X-ის მომხმარებელთა რაოდენობა დეკემბერში 10 მილიონით გაიზარდა - კომპანიის CEO

X-ის მომხმარებელთა რაოდენობა დეკემბერში 10 მილიონით გაიზარდა - კომპანიის CEO

X-ის (ყოფილი Twitter-ი) აღმასრულებელი დირექტორის, ლინდა იაკარინოს განცხადებით, დეკემბერში ამერიკული სოციალური მედიაპლატფორის მომხმარებელთა რაოდენობა 10 მილიონით გაიზარდა. მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას X-ი იშვიათად ასაჯაროებს, ამიტომ იაკარინოს განცხადებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

სფეროს ანალიტიკოსებს აინტერესებთ, თუ რატომ გავრცელდა მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია სწორედ ახლა. ინტერესის ობიექტს წარმოადგენს ის გარემოებაც, თუ როგორ პროპორციაშია დეკემბრის მატება საშუალო მონაცემთან. თუმცა აღნიშნულის შესახებ X-ს დამატებითი ინფორმაცია არ გაუჟღერებია.

ცნობისთვის, ივლისში კომპანიის მფლობელის, ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის მიერ გაკეთებული განცხადებით, X-ს ყოველთვიურად 540 მილიონი რეგულარული მომხმარებელი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლოსთვის პლატფორმა რეკლამირების შემოსავალს, დაახლოებით $75 მილიონს დაკარგავს. New York Times-ის ინფორმაციით, მსხვილმა ბრენდებმა, ილონ მასკის განცხადებების გათვალისწინებით, X-ზე სარეკლამო კამპანიების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღებ კომპანიებს შორის Apple-ი, Disney, Warner Bros Discovery, Comcast-ი, Lions Gate Entertainment-ი, Paramount Global-ი და IBM-ი არიან.