ვის რას მოუტანს ზამთარი?!

ვის რას მოუტანს ზამთარი?!

ზამ­თა­რიც დად­გა და ყველას თავისებური მოლოდინი აქვს: მაგალითად, სამხედროებს ეჩქარებათ, რომ ტემპერატურა დაეცეს, ნიადაგი გაიყინოს და შეტევაზე გადასვლის შესაძლებლობა დროულად გაჩნდეს. დაუსრულებელი წვიმები ყველას და ყველაფერს აფერხებს. ომის საერთაშორისო ინსტიტუტისა და სხვა ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების შეფასებით, უახლოესი კვირების განმავლობაში, როგორც კი შეწყდება წვიმები და ნიადაგის ზედაპირი ვარგისი გახდება მძიმე ტექნიკის გადაადგილებისთვის, უკრაინა მასშტაბურ შეტევებს განაახლებს. ასევე ფიქრობს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესიც, რომლის აზრით, უკრაინა ზამთარში არ უნდა შეჩერდეს და შეტევები უნდა განაგრძოს, ვინაიდან მას მოწინააღმდეგესთან შედარებით ყველა თვალსაზრისით უპირატესობა აქვს.

ამ დროს, ტემპერატურის მკვეთრი დაცემა და დიდთოვლობა სერიოზული პრობლემაა უკრაინელი ხალხისთვის რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პერმანენტული დაბომბვების გათვალისწინებით. უკრაინელი ენერგეტიკოსები შესაძლებლობათა ზღვარზე მუშაობენ. ექსპერტთა შეფასებებით, რუსეთმა უკრაინას 1.9 მილიარდი ევროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაუზიანა. ამასთან, რუსეთი მუდმივად უქმნის საფრთხეს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს და, რაც მთავარია, დაძაბულობის მთავარ კერად ინარჩუნებს ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს.

საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა ღონეს ხმარობს უკრაინის დასახმარებლად. სპეციალური ჯგუფები ჩადიან და უკრაინელ კოლეგებს ინფრასტრუქტურის აღდგენაში ეხმარებიან; პარტნიორი ქვეყნები უგზავნიან შესაბამის აღჭურვილობას, რომელიც დაბომბვების შედეგად დაზიანდა; საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები მიემგზავრებიან და გრძელვადიანად განთავსდებიან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ატომურ ელექტროსადგურებზე, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელობა განაგრძობს ზეწოლას რუსეთზე, რომ დატოვოს ზაპოროჟიეს აესი და ამით მოიხსნას ატომური კატასტროფის საფრთხე. გარდა ამისა, სრულიად დემოკრატიული თანამეგობრობა დაირაზმა უკრაინის გენერატორებით უზრუნველყოფისთვის. აშშ, სამხრეთი კორეა, საფრანგეთი, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, ლიეტუვა, ნიდერლანდები და კიდევ მრავალი სხვა ქვეყანა, ორგანიზაცია თუ ინდივიდუალურად ცნობილი ადამიანები უკვე აწვდიან უკრაინას გენერატორებს და პარალელურად ეწევიან კამპანიას დამატებითი რაოდენობების მოსაზიდად.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში უმძიმესი ზამთარი იქნება ,,რომლის გადატანაშიც უნდა დავეხმაროთ მას. ჩვენ ვიხდით მაღალ ფასს თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის ფინანსურად, ხოლო უკრაინა იხდის ამ ფასს სისხლით. რუსეთმა ვერ უნდა გაიმარჯვოს და ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ბრძოლაში!“ რა იგულისხმება ამ დახმარებაში? შეიარაღება? აღჭურვილობა? რუსეთზე ზემოქმედება?

ალბათ, ყველაფერი ერთად. უკრაინა მუდმივად ითხოვს დამატებით შეიარაღებას. სხვათა შორის, წვიმების გარდა, უკრაინის წინსვლის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად განახლებული შეიარაღების ნაკლებობა სახელდება. პარტნიორების მიერ მიწოდებული არტილერია და მძიმე ტექნიკა შეკეთებას და ჩანაცვლებას საჭიროებს. ყველაფერ ამას დრო და დამატებითი რესურსები სჭირდება. კარგია, რომ მითურ მსოფლიოს მეორე არმიას ათწლეულების მანძილზე გულდასმით და საოცარი მასშტაბებით „იპყრობდა“ კორუფცია. რომ არა კორუმპირებული გენერლები და მთლიანად რუსეთის კორუმპირებული მართვის სისტემა, დღეს პუტინი ნამდვილად არ იქნებოდა არათუ არტილერიის, არამედ ზამთრის ფორმების ძიებაში.

ეს რაც შეეხება სამხედრო იარაღს. თუმცა რუსეთს აქვს (ჯერ კიდევ!!!) ერთი იარაღი, რომლის იმედადაც განსაკუთრებულად იყო ის ამ ზამთარში. საუბარია ენერგეტიკულ იარაღზე. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ პუტინის მიერ საბედისწეროდ მცდარი გადაწყვეტილების მიღებაში (მხედველობაში მაქვს უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესია) ენერგომატარებლებმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებას წინ უსწრებდა სანქციების მოხსნა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენზე, სრულიად არაადეკვატური ფასები ბუნებრივ აირზე, მზარდი ფასები ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე. პუტინი დარწმუნებული იყო, რომ ევროპის 40%-იანი დამოკიდებულება რუსულ „ენერგონემსზე“ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირობებში მისთვის სასურველ საერთაშორისო ფონს უზრუნველყოფდა. როგორც ირკვევა, ცალკეულ ლიდერებს მართლაც არ სურდათ რუსეთთან დაპირისპირება – ისინი ვარაუდობდნენ, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ სწრაფად დასრულდებოდა და ზეგავლენას არ იქონიებდა ევროპასა და რუსეთს შორის არსებულ კონტრაქტებზე.

მოხდა სრულიად საპირისპირო! სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში გერმანიის ახალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა „ჯვარი დაასვა“ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენს, დასავლურმა ნავთობისა და გაზის მომპოვებელმა გიგანტმა კომპანიებმა გააკეთეს განცხადებები რუსეთში არსებული უმსხვილესი პროექტებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ, აშშ-მ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვეს რუსული ნავთობის შესყიდვაზე, ჩინელმა ტრეიდერებმაც კი თავი შეიკავეს რუსულ ნავთობთან დაკავშირებული გარიგებებისგან, ხოლო რამდენიმე კვირაში დაიწყო საუბარი ნავთობისა და გაზის სექტორში რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ. ცხადია, იმთავითვე ყველასთვის ნათელი იყო, რომ ასე იოლად გაზისა და ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმა და აკრძალვის შემოღება რთული და კომპლექსური საკითხი იქნებოდა. თუმცა ასევე ყველა ხვდებოდა, რომ რუსულ „ენერგონემსზე“ დამოკიდებულებისგან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლებულიყო. პარადოქსულია, მაგრამ ამ საქმეში თავად რუსეთი ყველაზე მეტად ეხმარებოდა დასავლეთს. მან ჯერ ცალკეული ევროპული ქვეყნების „დასჯა“ და გაზის მიწოდების შეწყვეტა დაიწყო; შემდეგ მოულოდნელად მოხდა აფეთქება ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის გაზსადენზე; მუდმივი შეფერხებები და ახალ-ახალი ულტიმატუმები წამოვიდა რუსეთის მხრიდან. ამასობაში, ევროკავშირმა და მისმა ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს ალტერნატიული წყაროების სასწრაფოდ ძებნა და საკმაოდ წარმატებითაც. ცოტა ხნის წინ როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ისე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ამცნეს საზოგადოებას, რომ გაზსაცავის მარაგები შევსებულია 95-97%-ით. რუსული გაზის შესყიდვა თებერვლის თვეში არსებული 40%-დან ოქტომბერში 7-8%-ზე დავიდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბუნებრივი აირის ფასიც 1000 კუბურ მეტრზე 3000 დოლარიდან 1300 დოლარამდე ჩამოვიდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ როგორც გაზის, ისე ნავთობის ფასის კლებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩინეთში გამძვინვარებულმა კოვიდ-19-ის პანდემიამ, რამაც ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპების კლება გამოიწვია. თუმცა არის კიდევ ერთი გარემოებაც – ისევ ამინდი, ისევ ზამთარი. ჯერჯერობით ამაშიც არ უმართლებს რუსეთს. ევროპაში უჩვეულოდ თბილა და პროგნოზებიც დამაიმედებელია, რაც ბუნებრივი აირის მოხმარებაში მნიშვნელოვანი ეკონომიის საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება ნავთობს, აქ უფრო საინტერესოდ არის საქმე. ფასების ვარდნა ნავთობის მიმართულებითაც აშკარაა, მაგრამ რუსეთს დამატებით აქვს სერიოზული შეზღუდვა – „ურალსის” ტიპის რუსული ნავთობისთვის დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმებულები არიან, რომ შემოიღებენ ფასის ზედა ზღვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 5 დეკემბრიდან ევროკავშირის მასშტაბით აიკრძალება რუსული ნავთობის დაზღვევა და დაფინანსება. პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ახლა მოლაპარაკებები უშუალოდ ფასზე მიმდინარეობს. ევროპელების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს 65-70 დოლარი ბარელ ნავთობზე, ხოლო პოლონელები და ბალტიის ქვეყნები ითხოვენ, რომ ფასმა შეადგინოს არაუმეტეს 30 დოლარისა. ასე ფიქრობს და ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკიც. ჩემი მოკრძალებული აზრით, სავსებით სამართლიანია 30-დოლარიანი ნიშნული, ვინაიდან რუსეთი ახლაც ვაჭრობს 62-65 დოლარის ფარგლებში და 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვს 70 დოლარი. ასეთი ფასის შეთანხმების შემთხვევაში რუსეთს განსაკუთრებული ზარალი არ მიადგება და ის წყნარად განაგრძობს ომის დაფინანსებას ნავთობისა და გაზის რეალიზებიდან შემოსული დოლარებით. საგულისხმოა, რომ ვლადიმირ პუტინი აქაც იმუქრება – ვინც ფასის ზედა ზღვრის დაწესებაში მიიღებს მონაწილეობას, სპეციალური განკარგულებით იმ ქვეყნებს რუსულ ნავთობს აღარ მივყიდითო! რაც მოგივა დავითაო… ისევ პუტინი თუ გაათავისუფლებს ევროპას რუსული ნავთობისგან. სხვათა შორის, ის არც ისე შორსაა საბოლოო მიზნის „მიღწევისაგან“ – ევროპაში ნაცვლად დღეში 1.2 მილიონი ბარელი ნავთობისა, ამჟამად 95 ათასი ბარელი ნავთობი იყიდება.

ასე რომ, ზამთარი სუსხიანი, მაგრამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.