენ მსოფლიო ბანკის კერძო საინვესტიციო მიმართულებას, რათა 11 მილიარდი დოლარის მობილიზება შეძლონ. ფინანსური სახსრები განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების პირველ დღეს სამიტის მონაწილეები კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან გამკლავებაში ღარიბი ქვეყნების დახმარებაზე შეთანხმდნენ. ამ მიზნით, ოთხშაბათის მდგომარეობით, ჯამურად $726 მილიონის მობილიზება მოხერხდა. დონორ ქვეყნებს შორის გამოსარჩევია იტალია 100 მილიონი ევროთი და ნიდერლანდები 15 მილიონი ევროთი.

მსოფლიოს უდიდესმა საერთაშორისო ფონდმა, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემსუბუქებაზეა ორიენტირებული, ღონისძიების გახსნის დღეებში $3.5 მილიარდის დაპირება მიიღო, მათ შორის ახალი დაფინანსების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

დანიურმა საინვესტიციო ფირმა Copenhagen Infrastructure Partners-მა კი განაცხადა, რომ განვითარებად და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდასაჭერად შექმნილი ფონდისთვის $3 მილიარდის მოზიდვას აპირებს.

გარდა ამისა, არაბული ენერგიის ფონდმა განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს დეკარბონიზაციის ტექნოლოგიებში.

ამავე მიმართულებით დაპირება გააჟღერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. აშშ-მა Climate Investment Funds-ისთვის (CIF) 568 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემა დააანონსა განვითარებად ეკონომიკებში ნახშირბადის ემისიის შესამცირებლად განკუთვნილი ტექნოლოგიების შემუშავებისთვის.

არაბთა გაერთიანებული საამიროები, 100 მილიონი აშშ დოლარის კონტრიბუციით, მსოფლიო ბანკის მეთანის ახალი სატრასტო ფონდის მხარდამჭერთა შორისაა. ფონდის მიზანი სათბურის გაზების ემისიის შემცირებაა. გარდა ამისა, თითქმის ათეულმა ქველმოქმედმა განაცხადა, რომ ისინი 450 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, რათა ქვეყნებს მეთანთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარონ.

„ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა“ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა პირობა დადეს, რომ სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ფერმერების დასახმარებლად, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებას ცდილობენ, ერთობლივად $200 მილიონს გამოყოფენ.

პარალელურად, ბრაზილიის განვითარების ეროვნულმა ბანკმა 2030 წლისთვის 60,000 კვადრატული კილომეტრის ფართობზე განადგურებული ტყის აღდგენის გეგმა გააჟღერა. როგორც ცნობილია, ამისთვის 205 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციამ კი $777 მილიონის დაფინანსების გამოყოფა დააანონსა, ტროპიკული დაავადებების პრევენციისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, ტემპერატურის მატებასთან ერთად გავრცელდება.

დაბოლოს, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების ახალ ფონდში 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეიტანეს.

ცნობისთვის, გაეროს კლიმატის წლევანდელი სამიტი, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქი დუბაი მასპინძლობს, 30 ნოემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდება.