Kings International - პლატფორმა, რომელიც მასწავლებლებს ონლაინ ოლიმპიადების ჩატარებაში ეხმარება

Kings International - პლატფორმა, რომელიც მასწავლებლებს ონლაინ ოლიმპიადების ჩატარებაში ეხმარება

ირაკლი ვეკუამ და ირაკლი ჯინჯიხაძემ პანდემიის პერიოდში გადაწყვიტეს, მასწავლებლებისთვის შეექმნათ პლატფორმა „Kings“, რომელიც მათ ონლაინ ოლიმპიადების ჩატარებაში დაეხმარებოდა. სწორედ ამ იდეით ისინი ცოტა ხნის წინ 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდნენ.

როგორ ეხმარება რეალურად ეს პლატფორმა მასწავლებლებს და რა გზა გაიარა „Kings-მა“ დაფუძნებიდან დღემდე? ამ თემებზე ირაკლი ჯინჯიხაძე გვესაუბრა:

ვინ არიან „Kings-ის“ დამფუძნებლები? მოგვიყევით ამ სფეროში თქვენი გამოცდილების შესახებ.

„Kings-ის“ დამფუძნებლები ვართ მე – ირაკლი ჯინჯიხაძე და ირაკლი ვეკუა.

2014 წლიდან 2016 წლამდე ვიყავი „კინგსი საქართველოს“ დირექტორი, შესაბამისად, პირდაპირი შეხება მქონდა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. 2016 წლიდან კი ვხელმძღვანელობდი „კინგსის“ ექსპანსიას ევროკავშირის ქვეყნებში. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომლებიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყანაში აქვთ.

მოკლედ გვიამბეთ, საიდან გაჩნდა თქვენი სტარტაპის შექმნის იდეა?

როცა COVID-19-ის პანდემია დაიწყო, ბუნებრივია, მაქსიმალურად შეიზღუდა მასწავლებლებისა და მოსწავლეების ფიზიკური კონტაქტი, თვეების განმავლობაში სკოლები დაიხურა და გადავიდა ონლაინ სწავლებაზე.

შედეგად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მასწავლებლები იძულებულები იყვნენ, გამოეყენებინათ სხვადასხვა ონლაინ ხელსაწყო, რათა სწავლების პროცესი არ შეჩერებულიყო. შესაბამისად, მათი დამოკიდებულება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმასთან დაკავშირებით რადიკალურად შეიცვალა. სწორედ ამ დროს გადავწყვიტეთ, მასწავლებლებისთვის შეგვეთავაზებინა პლატფორმა, რომელიც მათ ონლაინ ოლიმპიადების ჩატარებაში დაეხმარებოდა.

დეტალურად გვიამბეთ, რას სთავაზობსKings-ის“ პლატფორმა მომხმარებლებს და რა პრობლემას წყვეტს ის?

ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლებს გაანალიზებული აქვთ, თუ რა ბენეფიტები მოაქვს მოსწავლეებისთვის ოლიმპიადებში მონაწილეობას. ისინი ყოველწლიურად აორგანიზებენ მსგავს შეჯიბრებებს თავიანთ სკოლებში, რაც საკმაოდ შრომატევადია და მათი მხრიდან დიდ დროით რესურსს მოითხოვს.

ჩვენი პლატფორმის საშუალებით კი, პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა, ოლიმპიადა  პროცესებში უშუალო მონაწილეობის გარეშე დააორგანიზონ. ერთადერთი, რაც მათი მხრიდანაა საჭირო, პლატფორმაზე საკუთარი პროფილის შექმნა და ჩვენ მიერ წინასწარ გამოცხადებულ ოლიმპიადებზე მოსწავლეთა რეგისტრაციაა. სხვა დანარჩენი პროცესი, იქნება ეს ტესტირება, ნაშრომების გასწორება, შედეგების გამოქვეყნება თუ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური უკუკავშირის დაბრუნება – ავტომატიზებულია.

როდის დაიწყეთ სტარტაპზე მუშაობა?

პროდუქტზე მუშაობა  2020 წელს, პანდემიის დადგომისთანავე დავიწყეთ და მოვახერხეთ, რომ ამავე წლის შემოდგომაზე პლატფორმა ლიეტუვის ბაზარზე ჩაგვეშვა.

რა სირთულეები გხვდებოდათ სტარტაპის განვითარებასთან ერთად?

ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, გუნდის სწორი წევრების შერჩევის პროცესი იყო. თუმცა, ლიეტუვაში ოპერირება სწორედ ამ სირთულის თავიდან არიდების მიზნით დავიწყეთ: წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, გამოვიყენეთ ის კონტაქტები, რომელიც ამ ქვეყანაში გვქონდა.

რა ეტაპზეა სტარტაპი ამჟამად?

ამჟამად ჩვენი სტარტაპი ორ ბაზარზე ოპერირებს (ლიეტუვა და ბულგარეთი). ხოლო, ჩვენ მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებში ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

რატომ გაგიჩნდათ სურვილი, მონაწილეობა მიგეღოთ 500Georgia- აქსელერაციის პროგრამაში?

უკვე 2 წელია, რაც ლიეტუვის, 2022 წლიდან კი – ბულგარეთის ბაზარზე ვოპერირებთ. ვფიქრობთ, რომ Product Market Fit ნაპოვნი გვაქვს. შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის კი 500Georgia სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა ვიყოთ.

როგორი მოლოდინები გაქვთ პროგრამასთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, განსაკუთრებით კი fundraising-თან დაკავშირებით.

როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობას აძლევს 500Georgia სტარტაპებს და რატომაა მნიშვნელოვანი მათთვის ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

ჩემი აზრით, ხშირად სტარტაპები, ინტენსიური სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, საკმარის ყურადღებას არ უთმობენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეულ გააზრებას, როგორებიცაა: Value proposition, ვინ არის პროდუქტის რეალური მომხმარებელი, ბიზნესმოდელი და ა.შ. აქსელერატორები კი, ხშირ შემთხვევაში, ასეთ საკითხებზე სტარტაპებთან ერთად ფოკუსირებულად მუშაობენ.

დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მომდევნო წლების განმავლობაში ვგეგმავთ სხვა, უფრო დიდი ქვეყნების ბაზრებზე შესვლას და ჩვენი სტარტაპის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *