ვინ როგორ დაეხმარა ომში მყოფ უკრაინას?

ვინ როგორ დაეხმარა ომში მყოფ უკრაინას?

რუსეთ-უკრაინის ომი უკვე წელიწადზე მეტია, რაც მიმდინარეობს. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, ქვეყანამ ჯამში $230 მილიარდზე მეტის საერთაშორისო დახმარება მიიღო, საიდანაც ყველაზე დიდი – 70%-იანი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე მოდის.

უკრაინის უმსხვილესი დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების შესახებ მონაცემები Ukraine Support Tracker-მა გამოაქვეყნა. მაჩვენებლები მოიცავს უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით. მთავრობების მხრიდან უკრაინისთვის ამ პერიოდში გაწეული მხარდაჭერა მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო და ჰუმანიტარული ტიპის დახმარებას. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი არ მოიაზრებს კერძო შემოწირულებებს, უკრაინის ფარგლებს გარეთ ლტოლვილთა მხარდაჭერას და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეულ დახმარებას.

2023 წლის ივლისის მონაცემებით, ევროკავშირის ინსტიტუტები უკრაინის ყველაზე დიდი დონორები იყვნენ. საერთო ჯამში, მათგან ომში მყოფმა ქვეყანამ $90 მილიარდამდე დახმარება მიიღო, მათ შორის სესხებისა და გრანტების და მისი ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით, სამხედრო დახმარების სახით.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, რომელსაც უკრაინისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერის ყველაზე დიდი წილი უკავია, ევროკავშირმა აქცენტი რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის ფინანსურ დახმარებაზე გააკეთა. 2023-2027 წლებში ბლოკი უკრაინისთვის დამატებით $53 მილიარდამდე ფინანსური დახმარების გაწევას გეგმავს – სესხებისა და გრანტების სახით – მათ შორის უკრაინის აღსადგენად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაც განიხილება.

გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინისთვის დახმარება ევროპის ცალკეულმა სახელმწიფოებმაც დააანონსდეს. მაგალითად, გერმანია უკრაინას 2024-2027 წლებში €10.5 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, ხოლო ნორვეგიის „ნანსენის მხარდაჭერის პროგრამა“ მომდევნო 5 წლის განმავლობაში €6.6 მილიარდს გამოყოფს.

Ukraine Support Tracker-ის მონაცემებით, ახალი მრავალწლიანი დახმარების პაკეტები უკრაინის დონორ ქვეყანათა რეიტინგში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. მათი გათვალისწინებით, უკრაინის უმსხვილესი მხარდამჭერი ნორვეგია გამოდის – უკრაინისთვის გაწეული დახმარება ქვეყნის მშპ-ის 1.7%-ს შეადგენს.

ევროკავშირის შემდეგ უკრაინისთვის უმსხვილესი დონორი ამერიკის შეერთებული შტატებია – $70 მილიარდზე მეტით. თუმცა უკრაინისთვის დახმარების გაწევა ქვეყანაში უკვე პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზიც გახდა, განსაკუთრებით ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების შემდეგ. მაგალითად, გასულ კვირაში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც უმრავლესობას რესპუბლიკელები იკავებენ, ისრაელისთვის $14.3-მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა. თუმცა კანონპროექტი სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს, რადგან ის არ მოიცავდა დახმარებას უკრაინისთვისაც.

უკრაინის უმსხვილესი დონორები: (24.01.2022 – 31.07.2023):

დონორისამხედროჰუმანიტარულიფინანსურიმთლიანი
ევროკავშირის ინსტიტუტები$5.9 მილიარდი$2.2 მილიარდი$81.4 მილიარდი$89.5 მილიარდი
აშშ$44.4 მილიარდი$3.7 მილიარდი$25.1 მილიარდი$73.2 მილიარდი
გერმანია$18.0 მილიარდი$2.6 მილიარდი$1.4 მილიარდი$22.1 მილიარდი
გაერთიანებული სამეფო$7.0 მილიარდი$0.6 მილიარდი$7.0 მილიარდი$14.6 მილიარდი
ნორვეგია$3.9 მილიარდი$0.2 მილიარდი$3.8 მილიარდი$7.9 მილიარდი
იაპონია$0.0 მილიარდი$1.0 მილიარდი$5.8 მილიარდი$6.8 მილიარდი
კანადა$1.8 მილიარდი$0.4 მილიარდი$3.6 მილიარდი$5.8 მილიარდი
პოლონეთი$3.2 მილიარდი$0.4 მილიარდი$0.9 მილიარდი$4.5 მილიარდი
ნიდერლანდები$2.6 მილიარდი$0.6 მილიარდი$1.1 მილიარდი$4.3 მილიარდი
დანია$3.7 მილიარდი$0.3 მილიარდი$0.1 მილიარდი$4.1 მილიარდი
სრულად$90.5 მილიარდი$12.2 მილიარდი$130.1 მილიარდი$232.9 მილიარდი